საკადრო წმენდა თვითმმართველობის ორგანოებში

საკადრო წმენდა თვითმმართველობის ორგანოებში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებში 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა. სამსახურიდან წასვლის მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში, პირადი განცხადებაა. ყოფილი საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი ერიდება იმის აღიარებას, რომ სინამდვილეში სამსახურის დატოვება მათ ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, პირად საუბრებში კი ყველა ადასტურებს, რომ მათ გათავისუფლებას წინ გამგებლებთან თათბირი უძღოდა. ”სამართლიანი არჩევნები” ხელისუფლებას ამ ფაქტების შესწავლის რეკომენდაციას აძლევს.

თვითმმართველობებში მიმდინარე ცვლილებებს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდიდან აკვირდება და ამ დროისათვის ორი სპეციალური ანგარიშიც გამოსცა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აცხადებს, ადამიანების დათხოვნა სამსახურებიდან დღემდე გრძელდება. თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა. მასობრივად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები. 34 მუნიციპალიტეტში სულ 418 რწმუნებული დაითხოვეს. ეს პროცესი 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო - შეიცვალნენ საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები. ყველაზე მასობრივად კი საჯარო მოხელეები ახმეტაში გაათავისუფლეს - იქ ცვლილებებს 205 თანამშრომელი შეეწირა.

"სამართლიან არჩევნებში” ასევე აცხადებენ, რომ კასპის ბაგა-ბაღებში "ქართული ოცნების" წევრები ნახევარ განაკვეთზე დაინიშნენ, იქ დასაქმებულ თანამშრომლებს კი ხელფასი გაუნახევრდათ. გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ ”განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა”. სწორედ ეს ფაქტორი აფიქრებინებს ნინო ლომჯარიას და მის ორგანიზაციას, რომ თვითმმართველობებში არ მიდის ჯანსაღი პროცესი:

”ადამიანები სამსახურს ტოვებენ საკუთარი განცხადების საფუძველზე, მაგრამ ამას, როგორც წესი, უძღვის წინ ის, რომ მათ გამგებლები იბარებენ, იმართება თათბირი და ამ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ უბიძგებენ. ვაკვირდებით იმასაც, რომ ერთსა და იმავე დღეს, შესაძლოა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაწეროს გადადგომის შესახებ განცხადება, რაც არაბუნებრივია და ჩნდება კითხვა, რამდენად ნებაყოფლობითია ეს გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიდის ჯანსაღი პროცესი ადგილებზე, არც პოლიტიკური გავლენებისგან არის თავისუფალი თვითმმართველობის ორგანოები და, რაც ყველაზე სავალალოა, გამოდის, რომ პასუხს სთხოვენ არა მხოლოდ გამგებლებს, არამედ რიგით თანამშრომლებსაც”.

გათავისუფლებული ადამიანებიდან მხოლოდ რამდენიმემ მიმართა სასამართლოს. როგორც წესი, გვეუბნება ნინო ლომჯარია, საჯაროდ ყველა უარყოფს იმ ფაქტს, რომ სამსახურის დატოვება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს. ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ადამიანები სამსახურიდან მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უნდა გაათავისუფლონ - კონკრეტული გადაცდომისა თუ სხვა მიზეზის საფუძველზე. განცხადებაში სწორედ ეს უნდა ჩაიწეროს, რადგან გამორიცხული არ არის, რამდენიმე წელიწადში იმავე ადამიანებმა მოითხოვონ მათი პოლიტიკური ნიშნით დევნის აღიარება. ნინო ლომჯარია იმასაც ამბობს, რომ დროა ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს:

”უკვე არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, როცა ადამიანები კანონის პროცედურების დაცვის გარეშე არიან სამსახურიდან გათავისუფლებული ან, პირიქით, მიღებული სამსახურში. ჩვენ ამაზე უკვე თვეებია ვლაპარაკობთ და თუ აქამდე არ არის რამე სტრუქტურა შექმნილი ან მონიტორინგის ჯგუფი, ვინც ამ პროცესებს რაღაცნაირად შეაჩერებს, მაშინ დროა, ეს გაკეთდეს”.

