რაში გადაიხადეს მილიონები ბიზნესმენებმა - ეფრაიმ გურმა და ილია კოკაიამ

რაში გადაიხადეს მილიონები ბიზნესმენებმა - ეფრაიმ გურმა და ილია კოკაიამ

წლების მანძილზე საპროცესო გარიგება პროკურატურის მთავარი იარაღი იყო. ადვოკატი თუ პროკურორთან საერთო ენის გამონახვას შეძლებდა, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მისი დასაცავი ციხეს ტოვებდა. პროკურატურა გადასახდელი თანხის ოდენობას ბრალდებულის შესაძლებლობიდან გამომდინარე საზღვრავდა. ხშირად, კოლოსალურ თანხას ითხოვდნენ, მაგრამ ადამიანებს ოღონდ თავი დაეღწიათ ციხიდან და მოთხოვნას ემორჩილებოდნენ. თითზე ჩამოსათვლელი იყო იმ ადვოკატების რიცხვი, რომლებიც ამ გარიგებას აგვარებდნენ. ამ მხრივ ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი გამოირჩეოდა. მას მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელს ეძახდნენ, პირდაპირ მასთან წყვეტდა საქმესო. ალბათ ადეიშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მის სქემებს ასე თავისუფლად გაშიფრავდა მისი მეგობარი და მიყოლებით ამდენ საინტერესო ფაქტს დაულაგებდა პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობას.

გასულ კვირას მთავარმა პროკურატურამ ძველი ხელისუფლების მუშაობის კიდევ ერთი სქემა გაშიფრა. ამ კონკრეტული ფაქტებიდან ჩანს, კიდევ რა ფორმით სძალავდნენ ძალოვანები მილიონებს ადამიანებს. როგორ აყიდვინეს იძულებით ბიზნესმენებს კოლოსალურ თანხებში, ამორტიზებული და გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობები. საქმეზე გამოძიება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს. რამდენიმე ეპიზოდიდან საყურადღებოა ისრაელის მოქალაქის საქმე. ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის მტკიცებით, ეფრაიმ გურს 1 მილიონი დოლარი ახალციხესა და მცხეთაში ამორტიზებული, უძრავი ქონების შესაძენად გადაახდევინეს. მართალია, დანგრეული შენობები მას არაფერში სჭირდებოდა, ეს ქონება საჯარო რეესტრშიც კი არ დაურეგისტრირებია და ისევ მუნიციპალიტეტების სახელზეა, მაგრამ ამის მიღმა სხვა ინტერესი იმალებოდა: ეფრაიმ გურმა ამ გზით, მისი შვილის წინააღმდეგ აღძრული, უმძიმესი ბრალდების საქმის შეწყვეტა შეძლო. ახლა იმ საქმეზე გიამბობთ, რაშიც ისრაელის მოქალაქის, ქნესეთის (პარლამენტის) ორი მოწვევის ყოფილი დეპუტატის, რუსეთსა და ისრაელში ცნობილი ბიზნესმენის, ეფრაიმ გურის ვაჟის სახელი ფიგურირებს.

2010 წლის 8 იანვარს თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურიანი დაკავება მოხდა. ისრაელის მოქალაქე, 42 წლის შაიმონ შაშუაშვილი ძალოვანებმა კილერობაში ამხილეს და სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. შაშუაშვილი ეფრაიმ გურის დისშვილია. გამოძიების მტკიცებით, მას ეფრაიმ გურის ყოფილი მეუღლე, ლია ზონენაშვილი და მისი შვილები - დავით და მიხეილ გურები ანგარებით უნდა მოეკლა. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ მამიდაშვილს ეს დანაშაული ეფრაიმ გურის ვაჟმა, ისრაელში მცხოვრებმა რონენ გურმა შეუკვეთა. რონენ გურის წინააღმდეგაც საქმე სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ორგანიზების ბრალდებით აღიძრა. მაშინ მკვლელობის მცდელობის მოტივიც დასახელდა: რონენ გურის მიზანი იყო, მამის ყოფილი მეუღლე და ნახევარძმები მოეშორებინა, რათა მამის მთელი ქონება მას დარჩენოდა. დაკავებული შაშუაშვილი ბრალს არ აღიარებდა, მაგრამ ძალოვანები ირწმუნებოდნენ, რომ მის წინააღმდეგ უამრავი სამხილი ჰქონდათ. საქმეს ნივთმტკიცებად დაერთო "მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი იარაღი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო მკვლელობა. ძალოვანების მტკიცებით, ყველაფერი წინასწარ დაგემილი იყო და ბრალდებულს მსხვერპლთა მარშრუტებიც შესწავლილი ჰქონდა.

