ებრძვის თუ არა გია ხუხაშვილი და რატომ არ იღებს ხელფასს ენერგეტიკის მინისტრი

ებრძვის თუ არა გია ხუხაშვილი და რატომ არ იღებს ხელფასს ენერგეტიკის მინისტრი

მაისის ბოლოს ფეხბურთის გულშემატკივრებს განსაკუთრებული სანახაობა ელით _ კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება. ეს დღე ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრისთვისაც, უდავოდ, ემოციური იქნება, რადგან კახას, როგორც “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, ბურთი მაგრად ენატრება... და მაინც, ფეხბურთელობა უფრო ადვილია თუ მინისტრობა? ებრძვის თუ არა გია ხუხაშვილი და, საერთოდ, არსებობს თუ არა “ქართულ ოცნებაში” ინტრიგები? რას ფიქრობს ე.წ. ფინანსურ და პოლიტიკურ ამნისტიაზე და აქვს თუ არა დიპლომი? _ “ქართული სიტყვა” გთავაზობთ განსხვავებულ ინტერვიუს კახა კალაძესთან, რომელიც ენერგეტიკის მინისტრობის პარალელურად, ვიცე-პრემიერიცაა.          

_ კახა, ვიცე-პრემიერებს ჩემი ვიზიტი ცუდად აქვთ დაცდილი. ყოველ შემთხვევაში, სწორედ იმ დღეს, როცა შევხვდი, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, პრემიერმა ვიცე-პრემიერობიდან გადააყენა. ჰოდა, რამე რომ მოხდეს, მე არ დამაბრალოთ...
_ (იღიმება) ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვიცე-პრემიერობიდან გადამაყენონ...

_ ალასანიაც თვლიდა, რომ “ისეთს არაფერს” აკეთებდა, მაგრამ... მთავრობის წევრების გადაყენება-გადმოყენებაზე მეტად, ერთი საკითხი მადარდებს: მართალია, პირველი მარტიდან გაზის ტარიფი ხუთი თეთრით შემცირდა, მაგრამ “ყაზტრანსგაზის” ქვითარი მომივიდა, სადაც წერია, 161 ლარის გაზი დაწვი, მაგრამ ვინაიდან პირველი მარტიდან გაზის ტარიფი ხუთი თეთრით შემცირდა, 174 ლარი უნდა გადაიხადოო. მოკლედ, კახა, იქნებ, გამარკვიოთ, რა ხდება?
_ ჯობია, ეს “ყაზტრანსგაზთან” გაირკვეს და ამ თემით დავინტერესდები...

_ კარგს იზამთ, რამეთუ ჩემს მდგომარეობაში, მგონი, მთელი თბილისია. ისე, საქმე საბოტაჟთან ხომ არ გვაქვს, მით უმეტეს, რომ “ყაზტრანსგაზს”, როგორც ვიცი, “ნაციონალ” ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძაშვილი, ანი თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობს...
_ არ ვიცი, ანი თაქთაქიშვილი ვისი ბიძაშვილია. სხვათა შორის, ეს ქალბატონი ითხოვდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ გაკოტრების მმართველს სასამართლო ნიშნავს. სასამართლოსთან მიმართებაში კი, იცით, რა მდგომარეობაა _ სასამართლო, პრაქტიკულად, არ გვაქვს...

_ რა ვიცი, პრემიერმა თქვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, უბრალოდ, რეჟიმის მსხვერპლიაო...
_ თავმჯდომარე, ანუ ერთი ადამიანი მთლიანად სასამართლო სისტემას არ ნიშნავს. გარკვეული ცვლილებები და წარმატებები იყო, მაგრამ მთელი სასამართლო მიხეილ სააკაშვილზე გახლდათ მორგებული და, სამწუხაროდ, დღესაც ასეა.

