მონიტორინგი სამხედრო ბაზებზე (ვიდეო)

მონიტორინგი სამხედრო ბაზებზე (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მონიტორინგს ატარებს. დღეს ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან და მის მოადგილეებთან, პოლკოვნიკებთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, არსენ ცუხიშვილთან და ლაშა ბერიძესთან ერთად პირველად გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ აგლაძემ თავდაცვის მინისტრს აკადემიაში მიმდინარე პროცესებზე და აკადემიის განვითარების გეგმაზე ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრას ასევე, ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის წევრებიც დაესწრნენ, რომლებიც თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესს კოორდინირებას უწევენ. ირაკლი ალასანიამ დადებითად შეაფასა აკადემიაში მიმდინარე რეფორმები და მათ სამომავლოდ დახმარება აღუთქვა.

თავდაცვის აკადემიიდან თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მე-5 ქვეით ბრიგადაში გადაინაცვლა. თავდაცვის მინისტრი ბრიგადის პირად შემადგენლობას შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. ბრიგადაში სპეციალურად სამინისტროს ხელმღვანელობისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 2012 წელს შესრულებული ღონისძიებები შეაჯამეს და 2013 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

დღესვე ირაკლი ალასანია ქუთაისში მესამე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. თავდაცვის მინისტრმა სამხედროების ყაზარმები დაათვალიერა. ბრიგადის მეთაურმა უწყების ხელმძღვანელს არსებული ინფრასტრუქტურა გააცნო და ბაზაზე მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის მინისტრი მათ მოგვარებას უახლოეს მომავალში დაპირდა.

თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია ქუთაისის სამხედრო პოლიციასაც ეწვია. მინისტრმა პოლიციის შენობა დაათვალიერა და მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამხედრო პოლიციის უფროსისგან პირადად მიიღო.

დღესვე ირაკლი ალასანია კადეტთა ლიცეუმს სტუმრობდა. თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად სტუდენტების სასწავლო პროცესს და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია დღესვე აჭარას ეწვევა. როგორც ცნობილია, ქართული ქვედანაყოფები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სამძებრო სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. მინისტრი ქართველი სამხედროების მუშაობის პროცესს პირადად გაეცნობა.

ბაზებზე მონიტორინგის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ხვალ დელეგაციის წევრები სენაკის II ქვეით ბრიგადას ეწვევიან და საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მოინახულებენ.