ვინაიდან რონენ გური ისრაელში იმყოფებოდა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო. თავად დაზარალებული, ლია ზონენაშვილი მას ამხელდა და იმასაც ამბობდა, რომ ბოლო ორი წელიწადი მისი ოჯახი საფრთხის წინაშე იმყოფებოდა: ერთხელ რონენ გურმა ნახევარძმის, მიხეილის მოკვლა ისრაელშიც დააპირა; მაშინ მიხეილი მამასთან სტუმრად იყო ჩასული. დაზარალებული ირწმუნებოდა, - მაშინ ჩემმა გერმა მიხეილის მოხრჩობა სცადაო.
ამ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ შაშუაშვილი გასამართლდა. მართალია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მაგრამ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ეს განაჩენი ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა. შარშან დამთავრდა საქმის განხილვა აპელაციაში და ძალაში დარჩა სასამართლოს გამოტანილი ვერდიქტი. ბრალდებულ რონენ გურის წინააღმდეგ ცალკე გამოყოფილი საქმე მტკიცებულებების არარსებობის მოტივით შეწყდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ საქმის შეწყვეტა ფარული გარიგების შედეგად მოხდა.

ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან:
- 1 მილიონი დოლარი გამოსძალეს ისრაელის მოქალაქეს, ეფრაიმ გურს. 2010 წელს მის შვილს, რონენ გურს ვიცავდი, რომელიც მკვლელობის მომზადებაში იყო ბრალდებული. იმ დროისათვის მიმალვაში იყო. საქმიანი ურთიერთობა მქონდა მის მამასთან, ეფრაიმ გურთან. მიაჩნდა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო და სურდა, საქმის შეწყვეტისთვის მიეღწია. ამ მიზნით, მეც და ეფრაიმიც რეგულარულად, სიტყვიერი თუ წერილობითი ფორმით ვშუამდგომლობდით პროკურატურასთან. ერთხელ ეფრაიმი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს შევახვედრე. მას უთხრა, რომ მზად იყო, საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა გარკვეული თანხა. 2010 წელს მთავარი პროკურატურის შენობაში შევხვდი სოდ-ის საპროცესო ზედამხედველ პროკურორს. მან მაცნობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებელი იყო რონენ გურის მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტა, რაც ვაცნობე ეფრაიმს. მას თანხა ეძვირა, მაგრამ ვუთხარი, რომ ეს იყო პროკურატურის საბოლოო წინადადება. საბოლოოდ იგი დათანხმდა ამას. ამის შემდეგ პროკურორისგან შევიტყვე, რომ ამ თანხით გურს უნდა შეეძინა ობიექტები ახალციხისა და მცხეთის რაიონებში. პროკურორი დამიკავშირდა და მაცნობა ჩასატარებელი აუქციონები და მომცა საკონტაქტო პირების მონაცემები. აღნიშნული ვაცნობე ეფრაიმს და ვუთხარი, რომ საჭირო იყო წარმომადგენლის გამოყოფა აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. ეფრაიმ გურმა დამაკავშირა მისივე ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი ჩხეიძეს და მითხრა, მისთვის გადამეცა ყველა საჭირო რეკვიზიტი. ჩატარებული აუქციონების შემდეგ პერიოდულად ვაცნობებდი პროკურატურას თანხის გადახდის შესახებ. როგორც მახსოვს, სამსახურში თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებიც მივუტანე, რომელიც გიორგი ჩხეიძემ გადმომცა. ამის შემდეგ, 2011 წელს მართლაც შეწყდა რონენ გურის საქმე, ხოლო შაიმონ შაშუაშვილს მიუსაჯეს მაღალი სასჯელი.

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორ გივი პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ ახალციხეში 11 საეჭვო გარიგება შედგა. ერთ-ერთია სოფელ ტატანისში 412.000 ლარად, დანგრეული შენობის შეძენა.