_ მეხსიერება თუ არ მღალატობს, ვიდრე პრემიერი შეხვდებოდა, კუბლაშვილის იმპიჩმენტს თქვენც ითხოვდით... დღეს პოზიცია შეიცვალეთ?
_ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის უაზრო დავალებებს ასრულებდნენ, რა თქმა უნდა, რეჟიმის მსხვერპლნი არიან.

_ ამ ლოგიკით, ნებისმიერი დამნაშავე შეგვიძლია, მსხვერპლად გამოვაცხადოთ...
_ ადამიანმა, მსხვერპლი კი არა, რაც უნდა დავარქვათ, თუკი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს დაუმტკიცდება, პასუხი უნდა აგოს და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ვანო მერაბიშვილი იქნება, გიგი უგულავა თუ მიხეილ სააკაშვილი.
_ კეთილი, მაგრამ ამ ყბადაღებულ კოჰაბიტაციას რა ვუყოთ?
_ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კოჰაბიტაციაა _ მოგეხსენებათ, ქვეყანაში რა მდგომარეობაცაა. ისე, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით _ 9 წლის განმავლობაში სასჯელი 300 ათასზე მეტმა მოიხადა და ადამიანებს ციხეში, პრაქტიკულად, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების გარეშე სვამდნენ, ოჯახებს უწიოკებდნენ. დღეს კი, ადამიანები, ვისაც დანაშაული, მართლაც, აქვთ ჩადენილი და პროკურატურა მათ დაკავებას ითხოვს, სასამართლო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებს და სამსახურეობრივ უფლება-მოსილებასაც არ უწყვეტს.
_ სხვათა შორის, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ მის ვაჟს, რომელიც ახლახან დაიჭირეს და სასამართლომ 7-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დაკავებისას სცემეს, ანუ პირველი ოქტომბრის შემდეგ, ძალოვან უწყებებში არაფერი შეცვლილა და ცემა-წამება ისევ “მოსულა”?
_ დედა, ამ შემთხვევაში, მხარეა...
_ სხვათა შორის, ეს დედა, ანუ ხათუნა ხოფერია აქტიური “მეოცნებეა”...
_ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ამ საქმეში გარკვეული არ ვარ, უბრალოდ, “ფეისბუქში” შს სამინისტროს განცხადება წავიკითხე...

_ კახა, ენერგეტიკაზე ვსაუბრობდით... “ნაციონალები” 19 აპრილის მიტინგისთვის გამალებით ემზადებიან. ამ ფონზე, “ყაზტრანსგაზის” ზემოხსენებულმა “თანხის წამატებამ” ხომ შეიძლება, ადამიანები, როგორც იტყვიან, წყობილებიდან გამოიყვანოს და 19 აპრილს ქუჩაში გამოვიდნენ? სხვათა შორის, “ყაზტრანსგაზმა” ანალოგიური მაქინაცია დეკემბერშიც განახორციელა...
_ არ მგონია, რომ ამის გამო ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ...

_ რატომ არ გგონიათ? _ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ხალხს ისევ უჭირს...
_ მესმის, რომ ხალხს ძალიან უჭირს და ტარიფების შემცირებას სწორედ იმიტომ ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ცხოვრების პირობები შევუმსუბუქოთ.
ვანო, რაც შეეხება გაზის გადასახადზე დანამატს, ამ ქვითარს დავიტოვებ და პირადად გავარკვევ, რა ხდება...

