„დემოკრატიის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ მმართველობის სხვა ფორმა მასზე უარესია“

„დემოკრატიის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ მმართველობის სხვა ფორმა მასზე უარესია“

„იყო დრო, როდესაც ინგლისის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთისგან მოშორებით ისხდნენ იმ მანძილზე, რომ დაშნით არ მისწვდენოდნენ ერთმანეთს. ინგლისმა გაიარა ეს პერიოდი, ალბათ, ჩვენც გავივლით და უკრაინაც, სადაც მაგიდაზე ავარდნა და ტრიბუნის ოკუპაცია მოდაშია“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოპოზიცია ვირტუალურ სამყაროში იმყოფება, ქმნის ვირტუალურ კაბინეტებს, იყოფენ არარსებული მინისტრების სავარძლებს და ვირტუალურ ხელისუფლებას აყალიბებენ. უფრო მეტიც, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, უნდა დაიკავონ თუ არა „ნაციონალებმა“ ძალოვანი მინისტრების პოსტები. მართლაც აცდენილია ოპოზიცია დროსა და რეალობას, თუ ძალიან ჩქარობენ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას? ემჩნევა კი „ქართულ ოცნებას“, რომ მზად არის ხელისუფლების გადასაბარებლად?

- „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხელისუფლების გადაბარებას და არც გადააბარებს, ამიტომაცაა დასავლეთიდან მითითებები, უკვე მესამედ ჩამოვიდა შარლ მიშელი, ლამისაა მიშელს აქ ერთი კაბინეტი გაუხსნან. ალბათ, მალე ბინასაც გამოუყოფენ საქართველოში. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას, ეს სიახლე არ არის, 200 წლის წინ, უფრო სწორად მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ინგლისში ყოველთვის არსებობდა ჩრდილოვანი კაბინეტი. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში მმართველი პარტიები ათეული წლები არ არიან ხელისუფლებაში და ადრე თუ გვიან იცვლება მთავრობები, ამიტომ ყველამ იცის, ვინ იქნება მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, მომავალი პრემიერი. ამიტომაც იყო, ჩერჩილი როდესაც ჩავიდა პოტსდამის მოლაპარაკებაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერიც გაიყოლა თან, კლიმენტ ეტლი, რადგან არჩევნები ახლოვდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილი დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში (თუმცა დამარცხდა), მაინც წაიყვანა ოპოზიციის ლიდერი, რომ ისიც საქმის კურსში ყოფილიყო. ეს არის ნორმალური პირობები, მაგრამ როდესაც ოპოზიცია არის მტერი, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, როცა ოპოზიცია უნდა გაქრეს და ოპოზიციის მომხრეებს მიკროფონი უნდა წაართვა, თანაც კულტურის მინისტრმა... ახლა ლაპარაკობენ, რომ ამ ქალბატონმა დაარღვია ცალკეული კანონები, მაგრამ არავინ ამბობს, რომ კულტურის მინისტრი, რომელმაც თმენის, თვინიერების მაგალითი უნდა მისცეს, მოიქცა უკულტუროდ. კი, ჟურნალისტები ცოტა მომაბეზრებელი ხალხია, მაგრამ ეს ჟურნალისტის პროფესიაა. კიდევ კარგი, საქართველოში პაპარაცები არ არიან, თორემ რომ იყოს, ჩვენი პარლამენტი ამაზე კანონს მიიღებდა და ყველას დასჯიდა. ვინმემ მოიკითხა, პრინცესა დაიანა რომ გარდაიცვალა პაპარაცების გამო, გარბოდნენ, მისდევდნენ და ავარია მოუვიდა, რატომ მოხდა ასე? ვინმემ დასაჯა პაპარაცები? ან აკრძალეს და სანქციები დაუწესეს მათ? ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან ესაა მათი საქმიანობა.

მახსოვს, ჩემი ახალგაზრდობის დროს ბრიჯიტ ბარდო რომ გათხოვდა, ერთმა მილიონერმა, მათი ოჯახის მეგობარმა იახტა ათხოვა და ბრიჯიტ ბარდო ამ იახტით წავიდა სამოგზაუროდ თაფლობის თვის გასატარებლად. მერე გაირკვა, რომ იახტაზე იყო პაპარაცი, რომელიც აპარულა იახტაზე, იღებდა იმ სცენებს და პარიზის ყველა გაზეთში გამოქვეყნდა პიკანტური კადრები, მაგრამ არავის არ მოუვიდა აზრად პაპარაცის დასჯა ან ჩივილი.

ჟურნალისტების პროფესია გასაგებია, მაგრამ, თავის მხრივ, რამდენად ჯდება ეთიკურ ნორმებში, რასაც ეს ოპოზიცია აკეთებს ამჯერად ქალი დეპუტატების დახმარებით - მაგიდაზე ახტომა, ტრიბუნასთან მივარდნა. ამ დეპუტატების საქციელი ხომ შოუს დადგმისთვის, ყურადღების მისაპყრობადაა გამიზნული?