გივი პაპუაშვილი:
- მთავარი პროკურორის მაშინდელ პირველ მოადგილესთან, დავით საყვარელიძესთან მოლაპარაკების შემდეგ და შვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ეფრაიმ გურს მილიონი დოლარი გადაახდევინეს. ახალციხის კულტურის სახლი აუქციონზე გატანილი იყო 11.000 ლარად, მაგრამ გურის წარმომადგენელმა, ვინმე გიორგი ჩხეიძემ ამ დანგრეულ ქონებაში 412.500 ლარი გადაიხადა. შემდეგ ეს ქონება არც კი დაურეგისტრირებია. ამას გარდა მან კიდევ სხვა ქონება შეიძინა და ამ კუთხით გრძელდება მუშაობა. უკვე დაიკითხა გიორგი ჩხეიძე. საინტერესოა მისი ჩვენება. ყავლაშვილის ჩვენების ნაწილი კი საზოგადოებას გავაცანით. გამოძიების პროცესში საეჭვოდ მოგვეჩვენა აუქციონზე გაყიდული 11 ობიექტი, რადგან კოლოსალური თანხები იყო გადახდილი. მასალების გადამოწმებით ჩვენი ეჭვები დადასტურდა. ამ 11 საქმიდან მხოლოდ ორი შემთხვევა გვაქვს, სადაც ჩანს, რომ მეპატრონეებმა ყიდვისთანავე ქონება დაუბრუნეს სახელმწიფოს, სხვა შემთხვევებში ნაყიდ ქონებას მყიდველები არც კი იფორმებდნენ. გარდა ყავლაშვილის ჩვენებებისა, არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, მაგრამ ჯერჯერობით ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. გამოძიება გრძელდება.

პროკურატურამ ამ საქმეზე "ნაცმოძრაობის" დეპუტატის დავით საყვარელიძის დაკითხვა გადაწყვიტა, მას უწყებაც გაეგზავნა, მაგრამ ყოფილი პროკურორი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა. მან ამ საქმესთან რაიმე კავშირი უარყო და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა. პროკურორი გივი პაპუაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს იმაზე, აღიძვრება თუ არა საქმე დავით საყვარელიძის წინააღმდეგ. "სანამ სრულ მტკიცებულებებს არ შევაფასებთ, მანამდე ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. საყვარელიძე მოწმის სტატუსით არ გამოცხადდა დაკითხვაზე და საჯაროდ განაცხადა, რომ არ აპირებს მოსვლას. ჩვენ ვთვლით, რომ ჯობდა, მიეცა მას ჩვენება, ეს მისთვის იყო კარგი და სიამოვნებით მოვისმენდით მის არგუმენტაციას. ქუთაისში, პარლამენტში მის დასაკითხად ჩასვლის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის. თუ გახდება აუცილებელი, არც იქ ჩასვლის პრობლემას ვხედავ", - გვითხრა პროკურორმა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საყურადღებოა ყავლაშვილის ჩვენება: მისი მოსაზრებით, ეს საქმეები წყდებოდა სისტემაში პირველი პირის - ადეიშვილის დონეზე.
ამჟამად საქმე აღძრულია სხვისი ქონების გაფლანგვის მუხლით და კონკრეტულად რა შეფასება მიეცემა ამ მასალების გამოძიებას, მალე გახდება ცნობილი. ამ საქმეში არანაკლებ საინტერესოა კიდევ ერთი, ბიზნესმენ ილია კოკაიას ეპიზოდი. მას 5 მილიონი გამოსძალეს და ამ საქმის მიღმაც ბიზნესმენის ინტერესი - პატიმრობიდან შვილის გათავისუფლება იყო. ამჯერადაც ადვოკატი ყავლაშვილი იყო შუამავალი პროკურატურასა და ბრალდებულის ოჯახს შორის.

გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან:
- 2011 წლის ივნისში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, ჩემი ნაცნობი ბიზნესმენი ილია კოკაია დამიკავშირდა და მითხრა, რომ მის შვილს, ნინო კოკაიას თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა და იყო პატიმრობაში. მას იცავდა ადვოკატი მაია სირაძე. შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა მისი შვილის საქმეზე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებული მხარე პრეტენზიას არ აცხადებდა. ვინაიდან მქონდა გარკვეული საქმიანი კონტაქტები პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან, მთხოვა, მოკლე დროში გამერკვია, რას ითხოვდა პროკურატურა მისგან, რათა დროულად გადაწყვეტილიყო მისი ქალიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი. მეორე დღესვე მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას შევხვდი და ვუთხარი, რომ ვიცავდი ილია კოკაიას ქალიშვილს. გადავეცი ილიას თხოვნა, რომ შეეტყობინებინათ მისთვის, თუ რა ოდენობის ჯარიმაზე იქნებოდა საუბარი. ზოდელავამ მიპასუხა, რომ საკითხს აუცილებლად გადაუწყვეტდნენ, თუმცა საუბარი იქნებოდა ექვსნულიან ციფრზე, რომლის ზუსტ ოდენობას შეგვატყობინებდა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ. ზოდელავას სამუშაო ოთახიდან გამოსვლისთანავე მისი ნათქვამი ვუთხარი ილია კოკაიას. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში ილიამ მითხრა, რომ ადვოკატ სირაძეს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და უთხრეს, რომ საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 5 მილიონი დოლარის გადახდის შემთხვევაში. პროკურატურა კი პასუხს ელოდა. ამ საუბარში ილიამ ისიც მითხრა, პროკურატურასთან ვაჭრობას აზრი არა აქვს, შეიძლება, უარესად გართულდეს სიტუაციაო, და დამავალა, თანხმობა გადამეცა. მითხრა, რამდენიმე დღე დამჭირდება თანხის მობილიზაციისთვისო. ამ საუბრიდან ორ დღეში თბილისის პროკურატურაში საქმის ზედამხედველ პროკურორს შევხვდი. მან განმიცხადა, რომ დასახელებული თანხა ჯარიმის სახით არ უნდა გადახდილიყო; რომ დეტალები თვითონ უნდა გამერკვია ხელმძღვანელობასთან. მაშინვე ჩემი მობილურით დავუკავშირდი მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას და ვკითხე, ილია კოკაიას სად უნდა გადაეხადა ეს თანხა? მურთაზმა მითხრა, 3 მილიონ დოლარად კოკაიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეიძინოს გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 მილიონი დოლარი გადარიცხოს კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში და რომ შესაბამისი "გუბერნიები" დამიკავშირდებოდნენ. ასეც მოხდა: ტელეფონით დამიკავშირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე მინდია დევნოსაძე და ახალციხის გამგებელი გელა დემეტრაძე. მომცეს ახალციხის გამგეობის თანამშრომლის, ვინმე თენგიზ ზედგენიძის მობილურის ნომერი, რომელიც გამარკვევდა შესაძენი ობიექტის აუქციონის დეტალებში. თენგიზმა მითხრა, რომ შესაძენი ობიექტი მდებარეობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში და წარმოადგენდა ფერმას. ეს ვაცნობე კოკაიას და ვუთხარი, რომ წარმომადგენელი გამოეყო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, თან შევატყობინე ანგარიშის რეკვიზიტები. ილიამ მთხოვა, რომ წარმომადგენლად მიმევლინა ჩემი თანამშრომელი და რამდენიმე დღეში გადაიხდიდა თანხას, ხოლო ქვითრები შემეძლო ამეღო მასთან, თბილისში მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფისში. ჩემი თანამშრომელი მირდატ ქამადაძე აგვარებდა ყველა ტექნიკურ საკითხს და რამდენიმე ათას ლარად შეფასებული ქონება საბოლოოდ, 4 მილიონ 949.500 ლარად, აუქციონის წესით შეიძინა კიდევაც სოფელ აწყურში მდებარე ფერმა, შპს "ჯორჯიან ინვენსტმენტის" სახელით. ახალციხის გამგეობის თანამშრომლებთან საუბრიდან რამდენიმე დღეში, ჩემს მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და მითხრა, რომ მისი წარმომადგენლები ელექტრონულ ფოსტაზე მომაწვდიდნენ კახეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის შესაბამისი ანგარიშის ნომრებს, რომელზედაც ილია კოკაიას უნდა გადაერიცხა 2 მილიონი დოლარი. რამდენიმე დღეში მომცეს აღნიშნული რეკვიზიტები, რომელიც მივაწოდე ილია კოკაიას, მან კი თავის მხრივ, რომელიღაც ფირმის სახელით შეიტანა დასახელებული თანხა. 5 მილიონი დოლარის გადახდის ქვითრები მე მომაწოდა კოკაიამ და საქმის ზედამხედველ პროკურორს მივუტანე. ამ გადარიცხვებიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ ბრალდებულ ნინო კოკაიას გაუფორმა საპროცესო შეთანხმება, მას ძირითად სასჯელად დაუდგინდა პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 50.000 ლარის ოდენობით.

ამ ფაქტს თავად ბიზნესმენი კოკაია ადასტურებს. არჩევნების შემდეგ, 2013 წლის იანვარში მან პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. მიიჩნევს, რომ 5 მილიონი მას გამოსძალეს. ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება.

ვნახოთ, მიეცემიან თუ არა პასუხისგებაში ზემოთ ჩამოთვლილი ყოფილი ჩინოვნიკები და დადგება თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი.