ზურაბ ჟვანიას ქვრივი სიმღერას იწყებს?!

ზურაბ ჟვანიას ქვრივი სიმღერას იწყებს?!

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას პროკურატურამ, რომელიც ჟვანიას ძმასთან კოორდინირებულად მოქმედებს და მოწმეებიც რამდენჯერმე დაკითხა, ფარდა ჯერ ვერ ახადა. მიხეილ სააკაშვილმა პრემიერის სიკვდილს "უბედური შემთხვევა და ტრაგიკული ფაქტი" უწოდა, თუმცა ჟვანიას ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ ჟვანია მოკლულია, თუმცა მოგვიანებით, ეს ინფორმაცია უარყო. "ვერსიის" ინფორმაციით, პროკურატურა ჟვანიას საქმის ირგვლივ ახალ დეტალებს უკვე ფლობს, თუმცა გარკვეული მოსაზრების გამო, გასაჯაროებისგან თავს იკავებს. როგორ აფასებენ გარდაცვლილი პრემიერის ოჯახის წევრები პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებას? ამის გასარკვევად, "ვერსია" ნინო ქადაგიძე-ჟვანიას დაუკავშირდა. სხვათა შორის, "ვერსიის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ქვრივმა ახლახან სიმღერა ჩაწერა.

- ქალბატონო ნინო, როგორც შევიტყვეთ, სიმღერა ჩაგიწერიათ...
- კი, ოღონდ ჯერ არ დამიმთავრებია...

- ესე იგი, სიმღერას იწყებთ?
- საერთოდ, სიმღერა მიყვარს... ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. ნიკა მემანიშვილს ვეუბნებოდი ხოლმე, ოთარ ჭილაძეს კარგი ლექსები აქვს და გამოიყენე-მეთქი. ლექსების კრებული მივეცი და მივუთითე, რომელი ლექსიც მომწონდა. ნიკამ, მართლაც, დაწერა ამ ლექსზე სიმღერა, თან რაღაც წინასწარმეტყველური სიმღერაა - ტრაგიკული ტექსტია. სიმღერა უცბად ჩავწერეთ და ჯერ არ დაგვიმთავრებია. იმედია, კარგი გამოვა.

- სოლო შესრულებაა?
- კი, მე ვასრულებ.

- სხვა სიმღერების ჩაწერასაც აპირებთ?
- არ მგონია.

- ქალბატონო ნინო, მიხეილ სააკაშვილმა ვახო სანაიას "ღია ეთერში" თქვენს მეუღლესთან დაკავშირებით განაცხადა, ეს უბედური შემთხვევა იყოო და ისიც თქვა, მეგობრის გარდაცვალების გამო ძალიან ვწუხვარო...
- სიმართლე გითხრათ, არ მომისმენია, რადგან ამ კაცის ტყუილების მოსმენა არ შემიძლია, ნერვები მეშლება, დავიღალე. ზურას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა და ამ ადამიანს ერთხელ არ აუღია ტელეფონი, არ დაურეკავს, არ მოუკითხივართ და გულღიად ჩემთან არ ულაპარაკია. მიმაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც სუფთა სინდისი და ხელები აქვს, იმის ძალა უნდა ჰქონდეს, ელემენტარულად, ტელეფონი აიღოს და ოჯახის წევრებს დაელაპარაკოს.

- თქვენი მეუღლის გარდაცვალების გამოძიებას ახალი ხელისუფლებაც აჭიანურებს...
- არ აჭიანურებს, მაგრამ ეს საქმე სასამართლოში ახლა რომ წავიდეს, აზრი არ აქვს, რადგან ხმაური მოჰყვება, შედეგი კი - არა. ვფიქრობ, კიდევ უნდა მოვიცადოთ, თან წელს ჩემი შვილი გამოცდებს აბარებს და არ მინდა, ეს პროცესები დაემთხვეს.

- ირაკლი ოქრუაშვილმა თქვენი მეუღლის გარდაცვალების შესახებ რამდენჯერმე შეცვალა ვერსია...
- გეხვეწებით, მაგ კაცზე ლაპარაკი არ მინდა. არ ვიცი, რა გითხრათ. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ...