27 აპრილს, შუალედურ არჩევნებში, ნაძალადეველთა გულისმოგებას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, სოსო მანჯავიძე შეეცდება. ჯერჯერობით უცნობია, მმართველი გუნდი მანჯავიძეს კონკურენტს “ჩაუსვამს” თუ არა. ლოგიკით, “ოცნებამ” სამივე შუალედური საარჩევნო ოლქი თუ არა, ნაძალადევი მაინც უნდა დათმოს, თუმცა ქართული პოლიტიკა, როგორც წესი, ლოგიკას არ ექვემდებარება. ისე, არცთუ დიდი ხნის წინ, სოსო მანჯავიძე ითხოვდა, რომ მხოლოდ საპარლამენტო კი არა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ვადამდე ჩატარებულიყო. ამ ფონზე, საინტერესოა, შუალედურ არჩევნებში კენჭისყრა რატომ გადაწყვიტა.
სოსო მანჯავიძე: _ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, ხელი იმ პროცესს შევუწყო, რომელიც იმ ძალებს, რომლებიც აქამდე ხელისუფლებაში იყვნენ, პოლიტიკას ჩამოაცილებს.
_ და ერთი ადამიანი ამ მისიას როგორ შეასრულებს?
_ საერთოდ, ერთი ადამიანი, თუკი ისტორიას გადავხედავთ, ბევრ რამეს წყვეტს.
_ კი ბატონო, მაგრამ სოსო, თქვენ არც მეფე ერეკლე ხართ და არც _ გიორგი სააკაძე...
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი მისია და ფუნქცია აქვს და ვიდრე ამას არ გავიგებთ, ბევრი რამის გაგება გაგვიჭირდება. ყველა უნდა შეეცადოს, რომ თავისი როლი გაიგოს. ჩემი ფუნქცია კი, ამ შემთხვევაში, ისაა, რომ ის მძიმე მორალური მდგომარეობა, რომელშიც საზოგადოება ყბადაღებული კოჰაბიტაციის თავსმოხვევის გამო აღმოჩნდა, გამოვასწორო. საამისოდ ერთ-ერთი საშუალება საპარლამენტო ტრიბუნაა!
_ გამორიცხავთ, რომ “ოცნებამ” ნაძალადევში კონკურენტი “ჩაგისვათ”?
_ ეს კოალიციის მესვეურთა არჩევანია, თუმცა საზოგადოებრივი აზრიც არსებობს... ხომ გაგიგიათ, გონების ძილი ურჩხულებს შობსო. ამ შემთხვევაში, ურჩხული გაუგებრობა და ზნეობრივი ორიენტირების არარსებობაა... ურჩხულია, როცა ადამიანები სიცრუეში ცხოვრობენ.
_ დღესაც სიცრუეა?
_ რა თქმა უნდა. უბრალოდ, ადრე სიცრუეში იძულებით ვცხოვრობდით, ახლა კი, გვეუბნებიან, სიცრუეში იმიტომ უნდა ვიცხოვროთ, რომ ამას პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვსო.
_ პოლიტიკურ კონიუნქტურას არ უნდა დავემორჩილოთ?
_ თუკი პოლიტიკურ კონიუნქტურას დავემორჩილებით, უნდა დავიჯეროთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველა სულისჩამდგმელი მსხვერპლია.
_ პრემიერმა ყველაზე კი არა, მხოლოდ კოტე კუბლაშვილზე თქვა, მსხვერპლიაო...
_ ეს პრინციპული საკითხია, რადგან კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. ყველა უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა, მთავარი დამნაშავე სასამართლოა და თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მსხვერპლია, მაშინ ბოროტმოქმედი ვინაა?.. მოკლედ, ის, ვინც ქადაგებს, რომ დამნაშავეები არ უნდა დაისაჯონ, ქართულ სახელმწიფოს მომავალს უკარგავს!
_ დამნაშავე, ცხადია, უნდა დიასაჯოს, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ანგარიშის გაუწევლობა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ძვირი დაგვიჯდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვაში დაადანაშაულეს. ერთი სიტყვით, კოჰაბიტაციაზე უარის თქმა ოპონენტებს იმის თქმის საფუძველს ხომ არ მისცემს, რომ ახალი ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებზე უარს ამბობს და გეზს ჩრდილოეთისკენ იღებს?
_ ასეთი კოლიზია საერთოდ არ არსებობს.
_ როგორი “ასეთი”?
_ როგორი და, _ იმაზე, რასაც ძველი რეჟიმი აკეთებდა, თვალი დავხუჭოთ...
_ და თვალს ვინ ხუჭავს? _ სხვა თუ არაფერი, “ნაციონალებმა” პროკურატურას “შემოიხედე, გენაცვალე” შეარქვეს...
_ ბერძენიშვილმა თქვა, კოჰაბიტაცია ჩვენი არჩევანი კი არა, განაჩენიაო, ანუ გადაწყვეტილებების მიმღები ხალხი გვეუბნება, კოჰაბიტაცია აუცილებელი იმიტომაა, რომ თუ ასე არ ვიმოქმედებთ, დასავლეთი დაგვსჯისო, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ დასავლეთში ასეთი პოლიტიკური ნება არ არსებობს, ანუ ეს არჩევანი დასავლეთისგან არ მოდის.
_ აბა, ვისგან მოდის?
_ ეს არჩევანი იმ ტრადიციიდან მოდის, რომელიც კოჰაბიტაციის საჯარო გამოცხადებამდე არსებობდა.
_ ანუ, ეჭვობთ, რომ...
_ კი არ ვეჭვობ, არამედ, ის ხალხი, ვინც კოჰაბიტაციას გვიქადაგებს, იდეოლოგიურად “ნაცმოძრაობის” იდენტურია.
_ აქცენტს “რესპუბლიკელებზე” აკეთებთ?
_ მხოლოდ “რესპუბლიკელებზე” კი არა, ყველაზე, ვინც სააკაშვილთან, წლების განმავლობაში, ფარულად თუ ღიად თანამშრომლობდა. სწორედ ეს ურთიერთობა არ აძლევთ საშუალებას, რომ ნორმალურად იმოქმედონ.
_ “ნორმალურად მოქმედება” რას ნიშნავს?
_ რას და, _ დამნაშავეები დაუყოვნებლივ დააკავონ! “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარის სახელზე მიწერილ პრემიერ-მინისტრის წერილში შემაძრწუნებელ ფაქტებზეა ლაპარაკი. სხვა თუ არაფერი, 9 წლის განმავლობაში, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი გასამართლდა და ეს ტერორი იყო!
_ სოსო, თქვენი აზრით, პრემიერს კოჰაბიტაციას თავს ახვევენ?
_ პრემიერი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს და ეს გასაგებია, თუმცა ეს ლოგიკა ჩემთვის მისაღები არაა და ვთვლი, რომ უარეს შედეგს მოიტანს.
_ მაინც, ვის გასამართლებას ითხოვთ?
_ რეჟიმის იდეოლოგიური ხელმძღვანელობის, მაგალითად, “თავისუფლების ინსტიტუტის”, ბენდუქიძის...
_ “თავისუფლების ინსტიტუტის” სახე ლევან რამიშვილი, ან კახა ბენდუქიძე რა ბრალდებით უნდა დაიჭირონ?
_ რა ბრალდებითაც, მაგალითად, ჰებელსი დააკავეს.
_ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი იდეოლოგიური მხარდაჭერისთვის სასჯელს ითვალისწინებს?
_ ანტისახელმწიფოებრივი და დივერსიულ-იდეოლოგიური საქმიანობისთვის, სიძულვილის ქადაგებისა და ეთნიკურ-რელიგიური მცნებების აღრევის მცდელობისთვის დაკავებას კი არა, “თავისუფლების ინსტიტუტის” აკრძალვას ვითხოვ.
_ ხომ შეიძლება, “თავისუფლების ინსტიტუტმა” ანალოგიური საბაბით თქვენი პარტიის _ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აკრძალვაც მოითხოვოს?
_ ჩვენი პარტია ხელისუფლებაში არ ყოფილა... საქართველო მსოფლიოში გეოპოლიტიკური მდებარეობითა თუ სასარგებლო რესურსებით ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსოფლიოში უღარიბესები ვართ იმიტომ, რომ დანაშაულებრივი იდეოლოგიის სახელმწიფო პოლიტიკა დაინერგა. ქართველებმა საკუთარ თავს მარტივი შეკითხვა უნდა დავუსვათ: ვინ არის ყველაფერში დამნაშავე და რატომ დავკარგეთ ტერიტორიები?
