როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და ექსპერტები ძირითადად თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთხმად დამტკიცებით ქვეყნისთვის მეტად კარგი საქმე გაკეთდა და რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მართლაც შესასუსტებელი იყო. თუმცა კითხვის ნიშნები კვლავაც რჩება ”ნაციონალური მოძრაობის” დაჟინებული მოთხოვნით ჩატარებულ სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით, რასაც ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამ პარტიისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებად აღიქვამს. რა შანსები აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას” და რა როლს შეასრულებს მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესში?
”მივიღეთ ის, რასაც ველოდით”, - განაცხადა 22 მარტს პრემიერ-მინისტრმა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შესახებ, რაც პარლამენტმა ასევე 22 მარტს, ოდნავ მოგვიანებით, უკვე მეორე მოსმენითაც დაამტკიცა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სარეიტინგო კენჭისყრას, რასაც ”ნაციონალური მოძრაობის” ახირებას უწოდებს, ”ქართული ოცნება” პირადად მისი რჩევით დაეთანხმა. პრემიერი კვლავაც დარწმუნებულია, რომ საჭირო ხმების მიღება, დიდი ალბათობით, ამ ყველაფრის გარეშეც შესაძლებელი იყო, მაგრამ ”ქართული ოცნება” რისკზე არ წავიდა, რადგანაც ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა. მართალია, საკითხის ჩავარდნითაც არ დაიქცეოდა ქვეყანა და, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ამისი შიში არც არავის ჰქონდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ”ნაციონალური მოძრაობა” დარჩებოდა ”საზოგადოების მიღმა”, რისი სურვილიც მას არ გააჩნდა. თუმცა, პრემიერის აზრით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მეტის მიღების თეორიული შანსი დაკარგა:
”შეიძლებოდა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” და მათ წევრებს უფრო დიდი დივიდენდები მიეღოთ საზოგადოებიდან, თუკი ესენი მოიქცეოდნენ ნორმალურად, ისევე როგორც მათი ლიდერი. ჰყოფნოდათ კაცობა, ვაჟკაცობა, ხალასად მიეწოდებინათ, ყოველგვარი თამაშის გარეშე”.
ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელსაც ამ პროცესში ფრიადის მიღება შეეძლო, უკეთეს შემთხვევაში ”გაჭირვებული სამიანი” დაიმსახურა. თუმცა ასე სულაც არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის აზრითაც, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 21 მარტს პარლამენტში კენჭისყრაზეც თავისი გაიტანა და ამ შემართების დაკარგვას არც მომავალში აპირებს:
”გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება და დღეს ვაჩვენეთ, რომ ძალიან ბრძოლისუნარიანები ვართ. დღეს ვაჩვენეთ, რომ ყაჩაღური რუსული მეთოდებით ოპოზიციასთან საქართველოში ვერასოდეს ვერავინ ვერ ილაპარაკებს. ჩვენ ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ, მე თქვენთან ერთად ამ ბრძოლას გავაგრძელებ - პრეზიდენტის რანგში თუ პრეზიდენტის რანგის გარეშე, მანამ, სანამ დგას საკითხი საქართველოს ხელახალი გადარჩენის და ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს”.
ეს არის ფრაგმენტი პრეზიდენტ სააკაშვილის 21 მარტის სატელევიზიო გამოსვლიდან, რომელშიც მან ისიც აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, რომლის ”მოსპობაც” ჰქონდა განზრახული ახალ ხელისუფლებას და რომელიც არაფერს შეუშინდა, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შემდეგ ხელახლა დაიბადა.
თუკი მანამდე ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ მომავალს საერთოდ ვერ ხედავდა, 21 მარტის სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ პარტიის რეინკარნაციის შანსი ანალიტიკოსმა ხათუნა ლაგაზიძემაც დაინახა. მისი აზრით, სარეიტინგო კენჭისყრის გატანით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო ორი რამ: 1. გუნდის ერთიანობა შეინარჩუნა, დაფანტული მომხრეები გაამხნევა (პერსპექტივაში - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის) და 2. დასავლეთს დაანახვა, რომ პარტია კვლავაც სიცოცხლისუნარიანია და რომ კვლავაც შესაძლებელია მასზე ფსონის დადება. თუმცა სარეიტინგო კენჭისყრის შედეგად გაჩენილი ”რეინკარნაციის შანსი” პარტიას გარანტიებს, ცხადია, არ აძლევს. ხათუნა ლაგაზიძე ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს შანსი ისევე სწრაფად გაქრეს, როგორ სწრაფადაც გაჩნდა:
”წინ გვაქვს, ალბათ, ძალიან ხმაურიანი სასამართლო პროცესები, რამაც შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერის პოლიტიკური კარიერა სამუდამოდ შეიწიროს. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მე ვამბობ, რომ გაჩნდა რეინკარნაციის შანსი და არა რეალობა, რომელსაც წყალი არ გაუვა”.
როდესაც ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი სიცოცხლის შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ, ანალიტიკოსების გარკვეულ ნაწილს ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების გარეშე წარმოუდგენია. თუმცა მათთვის ისიც ცხადია, რომ ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო უფლებამოსილების შესუსტების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი არ გავა პოლიტიკური ცხოვრების სარბიელიდან, რადგანაც ის კვლავაც რჩება გარკვეული მნიშვნელოვანი ფუნცქციებით აღჭურვილ პრეზიდენტად და ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ.
აქვე ვთქვათ, რომ როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მესამე მოსმენითაც დაამტკიცებენ, პრეზიდენტს აღარ ექნება საშუალება ერთპიროვნულად დაითხოვოს პარლამენტი, დაითხოვოს მთავრობა და მთავრობის ახალი შემადგენლობა ასევე ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე, დააკომპლექტოს.
კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმეორედ დაიბადოს, ჯერ უშუალოდ მის წიაღში უნდა დაიბადოს განსხვავებული აზრი და უნდა დაიწყოს ”შიდა ოპონირება”. ეს კი, ანალიტიკოსისთვის, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის ”არაადეკვატურ ქმედებებთან” გამიჯვნას ნიშნავს:
”აქამდე გადარჩენის მოდუსი იყო გაგებული როგორც ერთ ხმაში ლაპარაკი. მაგრამ ახლა უკვე აბსოლუტურად ცხადია, რომ თუკი ეს ერთი ხმა განპირობებულია მიხეილ სააკაშვილის პოზიციით, ეს პოზიცია სულ უფრო და უფრო შორდება რეალობას. და ეს ღუპავს მთლიანად ”ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც პოლიტიკურ გუნდს”.
”ნაციონალური მოძრაობა” - ამ სახელწოდებისა და ამჟამინდელი კონფიგურაციის პარტიის ფუნქციებს ამოწურულად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. ის თვლის, რომ 21 მარტის სარეიტინგო კენჭისყრის შედეგად ”ნაციონალურმა მოძრაობამ” არა რეინკარნაციის შანსი, არამედ დაშლის პროცესის გარკვეული გადავადების შანსი მიიღო. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის რიგებიდან გარკვეულმა გუნდმა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება შეძლოს, თუმცა წარმატებისთვის ამ ახალ პოლიტიკურ ძალას ახალი სახელი და ახალი ლიდერი დასჭირდება.