_ ამ ქვითარს ვერ დაგიტოვებთ, რამეთუ თუ გადასახადი არ გადავიხადე, “ყაზტრანსგაზი” გაზს “გადამიჭრის”...
_ ქვითრის ასლს დავიტოვებ...
_ კეთილი... ესე იგი, გამორიცხავთ, რომ კომუნალური გადასახადების ასეთ მანიპულაციას “ნაცმოძრაობა” დემაგოგიისთვის არ გამოიყენებს? საერთოდ, “ოცნება” რატომ არ აღიარებს, რომ “ნაციონალთა” დემაგოგიის გამოისობით, ჩიხშია?
_ ყველა განცხადებაზე, რომელიც ჩემი სამინისტროსა დ პირადად ჩემს წინააღმდეგ იყო გაკეთებული, არგუმენტებით ვუპასუხეთ. მერაბიშვილმა ლაპარაკი დაიწყო, რაბათში მაღაზიები, თურმე, იმიტომ დაიხურა, რომ დიდი გადასახადები იყოო, მაგრამ ფაქტებით დავუმტკიცეთ, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტი, ამბობს, რომ თითქოს ყველა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შევაჩერე, ყურადღება განსაკუთრებით “ხობი ერთსა” და “ხობი ორზე” გაამახვილა, მაგრამ ფაქტები დავუდეთ, რომ ესეც სიცრუეა. საუბარი იმაზეც იყო, რომ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება თითქოს ინვესტიციების ხარჯზე მოვახერხეთ, მაგრამ ფაქტებით დავამტკიცეთ, რომ ესეც ტყუილია...

_ თქვენს წინააღმდეგ ისეთივე კამპანია რომ დაიწყოს, როგორიც ამასწინათ, თეა წულუკიანს “აუგორეს”, რა დიპლომს დადებთ?
_ რას და, _ რაც მაქვს დამთავრებული.


_ და რა გაქვთ დამთავრებული?
_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი მქვს დამთავრებული და ბაკალავრის წოდება მაქვს.

_ კიდევ კარგი, გოგა ხაჩიძე არ ვარ, თორემ ერთ ამბავს ავტეხდი, სად ისტორიკოსობა და სად _ ენერგეტიკის მინისტრობა-მეთქი.
_ სხვათა შორის, ამაზე ყურადღება თავიდანვე გამახვილდა და არც მე და არც პრემიერ-მინისტრს არ დაგვიმალავს, რომ ისტორიკოსი ვარ. ამიტომ, ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩემს ამ თანამდებობაზე დანიშვნას სკეპტიკურად უყურებდა...

_ თუმცა, როგორც ვიცი, სკეპტიკოსებს განწყობა შეცვლილი აქვთ და აღიარებენ, კალაძე საკუთარ თავზე მუშაობსო...
_ ამაზე საუბარი არ მერიდება და გულწრფელად ვამბობ: იმისთვის, რომ გავერკვე და ჩემი გუნდი არ შევარცხვინო, ღამეებს ვათენებ და ვსწავლობ. მინდა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის პატარა აგური დავდო...

_ გუნდი ახსენეთ და, ხმა დადის, რომ თქვენს წინააღმდეგ “ოცნების” კულუარებში თითქოს გარკვეული ინტრიგები იხლართება. ამბობენ იმასაც, რომ გია ხუხაშვილი გებრძვით, რომელიც, თურმე, ცდილობს, პრემიერი ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებაში დაარწმუნოს. კახა, ხუხაშვილი მართლა გებრძვით?
_ ეს ხმა სინამდვილეს არ შეეფერება. საერთოდ, პოლიტიკოსებზე ყველგან ბევრი ჭორია, საქართველოში კი, პოლიტიკოსებზე ჭორაობა განსაკუთრებით უყვართ და ეს, ალბათ, გარკვეული სოციალური პრობლემების ბრალია _ ძალიან ბევრი ადამიანი დაუსაქმებელია და პრემიერმაც გაამახვილა ყურადღება, რომ სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ეკონომიკას გავზრდით. ყველაფერი კი, _ სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის სოციალურად გაძლიერება, სწორედ ეკონომიკის ზრდაზეა დამოკიდებული.

_ ხუთ თვეზე მეტია, “ოცნება” ხელისუფლებაშია და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ასეული თუ არა, ათეული სამუშაო ადგილი მაინც შეიქმნა? ვიცე-პრემიერი ხართ და ამის შესახებ, წესით, უნდა იცოდეთ...
_ სამუშაო ადგილები მხოლოდ ჩემი კი არა, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეიქმნა _ ელემენტარულად, 900 ტრაქტორისტის მიღება იყო გამოცხადებული. მაგალითად, ორი დღის წინ, შეხვედრა ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან მქონდა, რომელმაც ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზია მოიპოვა და ეს კომპანია გარდაბნისა და საგარეჯოს რაიონებში ორასამდე ადამიანს დაასაქმებს. კომპანია მუშაობას ამ თვის ბოლოს დაიწყებს და ოთხი წლის განმავლობაში, 40 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს...


_ რა ამის პასუხია და, ჭორაობა მხოლოდ ხალხს არ უყვარს. ასე, მაგალითად, პრესკონფერენციაზე პრემიერმა ერთ-ერთი მინისტრის პირადი ცხოვრება “მიმოიხილა”. ჰოდა, კახა, როგორც კეთილისმსურველი, გირჩევთ, დუბაიში, ან სადმე სხვაგან არ წახვიდეთ, თორემ ამის გამო შეიძლება, საჯაროდ “დაგტუქსონ”...
_ როცა მინისტრი ქვეყნიდან გადის, ვფიქრობ, პრემიერმა უნდა იცოდეს და როცა სადმე წასვლა მიწევს, საქმის კურსში ვაყენებ. სხვათა შორის, დუბაის თემა პრემიერმა კი არ წამოსწია, არამედ, შეკითხვა ჟურნალისტმა დაუსვა.
რაც შეეხება ხუხაშვილთან დაპირისპირებას, ეს ტყუილია. ჩემი საქმე მაქვს _ ენერგეტიკის მინისტრი ვარ და ყველაფერს, რაც მევალება მაქსიმალურად ვაკონტროლებ და ვაკეთებ.

_ მოკლედ, ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ, რომ კოალიციაში ინტრიგები არაა?
_ შეიძლება, გარკვეულწილად რაღაც არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე საგანგაშოა...


_ შეკითხვა, რომელსაც ახლა დაგისვამთ, პირდაპირ არ გეხებათ, მაგრამ რაკიღა ვიცე-პრემიერი ხართ, პასუხი, როგორც იტყვიან, ყველაფერზე მოგეთხოვებათ: მოკლედ, როგორ მოხდა, რომ გიგა ჩრდილელი, რომელიც თავის დროზე ბანკ “ქართუ”-ს ხელმძღვანელი იყო და პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალების” აგენტობაში ამხილა, ახლახან “თბილავიამშენის” ხელმძღვანელად დაინიშნა? აღსანიშნავია, რომ “თბილავიამშენს” სახელმწიფო ზედამხედველობს...
_ ამ ადამიანს არ ვიცნობ და გადმოცემით ვიცი, რომ ვიდრე ბატონი ბიძინა პოლიტიკაში შემოვიდოდა, ბანკ “ქართუ”-ს პრეზიდენტი იყო. ამ თემასთან შეხება არ მაქვს და არ ვიცი, რა გიპასუხოთ...

_ პასუხი არც იმაზე გაქვთ, უნდა მიიღოს თუ არა ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური და ფინანსური ამნისტია?
_ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ მათი ამნისტირება მოხდეს, ვინც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 9 წლის განმავლობაში ამწარებდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ამაზე არ დათანხმდება.

_ რა ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, გარკვეული სახის ამნისტიაზე ვფიქრობთო...
_ კოალიციაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ვიმეორებ: ადამიანებმა, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, ხალხისა და ქვეყნის წინაშე პასუხი აუცილებლად უნდა აგონ! არ შეიძლება, ადამიანმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენოს, პირიქით, ის სამაგალითო უნდა იყოს და თავისი თანამდებობის უღირსად გამოყენებით ხალხი არ უნდა გაატყაოს!

