ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობა ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარიმართება, რამაც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას უნდა შეუწყოს ხელი. სტრასბურგში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის არის კონვენცია, რომელსაც გარკვეული კითხვის ნიშნები უკავშირდება. ევროსაბჭო კვლავაც დებს საქართველოს დახმარების პირობას.
ევროსაბჭოს მხარდაჭერას ”უაღრესად მნიშვნელოვნად” მიიჩნევს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში აშკარად გამოიკვეთა მხარდაჭერა საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ:
”მე მათგან მოვისმინე და მივიღე დასტური იმისა, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს ახალ მთავრობას, საქართველოს მთავრობას. საბოლოო ჯამში, რეზიუმე რომ გავუკეთო ჩემს ოფიციალურ ვიზიტს, მე ვარ ძალიან კმაყოფილი გამართული შეხვედრებით. მე მათგან მოვისმინე აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი მთავრობისადმი და მათგან მოვისმინე მოწონება ჩვენს სისტემაში, ჩვენს სამინისტროში მიმდინარე რეფორმებისა. და, შესაბამისად, მე ვარ ძალიან მოხარული, რომ გავმართეთ ასეთი მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები”.
ოფიციალური შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრმა 25 მარტს ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. საუბრის უშუალო დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ სწორედ ამ შეხვედრამდე მოეწერა ხელი ერთ ევროპულ კონვენციას და კიდევ ორ ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებულ ოქმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია ”კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმსა” და ”სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმზე”. იმავე წყაროს ცნობით, ასევე 25 მარტს მოეწერა ხელი კონვენციას ”ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ”.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი არ ეთანხმება აზრს, რომ ფულის გათეთრებასთან, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიებასთან, ამოღებასა და კონფისკაციასთან დაკავშირებული კონვენციის სწორედ ახლა ხელმოწერა, შესაძლოა, ქვეყანაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს უკავშირდებოდეს. თუმცა ანალიტიკოსისთვის გაუგებარია, აქამდე რატომ არ შეუერთდა საქართველო ”ამ მეტად მნიშვნელოვან” კონვენციას, მაშინ როცა ის უკვე 20 წელზე მეტს ითვლის. მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ საქართველოს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვერ მოიპოვა პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ დარჩა აქამდე უყურადღებოდ ჩვენ მიერ ხსენებული კონკრეტული კონვენცია.
კახა გოგოლაშვილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ძველი მთავრობის ვალდებულება აღასრულა:
”საქართველოს შესახებ ანგარიშებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი წინა წლებში ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველოს მიერ არ იყო ხელმოწერილი სამართლებრივი და სამართალდაცვითი სფეროების მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ევროპული კონვენციები”.
კახა გოგოლაშვილის განმარტებით, არსებობს საყოველთაოდ დანერგილი პრაქტიკა, როდესაც ევროკავშირი თავის არაწევრ პარტნიორებთან ურთიერთობებში ევროსაბჭოს ტრიბუნასა და პოლიტიკურ რესურსს იყენებს. საერთოევროპული ინტერესებიდან გამომდინარე, ევროკავშირი და ევროსაბჭო ხშირად ახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს და სწორედ ამ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ხელმოწერა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს გაერთიანებული პროგრამისა - ”ჯანდაცვის კუთხით საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე”. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროგრამას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით, 25 მარტს სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინ დრაგონმა. ამასთან, მისი განცხადებით, ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობა სულ მალე ახალ კალაპოტში გადაინაცვლებს:
”ეს თანამშრომლობა მოექცევა კონკრეტული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. სამოქმედო გეგმას, რომელიც ახლა დამუშავების ეტაპზეა, უახლოესი კვირების მანძილზე წარვუდგენთ საქართველოს ხელისუფლებას განსახილველად და დასამტკიცებლად. ამის შემდეგ კი ჩვენ შევუდგებით თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებას”.
გენერალური მდივნის მოადგილის გაბრიელა დრაგონის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსაბჭოს 47 წევრ სახელმწიფოს შორის და კვლავაც გაგრძელდება ქვეყნის ახალი ხელისუფლების დახმარება, რათა მან გაამართლოს ხალხის მოლოდინი ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით.