The Moscow Times-ი თბილისს გამოექომაგა

The Moscow Times-ი თბილისს გამოექომაგა

მას შემდეგ, რაც CNN-მა მოგზაურთათვის განკუთვნილ სტატიაში თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე უვარგის ქალაქად მოიხსენია, საქართველოს დედაქალაქს ბევრი ქომაგი გამოუჩნდა. მათ შორისაა საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტი პოლ რიმპლიც (Paul Rimple), რომელმაც The Moscow Times-ის საიტზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. სტატია Mercer-ის კვლევას ეყრდნობოდა.

"თბილისი, რომელიც Mercer-ის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უვარგისი ქალაქია საცხოვრებლად, 222-დან 201-ე ადგილზეა და დაკავშირებულია მავრიტანიის დედაქალაქ ნუაქშოტთან - ქალაქთან რომელსაც შეზღუდული აქვს სუფთა წყლის რეზერვი და ტერორიზმის ბუდედ ითვლება. Mercer-ი უბრალოდ რეალობასაა მოწყვეტილი", - წერს პოლ რიმპლი.

ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის შემდეგ ციხიდან 8300 პატიმარი გათავისუფლდა, თბილისის ქუჩები დღესაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა მთელს ევროპაში. რიმპლის ამის მაგალითიც მოჰყავს:

"ერთხელ ახალგაზრდა მამაკაცმა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ჩემი საფულე იპოვა, მომძებნა და ფულთან ერთად დამიბრუნა", - აღნიშნავს ავტორი.

რიმპლი აღნიშნავს, რომ საქართველოში განათლების რეფორმა განხილვის საკითხადაა ქცეული, თუმცა მოზრდილი თაობის განათლების დონე 99.5 %-ია.

"თუ ტრანსნაციონალურ კომპანიას აქ ქარხნის გახსნა სურს, Heritage Foundation-ს დაეკითხოს, რომლის მიხედვით საქართველო, თავისუფალი ეკონომიკის მხრივ 21-ე ადგილზეა მსოფლიოში. ეს 4 პუნქტით უფრო მაღალი მაჩვენებელია ვენასთან შედარებით, რომელიც საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ითვლება", - წერს პოლ რიმპლი.

ავტორმა საქართველოს დედაქალაქი სხვა ქვეყნების დედაქალაქებსაც შეადარა.

"თბილისსაც, ისევე როგორც ყველა სხვა ქალაქს, აქვს თავისი ნაკლი. თუ ციურიხში 3 დოლარზე იაფად ყავას დალევ, ესე იგი გაგიმართლა. სცადეთ და სთხოვეთ პარიზში ავტობუსის მძღოლს, რომ იქ გაგიჩეროთ, სადაც ჩასვლა გსურთ. საქართველოში ამას აკეთებენ", - აღნიშნავს ავტორი.

"რა თქმა უნდა, თბილისში ზოგჯერ ითიშება ელექტროენერგია და წყალი, მაგრამ ეს არ ხდის თბილისს რომზე უარესს, სადაც საშინელი საცობები, კვამლი და დანაშაულის მაღალი დონეა. თბილისი ევროპაში უკანასკნელი ქალაქია საცხოვრებლად? სისულელეა", - წერს პოლ რიმპლი.

მომზადებულია The Moscow Times-ის მიხედვით.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/74372-the-moscow-times-i-thbiliss-gamoeqomaga.html#ixzz2OeZlo5X3