_ მართალია, გაოპოზიციონერებული “ნაციონალები” და მათი ევროპელ-ამერიკელი მეგობრები აქცენტს პოლიტიკურ დაჭერებზე აკეთებენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, გისოსებს მიღმა, რეალურად, ერთადერთი ყოფილი ჩინოვნიკი _ ბაჩო ახალაია აღმოჩნდა. კახა, თქვენი აზრით, “ნაციონალებმა” მაინცდამაინც ახალაია რატომ გაწირეს? _ თუკი სასამართლო ისევ სააკაშვილის გავლენის ქვეშაა, ახალაიას გირაოთი გამოუშვებდა...
_ დიახ, არსებობს შეკითხვა, თუ რატომ მაინცდამაინც ბაჩო ახალაია?

_ მერე, ამ თემაზე კოალიციაში არ გისაუბრიათ?
_ სიმართლე გითხრათ, _ არა, რადგან ძირითადად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ვარ გადართული.


_ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება დაცულია? ვთქვათ, რუსეთმა, დივერსია რომ მოგვიწყოს...
_ რუსეთი დივერსიას არ მოაწყობს...

_ რატომ, შევუყვარდით?
_ არა, მაგრამ რუსეთთან ენერგოსექტორში, წლებია, დალაგებული ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, ჯერჯერობით ენერგოდამოუკიდებლები არ ვართ, თუმცა ამის რესურსი გვაქვს _ მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების პერსპექტივის 65 პროცენტი აუთვისებელია, თუმცა მიუხედავად ამისა, ზამთრობით იმპორტს იგივე რუსუთიდან ვაწარმოებთ და 200-250 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას ვყიდულობთ. თუ დაგვჭირდა, არის საშუალება, რომ ელექტროენერგია აზერბაიჯანიდანაც მივიღოთ...


_ კახა, გკითხეთ და არ მიპასუხეთ: დღის წესრიგში ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების საკითხი მართლა დგას?
_ არა, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ნამდვილად არ იგეგმება. ემერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის და, მით უმეტეს, საქართველოსთვის, სადაც ამდენი რესურსია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია.

_ მას შემდეგ, რაც მინისტრი გახდით, თანამშრომლები გაუშვით? სხვათა შორის, “ოცნებელი” კობა დავითაშვილიც აპროტესტებს, რომ სახელმწიფო უწყებებიდან რიგით თანამშრომლებს უშვებენ და ეს მაშინ, როცა განყოფილების უფროსებსა თუ სხვა თანამდებობის პირებს ხმას არ სცემენ...
_ ძველი მხოლოდ ერთი მოადგილე დავტოვე... რაც შეეხება რიგით თანამშრომლებს, სამინისტროდან არავინ გაგვიშვია, თუმცა სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან რამდენიმე ის თანამშრომელი გათავისუფლდა, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაში იყვნენ შემჩნეულნი, განსაკუთრებით, _ ხაშურის რაიონში, სადაც საარჩევნო ყუთებს იპარავდნენ და ყველაფერი ეს ვიდეომასალებითაა დადასტურებული.

_ დღეს მხოლოდ ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის სტატუსი კი არა, გავლენაც გაქვთ. თანამდებობა და ძალაუფლება კი, ადამიანში, როგორც ამბობენ, მიძინებულ უარყოფით თვისებებს აღვიძებს. მათზე, ვინც არჩევნების წინ კარალეთში თავს დაგესხნენ და სამტრედიაში “კვანტს გიდებდნენ”, შური იძიეთ?
_ იცით, რა? _ როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვამბობდით, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყებოდა, რაც ჩემთვის და, საერთოდ, ჩვენი გუნდისთვის პრინციპულია. ამიტომ, ვანო, ამ ადამიანებზე შურისძიება რომ დამეწყო და შს სამინისტროსთვის მეთქვა, დაიჭირე-მეთქი, კორექტული და ლამაზი არ იქნებოდა. თუკი ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, მის დაკავებაზე შესაბამისი ორგანოები იზრუნებენ. კი ბატონო, წინასაარჩევნოდ შეურაცხყოფა იყო, მაგრამ რას ვიზამ? _ ამ შეურაცხყოფის წინააღმდეგ ჩემი დღევანდელი უფლებამოსილება არ უნდა გამოვიყენო და ადამიანი, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, არ უნდა დავჩაგრო.