_ ამ შეკითხვაზე, ცხადია, პასუხიც გექნებათ...
_ ყველაფერში დამნაშავე, რა თქმა უნდა, ყოფილი მმართველი გუნდია.
_ კონკრეტული გვარების დასახელებაც შეგიძლიათ?
_ მიხეილ სააკაშვილი, ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, კახა ბენდუქიძე, გიგი თევზაძე, თუთბერიძე და მთელი მათი პლეადა...
_ ანუ, ეს ადამიანები უნდა დავიჭიროთ?
_ კი არ უნდა დავიჭიროთ, არამედ, რაღაც ფორმა უნდა შევიმუშაოთ, რომ ამ ადამიანებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენა ვეღარ მოახდინონ. პროკურატურის თანამშრომლები დანაშაულებრივ ნებას ასრულებდნენ და ადმიანებს 30-35 წლით ციხეში ყრიდნენ და არ ვიცით, ყველაფერ ამას ვინ გეგმავდა?
_ სოსო, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ, მაგალითად, კახა ბენდუქიძეს ხომ შეიძლება, ბრალდება პირდაპირ წაუყენონ და მასთან ბრძოლა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებით არ დაიწყონ?
_ მეც მაგას ვამბობ, რომ დამნაშავეებთან ასეთი ცერემონიალები საჭირო არაა! სამასი ათასი ადამიანი გაასამართლეს, კარგად ვიცით, ციხეში რაც ხდებოდა, ისიც ვიცით, ჯანდაცვას, ეკონომიკას და განათლების სისტემას რა უყვეს. ამასთან, ქვეყანა უსაფრთხოების გარეშე დატოვეს და უშიშროება მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის კომპრომეტირებაზე მუშაობდა და ამ ხალხთან რომელ კოჰაბიტაციაზეა ლაპარაკი?
_ ამ ფონზე, თუკი ხელისუფლება გარკვეულ ფინანსურ-პოლიტიკურ ამნისტიას მიიღებს, გამწარებული ხალხი “ბეზპრედელს” ხომ არ დაიწყებს?
_ ეს ამნისტია მოსახლეობაში სრულ აპათიას გამოიწვევს, რასაც დანაშაულებრივი დაჯგუფების რევანში მოჰყვება, ანუ თუკი მოსახლეობას ქვეყანაში ნორმალური სამართლებრივი გარემოს აღდგენის რწმენას დავუკარგავთ, ისინი, ვინც “ნაცმოძრაობის” ზონდერჯგუფებში იყვნენ, პოლიტიკურ უზრუნველმყოფს იპოვნიან და რევანშისთვის მოქმედებებს დაიწყებენ.
_ სხვათა შორის, მერაბიშვილმა თქვა, ოთხი წელი არ მოვიცდითო, ანუ “ნაცმოძრაობა” არჩევნებს არ დაელოდება და ხელისუფლებაში დაბრუნებას მანამდე შეეცდება?
_ ვიცი, საზღვარგარეთ ჯგუფები არიან გასულები...
_ კონკრეტულად?
_ კიევის სასტუმროები ახალაიას დაცვითა და მერაბიშვილის ხალხითაა სავსე...
_ მერე, ეს რაზე მეტყველებს? რამეს გეგმავენ?
_ ისინი უკმაყოფილონი არიან, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლება დაკარგეს და ქაოსს გეგმავენ. “ნაციონალები” ნგრევის აგენტები არიან და ნგრევის მეტი არაფერი შეუძლიათ!
_ ქაოსის დასაგეგმად მაინცდამაინც უკრაინაში რატომ წავიდნენ?
_ იმიტომ, რომ უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გვაქვს.
_ ესე იგი, ახალაიას დაცვა და მერაბიშვილის ხალხი საქართველოში რაღაც პროცესებს უკრაინიდან მართავენ?
_ ვერ ვიტყვი, რომ ჯერ მართავენ... სპეცსამსახურის წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ერთმანეთს ხვდებიან და, უხეშად რომ ვთქვათ, კონსულტაციებს აწარმოებენ.
_ 19 აპრილი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
_ შეეცდებიან, რომ 19 აპრილს ძალები მოსინჯონ.
