"მიუხედავად საყოველთაო ოპტიმიზმისა, მე არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო რაიმე ახალ ეტაპზე, რადგან საკანონმდებლო სივრცეში, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც დაპირისპირებას იწვევს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. თავისთავად უმცირესობის მიერ დროზე ადრე აღებული გეზი, ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ, გამორიცხავს ამ ეტაპზე რაიმე სერიოზულ საფუძველს თანამშრომლობისა პარლამენტში. ამიტომ ვერ შეიცვლება "ნაციონალური მოძრაობა" ერთი კენჭისყრის საფუძველზე. ისინი მუდმივად იქნებიან მავნებლობის რეჟიმში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით საზღვარგარეთაც და სამწუხაროდ, ამის მაგალითების დეფიციტი არ გვექნება. თავად უმცირესობის წევრი დეპუტატებიც არ არიან თავისუფალნი საკუთარი ნების გამოხატვაში. მუდმივად არსებობს ზეწოლა და მცდელობა იმისა, რომ არავითარი თანხმობა და სიამტკბილობა პარლამენტში არ დამყარდეს. ამიტომ საპარლამენტო ბრძოლა გრძელდება და დიდი სურვილია ეს ბრძოლა იყოს კანონების დაცვით და არა კანონების გარეშე", - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "19 აპრილს მრავალათასიან აქციას უნდა ველოდოთ".
"ბატონი ნორლანდი, ჩემი აზრით, არის ნამდვილი სახე ამერიკული დემოკრატიისა, რომელსაც აინტერესებს არა ქვეყნის ხელისუფალნი, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები. ვინ თუ არა ამერიკის ელჩი უნდა იყოს ჩახედული იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება იმის თაობაზე, რომ ამერიკის ელჩი გახდეს ევროპის სახალხო პარტიის წევრი, აუსრულებელია! არადა, როგორ ნატრობენ ალბათ ამას. როდესაც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ შენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რასაკვირველია, ვალდებულებებიც მეტი გაქვს და პასუხისმგებლობებიც. შესაბამისად გარკვეული ინფორმაციის წვდომა არის აუცილებელი, რის გამოც ელჩი არ თაკილობს ხშირად შეხვდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს და იყოს საქმის ყურში არა ქართულ მედიაზე დაყრდნობით, არამედ პირადი შთაბეჭდილებების გზით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ყველაზე დიდი საფრთხე, "ნაციონალური მოძრაობის", გახლავთ სწორედ სამართლიანობის აღდგენა და ამიტომ ეს მათთვის არის ბრძოლა, პოლიტიკური სიცოცხლისათვის. ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას განკარგავდა უსამართლობის ყველა პარამეტრების გამოყენებით, რასაკვირველია, ვერ შეიცვლება იმდენად, რომ სამართლიანობის დაცვა მისი მოთხოვნილება გახდეს. როგორი რიტორიკითაც არ უნდა სარგებლობდეს დღეს "ნაციონალური მოძრაობა", არავის დავიწყებია მათი მმართველობის პერიოდი და შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ, რა ტიპის მმართველობა ჰქონდათ სწორედ სამართლიანობასთან მიმართებაში. სამართლიანობა იყო და რჩება ქართველი საზოგადოების მოთხოვნის უპირველესი კრიტერიუმი. ამდენად, პარლამენტის მიერ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება მოწონებული მოსახლეობის მიერ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ერთადერთი, რაც დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ 19 აპრილის შემდეგ იქნება 20 აპრილი. რაიმე ტიპის მოლოდინი ძნელად წარმოსადგენია. რასაკვირველია, იქნება მცდელობა, რომ იყოს შეკრება მრავალათასიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გამოუვიდეს კიდეც "ნაციონალურ მოძრაობას". არ მაქვს საფუძველი ვამტკიცო, რომ ფულით იქნება მოგროვილი ეს საზოგადოება. თუმცა ამაზე ქართულ მედიაში არის უკვე გარკვეული ინფორმაცია. თუ რაიმე შემოსავლის ახალი ფორმა გააჩინეს "ნაციონალებმა", კი ბატონო, დახარჯონ, დახარჯონ, იმდენი აქვთ გადანახულ გადამალული და მიტაცებული, რომ მათ ფინანსურ შესაძლებლობებს, რაიმე ხინჯი მაინ ცარ მიადგება. გეთანხმებით იმაში, რომ ინტრიგა აღარ არსებობს და ინტერესი ამ საკითხის მიმართ საზოგადოებაში ნაკლებია", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.