_ რა ვიცი, სემეკ-ის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი თავის დროზე ამტკიცებდა, კალაძის მითითებით დამაკავესო...
_ რა სისულელეა?! ჩალაგაშვილმა საკუთარი თავი თვითონ დაიჭირა _ როცა ადამიანმა იცის, რომ უაზრო სიმთვრალე აქვს, არ უნდა დალიოს. ამ რჩევას ჩალაგაშვილსაც ვაძლევ, რომ რესტორანში არ წავიდეს და არ დალიოს...


_ არ მგონია, რომელიმე “ნაციონალმა” და მათთან დაახლოებულმა თქვენი რჩევა გაითვალისწინოს... მთელი ცხრა წელი ოპოზიცია ამტკიცებდა, ნავთობბიზნესს სააკაშვილის ოჯახი ლობირებს და საწვავი ძვირი ამიტომააო. მართალია, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბენზინის ფასმა უმნიშვნელოდ დაიკლო, მაგრამ თვალშისაცემი გაიაფება რატომ არ ხდება? რა, “სოკარს” და მსგავს კომპანიებს ისევ სააკაშვილის ოჯახი ლობირებს თუ ახალმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო ბრალდებების დამტკიცება ვერ მოახერხა? ისე, სააკაშვილი ამბობს, არჩევნები “ტაქსისტებმა” წამაგებინესო...
_ სააკაშვილის სისულელეებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, ის გაკოტრებული პოლიტიკოსია და იმ განცხადებებისა თუ ქმედებების გამო, რასაც ბოლო დროს აკეთებს, ქვეყნის ნომერ პირველ ჯამბაზს ვუწოდებ!

_ კახა, სახელმწიფო თანამდებობის პირი ხართ და პრეზიდენტის ასეთი ეპითეტებით შემკობა, სხვა თუ არაფერი, არაკოჰაბიტაციურია...
_ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და ვადა გაუვიდა...

_ თუკი ასეა, აბა, საპარლამენტო უმრავლესობა სააკაშვილის იმპიჩმენტს რატომ არ იწყებს?
_ ვანო, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობას ჰკითხეთ...
საწვავის ფასებთან დაკავშირებით “ნაციონალმა” ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ფასი თითქოს ახლა უფრო მაღალია, მაგრამ ეს სიცრუეა, რადგან შარშანდელთან შედარებით, ფასი 10-15 თეთრითაა შემცირებული. შემცირების პროცესი კი, არჩევნების, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებაში მოვედით.
...დღეს ყველას აქვს საშუალება, რომ ნავთობბაზარზე შემოვიდეს. ისე, თუ დააკვირდებით, არაბრენდულ ბენზინგასამართსადგურებზე საწვავი გაცილებით იაფია...

_ კახა, არ ვმალავ, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მინისტრი ხართ, თუნდაც იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის მსგავსად, პრემიებს არ იღებთ. ხალხი “ნაციონალებს” იმასაც ედავებოდა, რომ ბიუჯეტით მდიდრდებოდნენ. “ოცნების” ზოგიერთმა მინისტრმა კი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სოლიდური პრემია გამოიწერა. ეს ტენდენცია მოგწონთ?
_ ვანო, ჩემი მხრიდან ამ თემაზე საუბარი ცოტა უხერხული იქნება.

_ რატომ?
_ იმიტომ, რომ პრემიას კი არა, ხელფასსაც არ ვიღებ.

