ვისი ინიციატივით დაიგეგმა სპორტის სასახლეში შეხვედრა და რა პრეტენზიები აქვს ნანა კაკაბაძეს ახალ ხელისუფლებასთან
საქართველოში დაბრუნებულმა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ, რომელიც რუსეთისადმი სიმპათიას არ მალავს და იმასაც აღიარებს, რომ პროკრემლისტური პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას აპირებს, განაცხადა, “ნაციონალები” ხელისუფლებაში მოვიდნენ თუ არა, დამავალეს, რომ ნანა კაკაბაძისთვის მომესმინაო. სხვათა შორის, “ყოფილი პოლიტპატიმრების” ხელმძღვანელი “ვარდების რევოლუციის” მხარდამჭერი იყო. ამ ფონზე, გაუგებარია, სააკაშვილმა მისი მოსმენა-თვალთვალი რატომ გადაწყვიტა... მოგვიანებით, ნანა კაკაბაძე “ვარდოსნების”, როგორც იტყვიან, დაუძინებელი ოპონენტი გახდა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას დღესაც აგრძელებს _ 14 აპრილს სპორტის სასახლეში, კაკაბაძის არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, წინა ხელისუფლებისგან დაზარალებული ადამიანები შეიკრიბებიან და “ოცნებას” სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ. ნანა კაკაბაძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას, აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებაშიც არიან ისეთები, ვისაც მოქალაქეების წინაშე დანაშაული მიუძღვით... კიდევ ერთი თემა, რომელზეც “ქართული სიტყვა” კაკაბაძეს ესაუბრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაია ხასიასა და “ნაცონალების” ფარული თანამშრომლობაა _ მოარული ხმით, ხასია “ნაცმოძრაობის” კადრია, თუმცა ამ ინფორმაციას ნანა კაკაბაძე კატეგორიულად უარყოფს:
_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაია ხასია “ნაციონალი” არაა და ის, ვინც ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, გამიზნულად მოქმედებს. ადრე მაია ხასია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობდა, სერიოზული ექსპერტი იყო და ვთხოვეთ, რომ ეს გამოცდილება ჩვენთვისაც გაეზიარებინა. ასე რომ, ის არც “ნაციონალებთან” მეგობრობს და არც _ ბაჩო ახალაიასთან.
რაც შეეხება ვალერი ხაბურძანიას განცხადებას, “ვარდების რევოლუციის” დროს იმ ოფისში, ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიასთან ერთად ვმუშაობდი, სადაც “თავისუფლების ინსტიტუტი” იყო განთავსებული. ამიტომ, ახალი ხელისუფლებისთვის ყველა ინფორმაცია, რომელსაც “თავისუფლების ინსტიტუტში” ფლობდნენ, მნიშვნელოვანი იყო და გასაკვირი არაა, რომ ჩემი მოსმენა გადაწყვიტეს. ისე, დიდი ხანია არაა, რაც ჩვენი ტელეფონები ვანო მერაბიშვილის კაბინეტთან აღარაა შეერთებული.
_ ქალბატონო ნანა, 14 აპრილის შეხვედრის ინიციატორი თქვენ ხართ?
_ არა. ყოფილი პოლიტპატიმრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სპორტის სასახლეში ფართო შეხვედრა ჩავატაროთ, რომელშიც მონაწილეობას ყველა ის ადამიანი მიიღებს, რომელიც თავს რეჟიმისგან დაზარალებულად მიიჩნევს. სპორტის სასახლე 12 ათას ადამიანს იტევს და ამიტომ, შეიძლება, ამ თავყრილობაზე დასწრება ყველა დაზარალებულმა ვერ შეძლოს, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობას დელეგაციები მიიღებენ.
შეხვედრაზე ორ მოთხოვნას წამოვაყენებთ _ “ნაცმოძრაობის” მიერ დამყარებული რეჟიმის გასამართლება და “ნაცმოძრაობის” კანონგარეშედ გამოცხადება. ამასთან, ისეთ საკითხებზე ვისაუბრებთ, როგორიცაა, მაგალითად, ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა _ ძველი რეჟიმის ჩინოვნიკები, რომელთაც საკუთარი მოქალაქეების წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, დღესაც სხვადასხვა თანამდებობებზე არიან... სხვათა შორის, 14 აპრილს ისეთ თემებზეც ვისაუბრებთ, რომლებიც მოსახლეობისთვის უცნობია... ამასთან, შეიქმნება ერთიანი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც მუშაობას კონკრეტულ პრობლემებზე დაიწყებს. აქ საუბარი მხოლოდ შეხვედრაზე კი არა, ძალის დემონსტრირებაზეა _ 14 აპრილი მესიჯი მხოლოდ “ნაციონალებისთვის” კი არა, დღევანდელი ხელისუფლებისთვის იქნება, რომ სამართლიანობა აღადგინოს!
_ ქალბატონო ნანა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემაში კონკრეტულად რა შეიცვალა?
_ ის შეიცვალა, რომ პატიმრებს აღარ აწამებენ. ამასთან, ტუსაღთა რაოდენობაც შეთხელდა და ამ კუთხით ნელ-ნელა ევროსტანდარტს ვუახლოვდებით, თუმცა ციხეში პრობლემები მაინც არსებობს.
_ რას გულისხმობთ?
_ ადამიანები, რომლებიც ციხიდან გამოვიდნენ, ან გამოვლენ, აბსოლუტურად გაპარტახებულნი არიან და ბევრს პურის ფულიც არ აქვს. ამიტომ, ჩნდება საფრთხე, რომ ისინი ისევ ციხეში შებრუნდნენ. შესაბამისად, ამ ადამიანების დასაქმება მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთში პატიმარი კოლონიიდან რომ თავისუფლდება, გარეთ დიდი ბიუჯეტით გადის.
_ ეს როგორ?
_ როგორ და, _ კოლონიაში ქამა სოკო მოჰყავთ და ყველა პატიმარი ჯამაგირს იღებს. რატომ არ შეიძლება, რომ მეზობელ ქვეყანას მივბაძოთ?
_ ამ ინიციატივით ხელისუფლებისთვის ხომ არ მიგიმართავთ?
_ კი, მაგრამ გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
_ რამდენიმე დღის წინ, პატიმარი კიდევ გარდაიცვალა...
_ როგორც ვიცი, ეს პატიმარი “ც”-ე ჰეპატიტითა და სხვა მძიმე დაავადებით იყო შეპყრობილი, თუმცა ეს ციხის ადმინისტრაციას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს _ როცა იცი, რომ პატიმრის სიცოცხლე კრიტიკულია, ე.წ. აქტიროვკა გამოიყენე, სასამართლოს მიმართე და სასჯელის გადავადება მოითხოვე. როცა პატიმარი სასიკვდილოდაა განწირული, იმის უფლება უნდა მისცენ, რომ უკანასკნელი დღეები და კვირეები სახლში გაატაროს.