“თბილავიამშენის” ყოფილი მესაკუთრეები სასამართლოსგან ქონების დაბრუნებას მოითხოვენ. 2010 წელს მათ ქონება იძულების წესით ჩამოართვეს. 2010 წლის 19 ივნისს საწარმოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე დოკუმენტები ამოიღეს.
კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ შედგენილა ამოღების ოქმები და დოკუმენტაცია მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც აქციონერებმა ქონება სახელმწიფოს აჩუქეს. ამასთან, კომპანიის დორექტორი და ყველაზე მსხვილი პარტნიორი, პანტიკო თორდია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, სადაც მას ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება წარუდგინეს.
პრობლემების თავიდან ასაცილებლად კი “თბილიავიამშენის” აქციონერებმა ქონება დათმეს. ეს ქონება დღეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ახალმა ხელისუფლებამ დირექტორად “ქართუ ჯგუფის” ყოფილი პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი დანიშნა.
სწორედ ამიტომ “თბილავიამშენის” ყოფილი მესაკუთრეები სასამართლოს ქონების დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ. მათ საადვოკატო დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს.
საია-ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, 2004 წელს “თამ თბილიავიამშენის” ყოფილმა აქციონერებმა და შპს “თბილავიამშენის” პარტნიორებმა სახელმწიფოსგან 67 მლნ დოლარის ექვივალენტის ლარში შეიძინეს “თამ თბილავიაემშენის” აქციათა 90%.
2010 წლის 26 ივნისს კი კომპანიის დორექტორი და ყველაზე მსხვილი პარტნიორი, პანტიკო თორდია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, სადაც მას ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება წარუდგინეს.
“მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, ხოლო ბოლოს მოსთხოვეს საწარმო სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. პანტიკო თორდია იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ მოთხოვნას, რის შემდეგაც ბრალდებულის სახით მისი პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას რამე სახის სამართლებრივი გაგრძელება აღარ მოჰყოლია”, - განმარტა კოჟორიძემ და დასძინა, რომ ამის შემდეგ დანარჩენი აქციონერების მხრიდან “ჯგუფური ქველმოქმედება” განხორციელდა და 24-მა აქციონერმა თავიანთი საკუთრება უსასყიდლოდ სახელმწიფოს გადასცა.
საია-ში გამართულ პრესკონფერენციას “თბილავიამშენის” 20-მდე ყოფილი მესაკუთრე ესწრებოდა. როგორც ჟურალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა ყოფილმა მესაკუთრემ, კახაბერ ჟღენტმა განმარტა, აქციონერების მიმართ ზეწოლაში მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული, მათ შორის, ფინანსური პოლიციისა და იუსტიციის სამინისტროს სახით.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ყოფილი მესაკუთრეები საჯარო რეესტრის მხრიდან პრობლემების შექმნაზეც საუბრობენ. მათი თქმით, საჯარო რეესტრი თვეების განმავლობაში საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერს არ გასცემდა, იმისდა მიუხედავად, რომ დოკუმენტის გაცემას ერთი დღე სჭირდებოდა.
“მას შემდეგ, რაც ამონაწერის აღება სახელმწიფოს ინტერესი გახდა, რათა წილის დათმობაზე სანოტარო აქტი მომზადებულიყო, საჯარო რეესტრმა ამონაწერი 5 წუთში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოამზადა, არასამუშაო კვირა დღეს. იმავე დღეს “თბილავიამშენის” პარტნიორებს მოაწერინეს ხელი წილის უსასყიდლოდ დათმობის გარიგებაზე”, - განმარტა კოჟორიძემ.
საია-ს მტკიცებით, დღეისთვის უკანონობის გამოსწორების მარტივი შესაძლებლობა არსებობს, რადგან ქონება ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება. როგორც იურისტები განმარტავენ, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ქონების დაბრუნება, იურისტების შეფასებით, სამართლებრივი თვალსაზრისით არის ისეთივე მარტივი, როგორც ტელეკომპანია “იმედის” შემთხვევაში მოხდა.