_ თქვენი ყოველთვიური ჯამაგირი სად მიდის?
_ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ერიცხება _ ბავშვებს ვეხმარებით... ჩემი მხრიდან იმის განსჯა, პრემიებს რატომ იღებენ, უხერხულია... ღმერთმა იმის საშუალება მომცა, რომ ხელფასისა და პრემიის გარეშე ვიცხოვრო. ისე, ჩვენი წინამორბედი მინისტრები თვეში, საშუალოდ, 14-14 ათას ლარს იღებდნენ. დღეს კი, ერთმა თუ ორმა მინისტრმა პრემია გამოიწერა, ეს პრობლემა არაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ თემის დარეგულირება უნდა მოხდეს და პრემიერმაც განაცხადა, რომ მინისტრთა ხელფასები 12 პროცენტით შემცირდება და აღარც პრემიების უაზრო გამოწერა მოხდება...


_ რა ამის პასუხია და, ბურთი, სტადიონი არ გენატრებათ?
_ მაგრად! სპორტი ჩემთვის ყველაფერია!

_ და “რა გინდოდათ წვენებში”?
_ (იღიმება) შვილებს გეფიცებით, რომ შემძლებოდა, მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვითამაშებდი. დღეს თუ რამე მაქვს, სწორედ ფეხბურთის დამსახურებაა და, ფორმაში რომ ვიყო, როცა საშუალება მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, ვივარჯიშო...

_ და ფეხიც დაიზიანოთ, არა?
_ ფეხი ფეხბურთის თამაშის დროს არ დამიზიანებია, “სნოუბორდზე” სრიალისას დამიზიანდა...


_ ოთხივე მინისტრი “სნოუბორდით” სრიალისას დაშავდით? ისე, მთავრობის სხდომაზე ოთხი მინისტრი დაშავებული სააკაშვილის მმართველობის დროს რომ გამოცხადებულიყო, ცხადია, ხმა გავრცელდებოდა, აი, მიშამ სცემაო...
_ სააკაშვილს მინისტრებთან, მართლაც, ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა _ დედის გინებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საფერფლეებსაც ესროდა...

_ მაინც, ვერ გავიგე, “ოცნების” ოთხი მინისტრი ერთდროულად სად და რატომ დაშავდა?
_ ძალიან სპორტული მინისტრთა კაბინეტია... დავით კირვალიძე ფეხბურთის თამაშისას დაზიანდა და, სხვათა შორის, ხადურიც. წარმოიდგინეთ, ხადური ფეხბურთს რომ თამაშობს?! კოტე სურგულაძეს ხელი ამოუვარდა, დავით დარახველიძეს კი, თვალზე ინფარქტი დაემართა და კინაღამ დაბრმავდა. ისე, ფეხბურთის თამაშის დროს ასეთი მტკივნეული ტრავმა არ მიმიღია...

_ კახა, დღეს რომ ისევ აქტიურ ფეხბურთში იყოთ და კრემლში გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები მიიწვიონ, მოსკოვს გაემგზავრებით?
_ რა თქმა უნდა, რადგან სპორტი და პოლიტიკა, ხელოვნებისა და პოლიტიკისა არ იყოს, არ უნდა გავაერთიანოთ, თუმცა სააკაშვილს ყველაფერი ეს, საუბედუროდ, ერთმანეთში ჰქონდა არეული და ამას მიზანმიმართულად აკეთებდა...

_ რუსეთი ოკუპანტია?
_ დიახ, რუსეთი ოკუპანტია _ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს!

_ ...ოჯახი თქვენს მინისტრობას როგორ შეეგუა? შვილებისთვის დრო გრჩებათ?
_ შვილებისთვის შაბათი-კვირა მაქვს. დანარჩენ დღეებში კი, შინიდან დილით გამოვდივარ და შუაღამისას ვბრუნდები. ისე არ გაიგოთ, რომ ვწუწუნებ. უბრალოდ, ენერგეტიკა ჩემთვის ახალი სფეროა და უნდა გავრკვეულიყავი... როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ პოლიტიკაში ჩავრთულიყავი, ოჯახს კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, თუ რა ძალის წინააღმდეგ მომიწევდა ბრძოლა...