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე ამბობს, რომ იმას, რაც დღეს თვითმმართველობებში ხდება და რაც ხდებოდა ადრეც, საქართველოს საზოგადოება გარკვეულწილად მიეჩვია. ის შიშობს, რომ თუ მთლიანად სისტემა არ შეიცვალა, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანები ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამსახურის გარეშე დარჩებიან. სისტემის რეფორმირებაზე ლაპარაკი კი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება. დავით ლოსაბერიძის ინფორმაციით, დღეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 12 000 ადამიანია დასაქმებული. ეს რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა:

”ვარდების რევოლუციის შემდეგ ოპტიმიზაციას რამდენიმე ათასი თანამშრომელი შეეწირა. მაშინ 8000-დან 6000 თანამშრომლამდე შემცირდა, მერე ისევ გაიზარდა ეს რიცხვი გასული წლების განმავლობაში. ეს ცვლილებები იმის ბრალია, რომ რეალურად თვითმმართველობებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობა და სისტემა მოიკოჭლებს. თუ მთლიანად არ მოხდა ამ სისტემის რეფორმირება, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვამბობთ, მაშინ არაფერი შეიცვლება და იგივე მოხდება ოთხი თუ რვა წლის შემდეგაც”.

12 000 მოხელით დაკომპლექტებული თვითმმართველობიდან 1790 ადამიანის დათხოვნა ტენდენციად ვერ ჩაითვლება, გვეუბნება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი. მისი აზრით, ასევე ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, რომ თვითმმართველობებიდან ადამიანებსპოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, რადგან ჯერჯერობით არავის გაუანალიზებია ეს 1790 ადამიანი კონკრეტულად რომელი თვითმმართველობიდან გაუშვეს. ისე არ აღმოჩნდეს, ამბობს ირაკლი მელაშვილი, რომ უფრო მეტი ადამიანი გათავისუფლდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები წარმოადგენენ, მაგალითად, სამეგრელოში, კახეთის არაერთ ოლქში, ქართლში და ა.შ.:

”თუ პოლიტიკური ზეწოლაა, მხოლოდ ათ პროცენტზე რატომ აისახა ეს? თავისთავად 1700 ადამიანის გათავისუფლება, იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიც თვითმმართველობებში მუშაობს, ტენდენციის მაჩვენებელი ვერ იქნება, 10% ტენდენციად ვერ ჩაითვლება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ 1700-შიც რამდენია ის თვითმმართველობები, რომლებშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ დღემდე, ეგ არავის გაუანალიზებია, რამდენადაც ვხვდები. სიტყვაზე, გიგი უგულავამ რომ გაათავისუფლოს ვინმე და თავისი ახლობელი დანიშნოს რაიმე თანამდებობაზე, ეგეც ”ოცნებას” ეწერება და რატომ?”

თვიმმართველობებში მიმდინარე პროცესების შესახებ მკვეთრი პოზიცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ის, რაც პოლიტიკოსებისათვის მხოლოდ პოლიტიკური სტატისტიკაა, პირადი ტრაგედიის ტოლფასია სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანებისთვის, გვეუბნება პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია თევდორაძე. მისი თქმით, თუ ვითარება არ გამოსწორდა, სავალალო შედეგები ჯერ კიდევ წინაა:

”ეს იმიტომ, რომ თვითმმართველობა ძალიან ფაქიზი ორგანოა, რომელზეც არის დამოკიდებული ნებისმიერ ქალაქსა თუ რაიონში რა პოლიტიკას განახორციელებს ცენტრალური ხელისუფლება. სამართლიანობის აღდგენა კი გულისხმობს იმას, რომ თვითმმართველობებს 2014 წლამდე კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული უფლება, რომ იმ პარტიული და, ზოგადად, პოლიტიკური ნიშნით ფუნქციონირებდეს საკრებულოები, რა არჩევანიც ხალხმა გააკეთა 2010 წელს, და ის ადამიანები, ვინც პირნათლად ასრულებს მოვალეობას, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სამსახურიდან არ დაითხოვონ.

გია თევდორაძე ფიქრობს, რომ პროცესი ზემოდან იმართება და მას აქვს თავისი მიზეზები. ერთი, ეს არის ახალი ხელისუფლების სურვილი ყველა შტოს უზურპაციისა და მეორე, ხელისუფლებას სურს არ გაანაწყენოს ის აქტივისტები, რომლებიც მათ არჩევნების დროს მხარს უჭერდნენ, ეხმარებოდნენ და ვისაც დასაქმებასაც დაპირდნენ.

არასამთავრობო სექტორის უპირველესი რეკომენდაცია მთავრობის მიმართ ამ საქმეების შესწავლაა. და თუ მართლაც გამოიკვეთება ზემდგომი პირების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტები, ეს ადამიანები, უბრალოდ, უნდა დაისაჯონ და, რაც მთავარია, ყველა საჯარო პირს მკაცრად უნდა მოსთხოვონ, რომ თანამშრომლები სამსახურში მიიღონ კონკურსის გზით და არა პოლიტიკური ნიშნით.