- ეს დემოკრატიის თანმხლები გართულებებია, მაგიდაზე ავარდნა, ტრიბუნის ოკუპაცია ყველგან ხდება. ასეთი რამ ძალიან მოდაშია უკრაინის რადაში. იაპონია თავაზიანობის ეტალონი ქვეყანაა, ცხრაჯერ თავს გიხრიან, ათჯერ ბოდიშს გიხდიან, გამარჯობას რომ გეუბნებიან, მაშინაც ლამის გებოდიშებიან. ამ დროს მთელი მსოფლიო მოიარა სცენებმა, იაპონიის პარლამენტში სკამები როგორ დაამტვრიეს ერთმანეთს თავზე დეპუტატებმა. კიდევ კარგი, ჩვენთან მძიმე სავარძლებია და ვერ ასწევენ ხელში.

ასეთი ქმედებები ხომ არ ამყარებს ეჭვს, რომ „ნაცები“, რომლებმაც ქუჩის აქციებით ვერაფერს მიაღწიეს, ხალხი არ აჰყვა მათ, სწორედ იმისთვის შევიდნენ პარლამენტში, რომ დებოშის არეალი პარლამენტში გადაიტანონ?

- გამორიცხული არც ეს არის. ეს რომ ხდებოდეს მარტო აფრიკის ქვეყნებში, სადაც პარლამენტი გუშინ შეიქმნა, მაშინ გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, იტალიაში, იაპონიაში. იყო დრო, როდესაც ინგლისის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთისგან მოშორებით ისხდნენ იმ მანძილზე, რომ დაშნით არ მისწვდენოდნენ ერთმანეთს. მათ გაიარეს ეს პერიოდი, ალბათ, ჩვენც გავივლით და უკრაინაც. დემოკრატია სულაც არ არის იდეალი. ჩერჩილის უკვდავი გამოთქმა მუდამ იარსებებს, რომ „დემოკრატიის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ სხვა მასზე უარესია“.

სხვათა შორის, საზოგადოების თვალში ქალის მაგიდაზე შეხტომა და ტრიბუნასთან მივარდნა მოსაწონი საქციელი არ არის, რატომ თამაშობენ ჩვენი ქალი დეპუტატები წამგებიან თამაშს ისევე, როგორც წამგებიან გადაწყვეტილებად მოიაზრება ნიკა მელიას მხრიდან თბილისის მერობისთვის ბრძოლა, სადაც მას ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს უწინასწარმეტყველებენ?

- ჩემი აზრით, ეს სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა, რომ მელია კენჭს იყრის დედაქალაქის მერობაზე. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სამიზნე უნდა იყოს პრემიერობა. ხომ ხედავთ, გახარიას არ სურს კენჭი იყაროს მერობაზე, თუმცა შეიძლება მელიაზე ნაკლები შანსები არ ჰქონდეს. კაცი პრემიერი იყო და, ცხადია, მერობა არ სურს.

მაგრამ მელიას ინტელექტი მერობისთვის საკმარისია?

- მე თუ მკითხავთ, მერი უნდა იყოს მეურნე. მან უნდა იცოდეს, გზა სად გაიყვანოს, ხიდი სად ააშენოს, ზომიერად ხელმომჭირნე უნდა იყოს. ამიტომ გააჩნია, რომელი ეპოქის მერია. პოსტსაბჭოური საქართველოს მერს დიდი ინტელექტი არც მოეთხოვება. მთავარია, რუსები რომ ამბობენ, „კრეპკი ხაზიაისტვენნიკ“. ეჭვი არ მეპარება, კალაძე მოიგებს ამ არჩევნებს, რადგან მმართველი გუნდი ამ მხრივ კარგად ორგანიზებულია. ოპოზიციაში კი ორგანიზება არც დაუწყიათ. ვერ ერთიანდებიან, ყველა ტალეირანი და ბისმარკია. „გირჩი“ ყოველ გამოსვლაზე ახალ-ახალ რეკორდს ხსნის. ახლა ამბობენ, არავითარ შემთხვევაში გაერთიანება არ გვინდა, ცალ-ცალკე ვცადოთ ბედი მერის არჩევნებზეო. 30 წელია, არ ჰყავთ საერთო კანდიდატი, კიდევ ამ ცოცხს აბიჯებენ ფეხს. ამ დროს მმართველმა პარტიამ დროულად იცის, ვინ უნდა გახდეს მერი. გარდა ამისა, კალაძე პოპულარულია. მაგალითად, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი იური როქსი „ნეზავისიმაია გაზეტაში“ წერს, წარსულში მშვენიერი ფეხბურთელი იყო და პოსტსაბჭოური ქალაქის ყველაზე კარგი მერი გამოდგა კალაძეო.