_ კახა, თქვენი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით რამე ახალი დეტალი ხომ არ გამოკვეთილა?
_ ჯერჯერობით, არაფერი... პროკურატურაში იმდენი საქმეა შესული, რომ არ მინდა, ჩემი თანამდებობა გამოვიყენო და ეს საქმე სხვის საქმეზე მაღლა დავაყენო... როცა ეს ტრაგედია მოხდა, ხალხისგან დიდი თანადგომა ვიგრძენი და ვიდრე ცოცხალი ვარ, ეს არასოდეს დამავიწყდება... სხვათა შორის, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს, ასე ვთქვათ, მასშტაბური საქმე, მხოლოდ ოთხმა ადამიანმა “გააკეთა”.


_ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ლევან კალაძის გატაცებას და შემდეგ, მკვლელობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა?
_ ნაკლებად, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ამ საქმეში იმდროინდელი მაღალჩინოსნები ყოფილიყვნენ ჩართულნი.

_ ქვეცნობიერად, სწორედ ამ ტრაგედიამ ხომ არ გიბიძგათ, რომ პოლიტიკაში მოსულიყავით?
_ შეიძლება... გარეგნულად არ გამოვხატავდი, მაგრამ ეს ჭრილობა არასოდეს მოშუშდება...

_ თქვენს მეუღლეს, ანუკის სამოდელო ბიზნესი აქვს. მინისტრი კალაძე ცოლის ბიზნესში ერევა?
_ არც ადრე ვერეოდი. უბრალოდ, ანუკას ვეხმარები, მხედველობაში ფინანსური დახმარება მაქვს, თუმცა დღეს უკვე გამართულად მუშაობს და ეს ფინანსური დახმარებაც ნაკლებად სჭირდება. ანუკა საქართველოში არაფერს აკეთებს, რადგან ამან ზედმეტი ჭორები არ გამოიწვიოს. ამიტომ, ძირითადად უკრაინაში საქმიანობს...

_ ...სამტრედიაში კახი კალაძეს ვინ ჩაანაცვლებს, ანუ კოალიციას შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება?
_ ამის შესახებ ჯერ არ გვიმსჯელია, თუმცა ღირსეული კანდიდატი გვეყოლება...

_ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში, ანუ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის ქონება გარკვეულად შემცირდა. პოლიტიკაში მოსვლამ თქვენი ქონებაც ხომ არ შეამცირა?
_ არა, ჩემი დივიდენდები არ შემცირებულა. გარკვეული ბიზნესი უკრაინაში მაქვს. “პროგრესბანკის” მმართველობიდან გამოსული ვარ და ვაპირებ, ეს ბიზნესი საერთოდ გავყიდო.

_ ...კახი, მინისტრობა უფრო ადვილია თუ ფეხბურთის თამაში?
_ (იცინის) როცა მინისტრი ხარ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გადევს, რადგან საქმე ქვეყანას და ხალხს ეხება. პასუხისმგებლობა სპორტშიც არსებობს...

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთში მთავარი მაინც ფეხებია...
_ რატომ მხოლოდ ფეხები? ტვინსაც მნიშვნელობა აქვს... სპორტისგან განსხვავებით, აქ წაგებას არავინ გაპატიებს!

_ ისე, კახი, მგონი, დაამსხვრიეთ მითი, რომ სპორტსმენები გაუნათლებლები არიან...
_ ეს მითი საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, თორემ ფეხბურთელები ძალიან ჭკვიანები არიან. მაგალითად, ბექჰემი, ვერ ვიტყვი, რომ ვარსკვლავი ფეხბურთელია, მაგრამ თავისი ჭკუითა და აზროვნებით, მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ფეხბურთელია... ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, ყველაზე დიდი რესურსი და სიმდიდრე, რაც მაქვს, ქართველი ხალხის სიყვარულია, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მოვიპოვე.