_ “ძალების მოსინჯვა” ფართომასშტაბიან პროვოკაციის მოწყობას გულისხმობს, რაც სააკაშვილს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა თუ არა, მთავრობის დათხოვნის საბაბს მისცემს?
_ სააკაშვილი საფრთხეს აღარ წარმოადგენს და თვითონ “ნაცმოძრაობის” უდიდესი ნაწილი აღარც ენდობა და აღარც რამედ აგდებს. დღეს საფრთხეს “ნაცმოძრაობის” ე.წ. ძალოვანი ბლოკი წარმოადგენს, რომელიც გაჩერებული მხოლოდ იმიტომაა, რომ მის მიმართ ხალხის დიდი აგრესიაა და, შესაბამისად, თავისი მოქმედებებისთვის პოლიტიკურ უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, მაგრამ როგორც კი ამ კოჰაბიტაციის შედეგად, ხალხის დამოკიდებულება, ანუ აგრესია ძველი და ახალი ხელისუფლების მიმართ გასწორდება, ამ ძალოვან ბლოკს მოქმედების შანსი გაუჩნდება და იმოქმედებს კიდეც.
_ და ეს “მოქმედება” რაში გამოიხატება?
_ როცა ქვეყანაში ზნეობრივი კოლაფსია, ხელისუფლებას ხელში ყველაზე ბნელი ძალები იგდებენ და 2003 წელს სწორედ ეს მოხდა. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც სააკაშვილი და მერაბიშვილი დაბრუნდებიან, მაგრამ რომელიმე ავანტიურისტულმა ჯგუფმა, შეიძლება, ძალიან ხმაურიანი ავანტიურა დაგეგმოს, რომელიც ივანიშვილს გადაბრალდება და ამ ავანტიურის მიზანი ივანიშვილისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტება იქნება.
_ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ასეთი ავანტიურა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებაა, მით უმეტეს, რომ ავტორიზაციის საბჭო, როგორც ამბობენ, სააკაშვილის ხალხითაა დაკომპლექტებული... სოსო, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ნაძალადეველებს რას ჰპირდებით?
_ ხალხს სამართლიანობის აღდგენა უნდა!
_ ესე იგი, ნაძალადეველებმა 27 აპრილს ხმა მხოლოდ იმიტომ უნდა მოგცენ, რომ სამართლიანობის აღდგენას ითხოვთ?
_ ხალხს ვპირდები: როგორც კი პარლამენტში შევალ, პატრიოტული ძალების ფორმირებას დავიწყებ, რომ “ნაცმოძრაობა” პოლიტიკური ველიდან გავიყვანოთ! სწორედ ესაა მთავარი ამოცანა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას!
_ მაშასადამე, ამომრჩეველს სოციალური პრობლემების მოგვარებას არ ჰპირდებით?
_ ხალხს ვპირდები, საკანონმდებლო დონეზე დავაყენებ საკითხს, რომ მაგალითად, ადამიანს გადაადგილების, გათბობისა და ჭამის მინიმალური საშუალება ჰქონდეს და ეს ისე მოხდეს, რომ მისი ღირსება არ დავამციროთ. ამასთან, ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკა უნდა შემუშავდეს. სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს პროგრამა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას სიღატაკის საკითხი.
_ გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ?
_ არ ვაპირებ, რომ არჩევნების იმ ტრადიციულ სისტემას მივყვეთ, რომლითაც მოსახლეობის მოსყიდვა და მოტყუება ხდებოდა. ყველას ვეტყვი, რის გაკეთებასაც ვაპირებ და ვინც მიცნობს, იცის, რომ რასაც ვამბობ, იმის გაკეთებას ყოველთვის ვცდილობ! ყველას მოვუწოდებ, მათი ბიოგრაფიები შეიწავლოს, ვინც ნაძალადევში ხმის მიცემას მოითხოვს!
_ ასეა თუ ისე, მგონია, რომ ნაძალადევში თქვენი მთავარი კონკურენტი “ოცნება” იქნება, თუკი, ცხადია, მაჟორიტარობის კანდიდატს დაასახელებს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თქვენს წინააღმდეგ მუშაობას ნაძალადევის ყოფილი დეპუტატი, “ნაციონალი” მერაბ სამადაშვილი აპირებს...
