მერაბ ჯანიაშვილი: „საბჭოთა ანაბრებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აქვს აღებული და კომპენსაციაც მისი გადასაწყვეტია“

მერაბ ჯანიაშვილი: „საბჭოთა ანაბრებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აქვს აღებული და კომპენსაციაც მისი გადასაწყვეტია“

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” აწარმოებს კვლევას 90-იან წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების შესახებ. რამ გამოიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია და რა შედეგები მოყვა ამ პორცესებს. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მიღებული ანაბრები, - რა გახდა მათი გაუფასურების მიზეზი, რომელის შედეგადაც მოსახლეობამ საკუთარი დანაზოგები დაკარგა. კვლევის შესახებ აფბას წევრს მერაბ ჯანიაშვილს ვესაუბრეთ.

რატომ გადაწყვიტეთ თემით დაინტერესება და საბჭოთა ანაბრების საკითხის გარშემო კვლევის ჩატარება?

- მოგეხსენებათ, ანაბრების თემა არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური სპეკულაციების და მანიპულაციების საგანი, მის მოგვარებაზე კი რეალური მსჯელობა და მითუმეტეს კონკრეტული ნაბიჯები ფაქტობრივად, ჯერ არ გადადგმულა. ჩვენ როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოვიძიეთ ინფორმაცია საბჭოთა ანაბრების შესახებ, აღმოჩნდა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 20 წელზე მეტია ეს საკითხი გაყინულია და მთავრობებს მის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანაში წინ აქვთ წაწეული საკითხი. ზოგგან უკვე დამთავრდა კომპენსაციების გაცემა, ზოგგან მიმდინარეობს, 2 ქვეყანაში კი ახლა იწყება მათი ანაზღაურება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვესწავლა ეს საკითხი, გაგვეცა პასუხი იმ უამრავ პასუხგაუცემელ კითხვისთვის, რომელიც ამ თემის გარშემო საზოგადოებას აწუხებს და ხელისუფლებისთვის მოგვეთხოვა საბჭოთა ანაბრების გარშემო მუშაობის დაწყება.

თუ მოიძიეთ რაიმე ახალი ინფორმაცია რაც ფართო საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო?

- ამ საკითხზე მუშაობისას ძალიან საინტერესო ინფორმაციებს წავაწყდით. აი, მაგალითად, აღმოჩნდა, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინფლაციის გამო უნდა მომხდარიყო ანაბრების აფასება 40%, და თითო ანაბარზე დამატებით 200 მანეთი დაუმატა ყველა მეანაბრეს. თუმცა 1992 წელის 5 მარტს ტაშკენტის შეხვედრაზე რუსეთმა უარი განაცხადა საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე და შესაბამისად ყველა ქვეყანას საკუთარი ხარჯებით მოუწია ამ პრობლემის მოგვარება. საქართველომ ჯერ კიდევ 1992 წელს აღიარა საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად. გასარკვევი გვაქვს, რა ოდენობის თანხის აღიარება მოახდინა მაშინდელმა მთავრობამ ვალად. საქართველოს ხელისუფლებამ 1995 წელს მოახდინა საბჭოთა ანაბრების ინდექსაცია, დაახლოებით 8,5 მლრდ. მანეთის 502 მილიონ ლართან გათანაბრება მოხდა, რომელიც შიდა ვალადაც აღიარა. ამ ინდექსაციის ფარგლებში კომპენსაციების გაცემაც დაიწყო, ერთ წელს 4 მილიონ 300 ათასი ლარი გაიცა. პირველ ეტაპზე ინვალიდების კომპენსირება იგეგმებოდა, ხოლო შემდგომ ნელ-ნელა ყველა მეანაბრის. მაშინდელი ინდექსაციის თანახმად ყველა ანაბრის წიგნაკზე პირველ 1000 მანეთზე 100 ლარის, ხოლო მომდევნო 1000-ზე 10 ლარი გაიცემოდა. ლეიბორისტებმა მსგავსი ინდექსაცია არასამართლიანად მიიჩნიეს და მის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. შედეგად, სასამართლომ დააკმაყოფილა შალვა ნათელაშვილისა და მისი თანაპარტიელების მოთხოვნა, ინდექსაციის ეს მოდელი არასამართლიანად ჩაითვალა და მისი მსგავსი სახით გაცემა ხელისუფლებას აეკრძალა. ამის შემდეგ მთავრობას ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია საკითხის წინ წასაწევად.

შედეგად დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ზოგიერთ მოქალაქეს ყველა ინსტანციის სასამართლოში მოგებული აქვს დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანაბრების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლო აცხადებს, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნაა, თუმცა იქვე ამატებს, რომ რადგან არ არსებობს ინდექსაციის სისტემა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების კომპენსირება, შესაბამისად, უცნობია თუ რა რაოდენობის თანხა უნდა გაიცეს ამა თუ იმ მეანაბრეზე. ამიტომ, იგი ვერ ავალდებულებს რომელიმე სახელმწიფო უწყებას ითავოს ამ თანხების გაცემა. გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ინდექსაციის სამართლიანი და ობიექტური მოდელის მოძიებაა აუცილებელი. ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კომპენსაციების გაცემის სხვადასხვა გზების ძიება, რადგან ასეთი უამრავია, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც და საქართველოს რომელიმეს მაგალითის მსგავსის გადმოღებაც შეუძლია.

რა გეგმები გაქვთ მომავალში და როგორ ფიქრობთ ”ქართული ოცნება” თუ მოახდენს საბჭოთა ანაბრების კომპენსირება?

- ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ანაბრების თემის გარშემო აპირებს ექსპერტთა საბჭოს შექმნას, რომლებთანაც პერიოდულად გვექნება კონსულტაციები, თუ რა მიმართულებით წავიყვანოთ კვლევა და რაზე გავაკეთოთ აქცენტები.

რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას”, მართალია მათ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მსგავსი დაპირება არ მიუციათ, თუმცა ბოლო პერიოდში უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხით დაინტერესება იმედს გვაძლევს, რომ ეს ხელისუფლება მაინც გადადგამს ანაბრების პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს. რეალურად ეს სახელმწიფოს ვალია, რაც ბატონმა ნოდარ ხადურმა დააფიქსირა კიდეც თავის ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ კანონის თანახმად, ეს ანაბრები აყვანილია სახელმწიფოს შიდა ვალში. ვფიქრობ, შესაბამისად, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასცეს მეანაბრეებს პასუხი, მოხდება თუ არა მათი დანაზოგების კომპენსირება და თუ არ მოხდება, მაშინ ესეც უნდა დააფიქსიროს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ საკითხის გარშემო გაურკვევლობა.