სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან

სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან

სოფო ნიჟარაძისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სამშობლოში აგვისტოს ომის შემდეგ ლამის გმირად დაბრუნდა. მაშინ ნიჟარაძემ ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერაზე უარი განაცხადა და სამშობლოში ჩამოვიდა. არაფრით გამორჩეული მომღერალი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თავდაპირველად დედასთან ერთად ჩნდებოდა და სწორედ დედა განსაზღვრავდა სოფოს იმიჯსა და მომავალ კარიერას.

მალე სოფო საზოგადოებას პრეზიდენტის რჩეულ და ფავორიტ მომღერლად მოევლინა. მღეროდა ყველა სამთავრობო ღონისძიებაზე და პრესასა და ტელევიზიაში მისი ინტერვიუებიც გამოჩნდა.
თავიდან სოფო ყველას პრეზიდენტის მორიგი გატაცება ეგონა და როგორც სხვა ქალბატონების შემთხვევაში მოხდა, მასაც მალე უწინასწარმეტყველებდნენ სარფიანად გათხოვებას. ამბობდნენ, რომ რომელიმე მაშინდელ მინისტრზე თუ არა, მილიონერზე მაინც უნდა გათხოვილიყო. თითქოს ამის წინაპირობაც გაჩნდა, 2009 წელს უკვე პრეზიდენტის კარზე მიღებულმა ნიჟარაძემ თბილისში ჩამოსული ამერიკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პატივსაცემად გამართულ საღამოზე იმღერა. ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა 23 წლის მომღერალმა მაშინ სტუმრისგან კომპლიმენტიც დაიმსახურა. ბაიდენმა უთხრა, თქვენს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს მოეწონეთო. გილაური-ნიჟარაძის ქორწინება არ შედგა და არც შედგებოდა, რადგან მთელი საქართველო უკვე პრეზიდენტისა და ნიჟარაძის რომანზე ლაპარაკობდა.

ამ თემაზე ბევრჯერ დაიწერა და ჭორ-მართალი ხშირად ირეოდა ერთმანეთში, რადგან პრეზიდენტის სიმპათიისა და შესაბამისი გავლენის მოპოვების შემდეგ ნიჟარაძემ ყველა სახის პრესას ბოიკოტი გამოუცხადა და ინტერვიუებზე აღარ თანხმდებოდა. სოფოს საჯაროდ არასოდეს უღიარებია პრეზიდენტის სიყვარული, მაგრამ, როგორც ამბობენ, უახლოეს მეგობრებთან ამაზე, კმაყოფილი და ამაყი, თავისუფლად ლაპარაკობს.

მართალია, ნიჟარაძე პრესას არ სწყალობს, მაგრამ წყარო, რომელმაც "რეიტინგს" მისი და პრეზიდენტის "ლავ სთორის" ამბები გაანდო, მართლაც კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა.
"მას შემდეგ, რაც რუსეთიდან დაბრუნდა, სოფომ საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე შეიძინა და თამამად ალაპარაკდა ყველასთვის საინტერესო დეტალებზე. მისმა გამოუცდელობამ თუ მიზანმიმართულმა ქმედებამ შედეგი გამოიღო და პრეზიდენტთან მისი ურთიერთობის დეტალები მალე ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი", - გვიყვება წყარო.

თურმე პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა მალე აუვარდა თავში მომღერალს და "ნიჭიერის" ჟიურიში ყოფნისას, ჯერ კიდევ პრეკასტინგის გადაღებებისას, ოპერატორებს მიუთითებდა, როგორ უნდა გადაეღოთ, რომ ლამაზი გამოჩენილიყო, თორემ ყველას გაათავისუფლებდნენ, რადგან გადაცემებს სოფო თურმე მიშასთან ერთად უყურებდა... ამბობენ, რომ პრეზიდენტის სახელით მოქმედება სოფოს ჩვევად ექცა და გარშემო მყოფებს ხშირად უწევდათ მასთან მოზომილად საუბარი, რადგან შეიძლებოდა, რომელიმე ხუმრობა სხვანაირად გაეგო და შემდეგ პრეზიდენტისთვის მესიჯად მიეწერა.

