შიმშილი და აბაშიძეების ტრაგედია

შიმშილი და აბაშიძეების ტრაგედია

ხელვაჩაურს რაიონის სოფელ მახოში დღეს ერთი წლის გოგიტა აბაშიძე დაკრძალეს. პატარა შიმშილის გამო დაიღუპა. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ქრონიკური შიმშილობით გამოწვეულ შოკურ მდგომარეობაში მყოფი პატარა გოგიტა შაბათს, ღამის ორ საათზე გარდაიცვალა.

თურქეთის საზღვართან, სოფელ მახოში მცხოვრები აბაშიძეების ოჯახის შემზარავი გაჭირვების შესახებ საზოგადოებისთვის 21 მარტს აჭარის ტელევიზიის მეშვეობით გახდა ცნობილი. ხუთსულიანი ოჯახი წლებია სიღარიბის ზღარს ქვემოთ იმყოფება და ბავშვების გამოკვების საშუალება არ აქვს.

უსახსრობის გამო ინგა დავითაძემ სამივე შვილი სახლში გააჩინა, ბავშვებს დაბადების მოწმობები და შესაბამისად პირადი ნომრებიც არა აქვთ. ოჯახის უფროსი, ლევან აბაშიძე, რომელიც პურის ფულს, სხვისი ყანების დაბარვით შოულობს, ამბობს, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სოციალური დახმარება სწორედ ამ მიზეზით არ მიანიჭეს.

გოგიტას 19 მარტს ერთი წელი შეუსრულდა, თუმცა ბავშვი თითქმის იგივე წონის იყო როგორც დაბადებისას - 4 კილოგრამი. მასის დეფიციტი, რომელიც ხშირმა შიმშილმა გამოიწვია ასეთია გოგიტას სიკვდილის სამედიცინო დიაგნოზი. დედა ინგა დავითაძე ამბობს

„რას ვუკეთებდი და ფქვილს მოხალულს, არ მქონდა მეტი საშუალება რომ ის ბავშვი გამომეკვება. რაც მქონდა იმით ვკვებავდი, ხან ფხალი, ხან კარტოფილი, ხან რაღაცა, ხან ვიღაცა მეხმარებოდა.აბა ჩემს ოჯახს თუ არ დაეხმარებიან, აბა ვის ოჯახს უნდა დახმარება დედა.“

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში თითქმის 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ანუ დღეში დაახლოებით, ორ ლარს მოიხმარს. სოციალური დაცვის არსებული მექანიზმები ბავშვებს სათანადოდ ვერ მოიცავს

საქართველოს ეროვნული ნუტრიციული კვლევის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს მომზადდა, ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე, უმეტესად ქალი და ბავშვი, განიცდის კვების დეფიციტს რაიმე ფორმით, და შესაბამისად, ვერ ახდენს საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას.

საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის თითქმის 300–მდე ბავშვი იღუპება ორსულთა ანემიის, დაბადებისას მცირეწონიანობის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული, თანდაყოლილი ანომალიების და არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო.

საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში 507 286 ოჯახია რეგისტრირებული ანუ 1 623 233 ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 37 პროცენტია. აქედან, საარსებო შემწეობას მხოლოდ 149 552 ოჯახი ანუ 435 788 ადამიანი იღებს.

თანამედროვე საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 15 პროცენტი დღეში 2 ლარზე ნაკლები, ხოლო 32 პროცენტი 4 ლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს, სახელმწიფოს დახმარება კი მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს ფარავს.

ერთი წლის გოგიტა აბაშიძის დაღუპვის გამო, გუშინ ქუთაისში, პარლამენტის წინ გაიმართა სპონტანური საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - „მცხვენია“.

ლაშა მესხი: „მცხვენია იმის გამო 2013 წლის 23 მარტს საქართველოში ერთი წლის ბავშვი შიმშილის გამო გარდაიცვალა. დღეს მე მცხვენია ამ ყველაფრის და ვართ ძალიან გაბარზებულები და შეურაცჰყოფილები ამ ყველაფრით.“

ცირა ყურაშვილი: „ სადაც ის ბავშვი გარდაიცვალა, იქ ოჯახში კიდევ არიან ბავშვები და იმათაც ალბათ იგივე ბედი ელით. და ჩვენ ვიცით, ჩვენს გვერდით არიან ადამიანები რომლებსაც ელით შიმშილით დაღუპვა! ამიტომ აუცილებელია შეიქმნას ნორმალური მექანიზმი და პარლამენტმა, მთავრობამ, ყველამ იზრუნოს იმისთვის, რომ ეს მექანიზმი სიცოცხლისუნარიანი იყოს.“

მეორე დღეა, როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში მიდის გაცხარებული დისკუსია. ვინ არის დამნაშავე? სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვის სიკვდილში მის მშობლებს ადანაშაულებს, მშობლები სოციალურ აგენტებს, რომლებმაც არაერთხელ ნახეს აბაშიძეების ოჯახის გაჭირვება და ამის მიუხედავად, შემწეობა არ მიანიჭეს.

ოპოზიციის მომხრეები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სავალალო შედეგებზე. პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ახლა გამოვიდა მოწოდებით - „თუ გავერთიანდებით დავძლებთ შიმშილს“, რის საპასუხოდაც, სოციალურ ქსელებში ძვირადღირებული მანქანების ფოტოები გავრცელდა, რომლითაც სასულიერი პირები გადაადგილდებიან.

აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელმა ბრძანა რომ ეს მისი პირადი ტრაგედიაცაა და არც იმის ხაზგასმა დავიწყებია, რომ „დღეს საქართველოს მართავს მთავრობა, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი და ღირებული ადამიანის სიცოცხლეა.“ კონსტიტუციის 42-ე მუხლმა - გამოძიება მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დროშაც კი დაუშვა.

ამ დღეებში ჩვენ, ალბათ, კიდევ მოვისმენთ უამრავ მოსაზრებას და მსჯელობას, თუ რა უნდა გაკეთებული, ან რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სიღარიბისა და შიმშილის დასაძლევად. ამ თემაზე ალბათ ბევრს ისაუბრებენ პოლიტიკოსები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები.

თუმცა, შიმშილით გარდაცვლილ პატარა გოგიტას ეს ვეღარ უშველის. იგი დღეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში დაკრძალეს.