_ ეს ინფორმაცია მეც მაქვს... “ნაციონალები” კანდიდატურის დაყენებას აპირებენ, თუმცა ეს თემა არ მაინტერესებს...
_ მე რომ ნაძალადეველი ვიყო, ხმა მაინცდამაინც თქვენ რატომ უნდა მოგცეთ?
_ ხმა იმიტომ უნდა მომცეთ, რომ: თუ პატრიოტი ხართ და გინდათ, რომ ქვეყანაში ეს სამართლებრივი და ზნეობრივი ქაოსი რაღაცნაირად აღმოიფხვრას, ამასთან, გინდათ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, “ნაცმოძრაობა” პოლიტიკური ველიდან გავიდეს და, საერთოდ, სამართალმა პური ჭამოს და ალტერნატიული აზრი გაჩნდეს!
_ კი, მაგრამ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ალტერნატიულ აზრს, მგონი, აღარავინ ერჩის...
_ დადებითი მოვლენაა, რომ ამნისტია გამოცხადდა და ტერორი შეწყდა, მაგრამ მე პრინციპულ ცვლილებებზე ვლაპარაკობ...
_ სოსო, 19 აპრილის აქციაზე რომ წავიდე, თქვენს თვალში პატრიოტი არ ვიქნები?
_ რა თქმა უნდა, _ არა.
_ აბა, “ნაციონალები” რომ ამტკიცებენ, 19-ში პატრიოტები ვიკრიბებითო? ვერ გავიგე, ამ ქვეყანაში “ორმაგი პატრიოტიზმი” არსებობს?
_ სიტყვა საქმისგან უნდა გავარჩიოთ, ანუ სიტყვებს კი არა, იმას უნდა შევხედოთ, ვინ რას აკეთებს. როგორც ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი ამბობდა, პატრიოტიზმი ყევლაზე დიდი გარეწრების თავშესაფარია. რაც შეეხება მაზმანიანის ანეგდოტურ გაერთიანებას “პატრიოტების” სახელწოდებით, ვანო მერაბიშვილმა მას შემდეგ, რაც ჩვენ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დავაფუძნეთ, რომელშიც, სხვათა შორის, უკვე ოთხი ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, სპეციალურად შექმნა...
სხვათა შორის, საქართველოში 214 პარტიაა და ამ პარტიების უმრავლესობა იმიტომ არსებობს, რომ ნამდვილი პარტიების არსებობა დაბლოკოს. გვაქვს კანონპროექტი, თუ როგორ შეიძლება, ეს საკითხი მოწესრიგდეს. არ შეიძლება, ხუთმა ადამიანმა თავს პარტია უწოდოს. ეს პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ, ამომრჩევლის დეზორიენტაციას ახდენენ...
_ იმასაც ამბობენ, რომ პატარ-პატარა პარტიების არსებობა გარკვეულწილად პოლიტიკურ კორუფციას უკავშირდება...
_ დიახ, პოლიტიკური კორუფციის წყაროა და სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს, რომ პარტია პარტია იყოს, პარლამენტი _ პარლამენტი, პროკურატურა _ პროკურატურა და ასე შემდეგ...
_ ისე, თუკი ნაძალადევის მაჟორიტარი გახდით, ეს ორმაგი პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ ამ რაიონის რჩეული პირველ ოქტომბერს იუსტიციის დღევანდელი მინისტრი თეა წულუკიანი გახდა...
_ ნაძალადეველებმა ძალიან კარგად იციან, ამ წლების განმავლობაში ვინ რას აკეთებდა...
_ პრინციპში, ცუდი ბეგრაუნდი არც თქვენ გაქვთ...
_ ჩემზე კომპრომატები რომ არსებობდეს, კენჭს არც ვიყრიდი და, საერთოდ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს პოლიტიკური შეკვეთა შევასრულო. ჩვენი უბედურება სწორედ ისაა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა თანამდებობებზე ადამიანებს მათი მართვადობის მიხედვით განიხილავს. მართვის მთავარ წყაროდ კი, კომპრომატი ითვლება. ვიდრე პოლიტიკაში თანამოაზრეთა ნაცვლად, კომპრომეტირებულ ადამიანთა გუნდი იქნება, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება! ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ეს დაბინძურებული პოლიტიკური ცხოვრება გავწმინდოთ!
_ სოსო, წარმატებას გისურვებთ!