ჩვენი წყარო აღშფოთებული გვიყვებოდა: "ნეტავ ვინ მისცა მას უფლება, პრეზიდენტთან ერთად გატარებულ დეტალებზე საჯაროდ ესაუბრა და ამით ქვეყნის იმიჯი შეელახა". როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გაგვიმხილა, ის პირადად შეესწრო სოფოს საუბარს ანდრეა ბოჩელის კონცერტთან დაკავშირებით, რასაც მომღერალი სიამოვნებით ჰყვებოდა. თურმე მიხეილ სააკაშვილი ბათუმის "შერატონის" ერთ-ერთ ნომერში, სადაც ბოჩელი ცხოვრობდა, სოფოს მოთხოვნით შესულა, რათა მოესმინა რეპეტიცია, რომელსაც მომღერალი ბოჩელისთან ერთად გადიოდა... "ვუთხარი, მოდი, და მომისმინე, მერე რომ არ მოგეწონოს, შენი თავი არ მაქვს-მეთქი", - ამბობდა თურმე მომღერალი. სოფოს მეგობრებისთვის ბათუმში კრის დე ბურგის სტუმრობის ისტორიის საიდუმლო დეტალებიც გაუმხელია. სააკაშვილს მომღერალი მხოლოდ იმიტომ ჩამოუყვანია, რომ ახალგაზრდობიდან უყვარდა და სურდა, მომღერლის ყველაზე ცნობილი ჰიტი "ლედი
ინ რედ" წითელ კაბაში სოფოს მასთან ერთად ემღერა. კონცერტის შემდეგ კი 100-ათასდოლარიანი ყელსაბამი უჩუქებია, რომელსაც სოფო ხშირად იკეთებს...

მეორე ისტორია, რომელიც ჩვენმა წყარომ გაგვანდო, ფილმს "სიყვარული აქცენტით" ეხება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ფილმი კინოსტუდიის ყოფილი დირექტორის არჩილ გელოვანის პატრონაჟით გადაიღეს. ელიტურ წრეებში კარგად ცნობილი არჩილ გელოვანი დაახლოებით სამი წლის წინ იშვიათი წიგნების უკანონო გზით მოპოვებისა და რეალიზების ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც სოფო მოგვიანებით ჰყვებოდა, მიშამ გელოვანი თურმე მხოლოდ იმიტომ გამოუშვა, რომ სოფოს მონაწილეობით ფილმი ჰქონდა გადასაღები. ეს გადაწყვეტილება კი სწორედ კრის დე ბურგის კონცერტის დროს მიუღიათ. მიშას დავალება მიუცია გელოვანისთვის, გადაეღო ფილმი სოფოს მონაწილეობით.

"ფილმში მთავარი როლი მე უნდა შემესრულებინა, მაგრამ ისე გააკეთეს, რომ მთავარი პერსონაჟი არ გამოკვეთეს და ერთ-ერთი რიგითი როლი მომცეს", - ამბობდა თურმე მოგვიანებით დანანებით სოფო. "თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ, მიშა აღფრთოვანდა ჩემი თამაშით. ფილმი რომ გამოვიდა, მე, მიშამ და ნიკა რურუამ ერთად ვუყურეთ მიშასთან და იქ შემპირდა, რომ კიდევ ბევრ ფილმს გადაიღებდა, სადაც მხოლოდ მე ვიქნებოდი მთავარი როლის შემსრულებელი. ვისაც ხელს დავადებ, იმას ჩამომიყვანს და დუეტს შევასრულებ", - იმედიანად აცხადებდა თურმე მომღერალი.

ჩვენი წყარო, რომელიც საკმაოდ ახლოსაა ქართული ბომონდის იმ ნაწილთან, სადაც კანონებს სოფო ქმნის, სხვა დეტალებსაც გვიმხელს: "სამეგობრო წრე მიჩვეულია სოფოს ქცევებს. ერთი ჭიქა სასმლის შემდეგ მუზა ეხსნება და ინტიმური დეტალების გამხელაც იწყება... ხანდახან ისეთი აჟიტირებულია, სმს-ებს ხმამაღლა კითხულობს და გულიანად კისკისებს... მერე თავისი და პრეზიდენტის მიმოწერის დემონსტრირებას ახდენს, ტელეფონი ხელიდან ხელში გადადის... ხშირად შემინიშნავს ჩემი მეგობრების გაოცებული სახეები სმს-ების წაკითხვის შემდეგ", - იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

როგორც ამბობენ, პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებში რომ თან ხლებოდა, ამისათვის სოფო საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმალურად გააფორმეს, რის შემდეგაც, უფრო მეტი შანსი მიეცა, რომ თავი საბოლოოდ დაემკვიდრებინა და პრეზიდენტის ნებიერას ქვეყნის პირველი პირის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი საჩუქრებით თავი მოეწონებინა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ყოფილა მაჯის ლურჯი საათი, რომელზეც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოგვიანებით სოფო ჰყვებოდა: "ეს მაშინ გამომიგზავნა, ავად რომ ვიყავი, 40 გრადუსი მქონდა სიცხე და მაინც ვიჯექი "ნიჭიერის" ჟიურიში. სახეზე შემატყო და მომწერა, რა გჭირსო. რომ ვუთხარი, გასამხიარულებლად გამომიგზავნა". გავრცელებული ხმების თანახმად, ეს საათი უძვირფასესია.

მანქანა კი, რომლითაც სოფო თბილისის ქუჩებში დაქრის, საკმაოდ რომანტიკულად უჩუქებია პრეზიდენტს. "მიშამ მითხრა, წადი "მერსედესის" ცენტრში და რომელ მანქანაზეც გინდა, დაჯექი და წამოდიო. მეც ასე მოვიქეცი და უნდა გენახათ, როგორი გაოცებული სახეებით მიყურებდნენ. იმდენი ვიცინე, ლამის ახალი მანქანა დავლეწე", - ჰყვებოდა მოგვიანებით მეგობრებში.

უფრო მეტიც, სოფოს მანქანის ნომერი სპეციალურ კონტროლზე ყოფილა აყვანილი და არც ერთი პატრული არ აჩერებს, რაც უნდა დაარღვიოს.

არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ ყველას ეგონა, რომ მთავრობასთან დაახლოებული ქართული ბომონდის ნაწილი ცხოვრების ძველებურ სტილს დაივიწყებდა და პრეზიდენტის რჩეულის მხრიდან განებივრებული ნაცნობ-მეგობრები სოფოსთან ერთად ცოტა ხანს მაინც გაჩერდებოდნენ. მაგრამ, როგორც ამბობენ, სოფო ძველებურად აგრძელებს პრეზიდენტის სახელის გამოყენებას და როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, თამარაშვილის ქუჩაზე, სოფოს პირადი სტილისტის მიშა გასიტაშვილის სალონის ქვევით მდებარე რესტორანს პრეზიდენტთან ერთად არაერთხელ სტუმრობდა, იმის დასამტკიცებლად, რომ კვლავ ერთად არიან და ისევ უნდა "ეშინოდეთ" სოფოსი... ბოლო დროს სოფო თურმე ხშირად ლაპარაკობს ახალ ბინაზე, რომელიც პრეზიდენტმა უყიდა, მაგრამ მოუცლელობის გამო ქვეყნის პირველმა პირმა სოფოს ამ ბინაში მონახულება ჯერ ვერ მოახერხა.

ყველას კარგად გვახსოვს სოფო ნიჟარაძის "ევროვიზიის" კონკურსზე გამგზავრებაც. მართალია, პირველ სამეულში ვერ მოხვდა, მაგრამ მასზე დახარჯული მილიონების წყალობით, ანრი ჯოხაძისგან განსხვავებით, ფინალშიც გადავიდა და ათეულშიც შევიდა. ეს მძიმე ტვირთი პრეზიდენტს პირადად მილიონერ კობა ნაყოფიასთვის დაუკისრებია. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიმხელს, ნაყოფიას პრეზიდენტის რჩეულის პატივისცემა მილიონობით ევრო დაუჯდა. ოსლოში მყოფი სოფო ნიჟარაძე თურმე განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა და დაცვით დადიოდა. "მიშამ ნიკა რურუას დაურეკა და უთხრა, ოსლოში წადი, სოფოს ჩააკითხე, მიხედე, რომ რეიტინგი უფრო აეწიოსო".

როგორც ჩანს, სოფოს მიუზიკლების სიყვარული ჯერ კიდევ რუსეთიდან გამოჰყვა, რადგან "ვერის უბნის მელოდიები" სწორედ მისი იდეა ყოფილა. საქმეში თავისი მეგობარი, "რომეო და ჯულიეტას" რეჟისორი რედა ბენტიფორი ჩართო და კასტინგსაც თავად გაუძღვა. რეჟისორის ასისტენტიც სოფო იყო და ფინანსური მენეჯერიც... თურმე ხშირად აწიოკებდა მონაწილეებს, "აბა, ჩქარა დალაგდით, მიშა მოდის რეპეტიციაზე და მხოლოდ ჩემი მონოლოგები უნდა გავიაროთ, მას მარტო ეს აინტერესებს", - გვიყვება ჩვენი წყარო.

როგორც ამბობენ, სოფოს ისტერიკა, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანზე უარყოფითად აისახა. ყველა, ვინც პრეზიდენტის ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა, საშინელი ხრიკებითა და ტყუილებით ჩამოაშორა...

რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგში" სოფო ნიჟარაძის დაბადების დღეზე მოწყობილ სიურპრიზზე ვწერდით. ვარდების თაიგული მომღერალს ქვეყნის პირველმა პირმა პატრულის ხელით გადასცა, სოფომ კი ამ საჩუქრის ამსახველი ფოტო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. როგორც გავიგეთ, 6 თებერვალს, სოფოს დაბადების დღეზე, კახეთში, ყვარლის ტბაზე რესტორანი სპეციალურად სოფოსთვის დაუკეტავთ და უამრავი სტუმარი მიუწვევიათ. სოფომ თურმე რამდენჯერმე დააწიოკა იქ მყოფები, "მიშა მოდისო" და ბოლოს ყველას წაუკითხა სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი მესიჯი - "ვეღარ მოვდივარ, მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მოგვიანებით აღვნიშნოთ"...

ბოლოს კი ყველაზე მთავარი: ქალაქში ხშირად ჭორაობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ნიჟარაძის ცოლად მოყვანას აპირებდა, მისი და სანდრა რულოვსის სასიყვარულო იდილია კი მხოლოდ ფარსია. ამ ჭორს ჩვენი წყაროც გვიდასტურებს: "სოფო ამბობს, ძალიან მიხარია, რომ მაგ პასუხისმგებლობას მოიშორებს, საბოლოოდ დაგვილაგდება ურთიერთობა..."

ფაქტია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და პრეზიდენტისა და მომღერალი ქალბატონის ურთიერთობა დიდი ხანია გასცდა ქართული პრესის ინტერესს. სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე თვეში ეწურება. მართალია, ქართველები მალე ივიწყებენ პოლიტიკოსებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ბევრი მიადევნებს აქტიურად თვალს იმას, თუ როგორ განვითარდება პრეზიდენტისა და მომღერლის სიყვარულის ამბავი.