დალის კვერცხი და მიშას კუდისმოქნევა

დალის კვერცხი და მიშას კუდისმოქნევა

სალვადორ დალის კვერცხიდან თანამედროვე ქართულ პოლიტიკამდე
ყველაზე ყურადსაღები და სერიოზულად დასაფიქრებელი არა მხოლოდ ქართული პოლიტიკის პროდასავლური და პრორუსული პერიპეტიებია, არამედ, ის “შავი მისტიკური” შიშისმომგვრელი აგიტაცია, რომელსაც ზოგიერთი ე.წ. მამაო ეწევა. კერძოდ, სამიოდე დღის წინ, “ფეისბუქზე” დადეს ვიდეო სათაურით – “ყველა ქართველმა უნდა ნახოს, არ გვინდა ნატო!” ვინმე “მამაო” ქადაგებს სალვადორ დალის ერთ-ერთ ცნობილ ტილოზე _ “გეოპოლიტიკური ყრმა”, რომელზეც კვერცხიდან ახალი ადამიანი იჩეკება. სალვადორ დალის ხელოვნების შეფასებაზე არ არის საუბარი, საქმე ისაა, რომ ნახატზე მთავარი ფიგურა, საჩვენებელი თითით, კავკასიაზე მიუთითებს.
ჯერ ერთი, კავკასია დიდია _ მოგეხსენებათ, არის ჩრდილო და სამხრეთ კავკასია. დალის ნახატზე დაკონკრეტებული არ არის, საქართველოზე მიუთითებს მისი სურათის გმირი თუ აზერბაიჯანზე, სომხეთზე ან ჩრდილოკავკასიის რომელიმე რესპუბლიკაზე. რატომ გადაწყვიტა “მამაომ”, რომ მაინც და მაინც საქართველო ჰქონდა მხედველობაში სალვადორს და ამიტომ ნატო-ში არ უნდა შევიდეთ?!
მეორეც, ბატონი სალვადორი, როგორც მოგეხსენებათ, სიურეალისტი მხატვარი გახლდათ და მეორე მსოფლიო ომის დროს თავი შეაფარა აშშ-ს, სადაც ნაყოფიერად მოღვაწეობდა დისნეისთან, ჰიჩკოკსა და სხვა ცნობილ დიდ ხელოვანებთან.
მესამე და მთავარი, როდესაც მამაო იწყებს დიდი მხატვრის ტილოს ანალიზს, რასაც აკავშირებს საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას და გაუთვითცნობიერებულ ადამიანს (სამწუხაროდ, ასეთები ბევრი გვყავს) მისტიკური შიშით აზომბირებს, ამას ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ქცევა ჰქვია?! საინტერესოა, ასეთი “ბოდვითი იდეა” რატომ არ მოსდით თავში აზერბაიჯანელებს ან სომხებს?! მათაც ხომ ჰყავთ სასულიერო პირები? და როგორც ზემოთ აღვნიშნე, დალის სურათზე, ის საჩვენებელი თითი საქართველოს ნამდვილად არ აჩვენებს. ყველაფერი ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სამწუხაროდ, ზოგიერთი საეკლესიო პირი მოწოდებულია, რომ რელიგიური პანიკა დათესოს მრევლში, რატომ ან რისთვის? _ ეს თავად უკეთ იცის და ამაზე საუბარი შორს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩრდილოეთამდე მიგვიყვანს...

რა ხდებოდა წინა კვირის საერო ცხოვრებაში
    
მიუხედავად ქართული ოფიციალური მხარის, რბილად რომ ვთქვათ, პრეტენზიული პოლიტიკური ტონისა, ევროპარლამენტის, კერძოდ “ევროპის სახალხო პარტიის” მისამართით, ბრიუსელის ფორუმზე ევროკავშირის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ საქართველო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში გაერთიანებულიყო. ამ პერსპექტივის შესახებ, ჯერ კიდევ წინა წლის ნოემბერში, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ქეთრინ ეშტონმა, როდესაც იგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ირაკლი ალასანია: _ “საქართველოს მთავრობა თანახმაა ევროპელი პარტნიორების შემოთავაზებაზე. მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ მთავრობაში ვიმსჯელეთ და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს”.
ასე რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური ვექტორის სტრატეგიული მიმართულება დასავლეთისაკენაა, თუმცა აბსურდის თეატრი დღევანდელი ქართული პოლიტიკის სისხლხორცეული ნაწილია და საქართველოს “ვადაგასული” პრეზიდენტი, მაინც, ვერა და ვერ ეტევა თავის კანში _ აქტიურობის ერთადერთი საშუალება განცხადებების კეთებაა და სააკაშვილიც ორშაბათიდან-ორშაბათამდე ამითაა დაკავებული. ბატონი მიშა, თითქმის ყოველ დღე, აპროტესტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის წერილებს ევროპარლამენტის სახალხო პარტიის მისამართით.
მიხეილ სააკაშვილი: _ “ტყუილი ჩვენი კომუნიკაციის სამთავრობო სტილად გადაიქცა. არ შეიძლება, ასეთი წერილებით საუბარი ევროპის მთავარ პარტიებთან. არ შეიძლება ის, რომ ელაქუცო კარასინს და საშინელი რამ უწოდო ევროპარლამენტის ლიდერებს. არ შეიძლება, რომ მერკელის, სარკოზის, ბაროზოს პარტიებს უხეშად ლანძღავდე და ამავე დროს, დაფორთხავდე ონიშენკოს მიერ გამოგზავნილ რუსი ჩინოვნიკების წინაშე. მე მინდა, საქართველოს მთავრობას შევთავაზო, დავჯდეთ ერთად და შევიმუშავოთ სერიოზული კონცეფცია, ერთი ხმით ველაპარაკოთ ევროპას. ერთი თვის წინ თქვენ ნახეთ სამთავრობო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი უნდა დარჩეს სასახლეში და იქ მივაწვდით საკვებსა და წყალს. თქვენ ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლები, რომ პრეზიდენტის ყველა გამოსვლა სასახლიდან არის პროვოკაცია და ჯობია, იგი დარჩენილიყო სასახლეში. მე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მთელი წერილი გაჯერებულია ასეთი ტყუილებით”.
პრეზიდენტის პროტესტების მიუხედავად, აქაოდა, ევროპა ზურგს შეგვაქცევს, თუ თბილად და მორჩილად არ დაველაპარაკებითო, როგორც ზემოთ იქნა აღინიშნული, ევროკავშირის თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურების კარი საქართველოსათვის ღიაა.
კიდევ ერთი მომენტი, რამაც ძლიერ გააღიზიანა საქართველოს ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი: საქმე ეხება პრემიერის განცხადებას კოტე კუბლაშვილთან დაკავშირებით. 
ბიძინა ივანიშვილი:  _ “არ გამიგია, რომ კუბლაშვილი მექრთამეა, ის სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია. კუბლაშვილს სერიოზული დაავადება ჰქონდა, მას პირადად სააკაშვილი დაეხმარა და ვალდებულების გრძნობით იყო მის მიმართ”. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი მოხელე, მათ შორის, კუბლაშვილიც და სხვა დანარჩენი ჩინოვნიკებიც, რომლებიც სააკაშვილის გუნდის წევრად მოიხსენიებოდნენ, მისი იდეოლოგიისა და სისტემის მსხვერპლნი არიან.
“თუ გნებავთ, მეც მსხვერპლი ვიყავი, 2 წელიწადნახევარი ვერ ვაცნობიერებდი კარგად, ვისთან მქონდა საქმე, _ აღნიშნა პრემიერმა, _ კუბლაშვილი ვერ ახერხებდა, რომ უარი ეთქვა ერთი ადამიანისათვის. ის გახდა მსხვერპლი, ვერ ახერხებდა სისტემიდან ამოვარდნას. ძალიან ბევრმა ჩემზე გვიან გააცნობიერა, რა ხდებოდა”.
პრემიერის კუბლაშვილთან ვიზიტის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს დაპირისპირებას ბოლო მოეღო. ბატონი კუბლაშვილის ბოლო განცხადებების თანახმად, უზენაესი სასამართლო კონსტრუქციულად ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროსთან და მზადაა, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეფორმების გატარებისთვისაც.
უახლოეს მომავალში შუალედური არჩევნებია და არაკომპეტენტურ-არაპროფესიონალი პარლამენტარებით შეღონებული უსუფაშვილი, თურმე, ყოველ დღე სთხოვს პრემიერს მსახიობები, ხელოვანები და სპორტსმენები კანდიდატებად არ წარადგინოს.    
ბიძინა ივანიშვილი: _ “პარლამენტში დეპუტატთა უმრავლესობას საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება არ აქვს. უსუფაშვილი ითხოვს, ახალი დეპუტატები პროფესიონალები იყვნენ და არა _ მსახიობები. უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს,  არ გაბედო და, ვინმე ცნობილი მსახიობი არ შეიყვანო სიაშიო! ჩვენ უკვე შევიყვანეთ ჩვენი საყვარელი ხალხი პარლამენტში, მაგრამ აქ არის პროცედურა...”
სხვათა შორის, ძველ საბერძნეთსა და რომში მხატვრებს, მსახიობებს, პოეტებს და ძმათა მათთა, ახლოს არ აკარებდნენ პოლიტიკას, რადგან ითვლებოდა, რომ ამ ჯურის ხალხს პოლიტიკისა არაფერი გაეგება და ვინც ტაშს დაუკრავს და დაასაჩუქრებს, თავფეხიანად მისი იქნება. ფაქტია: ანტიკური ხანიდან დღემდე, ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ჯურის ხალხში, გამონაკლისები კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყვნენ.
ისე, თემიდან შორს არ წავალ და, “გადარეულ” სალვადორ დალის “გეოპოლიტიკური ყრმის” ქართულ პოლიტიკაში “ჩატვირთვა” და  “მართლმადიდებელთა ტვინის დავირუსება” ნატო-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ღრმად გათვლილი პოლიტიკური პროექტი რომ არის, ფაქტია. თავის მხრიდან არც ვატიკანი აკლებს და ახალი პაპის არჩევის შემდეგ, კათოლიკე პადრე აცხადებს: “სამმა უმანკო ასულმა სიზმარი ნახა, რომ პუტინი დასავლეთთან ომს აპირებს. ამიტომ, ახალმა პაპმა ძალიან ბევრი უნდა ილოცოს, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყოს”.
გამოდის რა?! _ თვით ვატიკანის უმაღლესი სასულიერო პირი ყოველდღე ლოცვას აღავლენს, რომ პუტინმა დასავლეთი არ გაანადგუროს. საინტერესოა,Aასე რატომ ეშინია ევროპას პუტინის და არა მარტო ევროპას, აშშ-საც? ყოველ შემთხვევაში, ობამამ ვერა და ვერ “გადატვირთა” ამერიკულ-რუსული ურთიერთობა დემოკრატიულ კალაპოტში.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მარტში საქართველოს პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, შედგება თუ არა “ნაცების ამბოხი”.

“მთელი საქართველო სიცილით მოკვდება”
ვანო მერაბიშვილი:
 _ “ვიცი, რომ მთავრობას აქციების ძალიან ეშინია. მას მოუწევს შეგუება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. საქართველოში იარსებებს ოპოზიცია და მას მოუწევს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება, რაც მალე შეეგუება ივანიშვილი ამას, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისათვის”.
ექსპრემიერი ივანე მერაბიშვილი სულ უფრო აქტიური ხდება და 19 აპრილის აქციებით იმუქრება. იმუქრება დეპუტატი აკაკი მინაშვილიც და აცხადებს, ძალადობრივი მეთოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდებაო.
მართალია, “ნაცმოძრაობა” ხმამაღლა არ ამბობს, რევანშისათვის რომ ემზადება, მაგრამ  “ვადაგასულ” პრეზიდენტს კუდის მოქნევა რომ უნდა, ფაქტია. ეს იგრძნობა ყველა მის განცხადებასა და გამოსვლაშიც. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც შესაძლოა, გამოიყენოს, მთავრობის დათხოვნაა, მაგრამ საამისოდ სერიოზული საბაბი უნდა მისცეს უმრავლესობამ. რაც შეეხება მიზეზებს, პრეზიდენტს უკვე იმდენი მიზეზი აქვს, გაბრაზებული იყოს, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მაინც: აღარც ამალა და პირისფარეშები ჰყავს, აღარც ლამაზი ასულები უმშვენებენ მხარს და რაც მთავარია, აღარც სცენა აქვს, რომ დიდი ტაში მოისმინოს. 19 აპრილს კი, შეიძლება საბოლოოდ, მაგრამ მაინც, გამოვიდეს ტრიბუნაზე და თავის სეფე სიტყვა თქვას.
თუ რას მოუტანს ეს სიტყვა პრეზიდენტს და რა მოხდება, თუ მთავრობა დაითხოვა, ამაზე პრემიერმა უკვე განაცხადა: _ “სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავს. ის მიიღებს ღიმილს, მთელი საქართველო სიცილით მოკვდება. იქამდე ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩავარდეს, ამან შეკრას “ნაცმოძრაობა” ერთ მუშტად. სანამ სააკაშვილი ამით სარგებლობას დაიწყებს, მას გარიცხავენ ევროპული პარტიიდან და, საერთოდაც, დაეკარგება იმიჯი. ეს თემა, უკაცრავად და, აყროლდება იმ დონეზე, რომ თავი არავის აეწევა. საკონსტიტუციო ცვლილებები გავა და გარწმუნებთ, მთავრობის დათხოვნის ბერკეტების გამოყენებას სააკაშვილი ვეღარ გაბედავს”.

რატომ გააქტიურდნენ სომხები
საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში, როდესაც ქვეყანას რთული პერიოდი ჰქონდა, სწორედ მაშინ სომხები ულტიმატუმს გვიყენებდნენ და არც ახლა დააყოვნეს:
სამცხე-ჯავახეთში, სომხები ეიფორიაში არიან და პირველი ულტიმატუმიც წამოაყენეს _ ოფიციალურად ადგილობრივ საკრებულოში უმრავლესობის კენჭისყრის შემდეგ მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც შავით თეთრზე წერია, სომხური ენა რეგიონალურ ენად უნდა გამოცხადდესო. ეს ოფიციალური დოკუმენტი უკვე ოფიციალურად გადმოაგზავნეს საქართველოს პარლამენტში განსახილველად.
სომხები რომ ასეთი ზნით გამოირჩევიან, ეს ქართველებს არ გვაკვირვებს და კარგა ხანია, შეჩვეულები ვართ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ მოთხოვნის ინიციატორი “ნაციონალი” სომეხი, ანუ პარტია “ნაცმოძრაობის” წევრია.
სომხების ასეთი გამოხდომები არახალია და მათი რუდუნებით მომზადებული დოკუმენტიც ჩაილურის წყალს დალევს, თუმცა, აღნიშვნის ღირსია, რომ სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელ არეულობაზე “ნაცმოძრაობის” წევრები ალაპარაკდნენ და თითი ხაჩალიანისკენ გაიშვირეს, რომლის ციხიდან გამოსვლას პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები აპროტესტებდნენ. O
სომხების საკითხზე ოპოზიციას სალაპარაკო მიეცა და ვანო მერაბიშვილმა დიდსულოვნად შესთავაზა დახმარება ირაკლი ღარიბაშვილს, სამცხე-ჯავახეთში სიტუაციის დასალაგებლად, რაზეც მოკლე და კონკრეტული პასუხი მიიღო: “არაფერში გვჭირდება მერაბიშვილთან თანამშრომლობა და მისი გამოცდილება”.