საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“. მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია თუ პოლიტიზება? - უმრავლესობა და უმცირესობა კანონპროექტის რამდენიმე მუხლზე ვერ თანხმდება.
”ჩვენ წავედით კონსენსუსის მაქსიმალური გზით”, - ასე განაცხადა უმრავლესობის წევრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მისი სიტყვა კი მიეძღვნა კანონპროექტს ”საერთო სასამართლოების შესახებ”, რომელსაც დეპუტატები მეორე მოსმენით რამდენიმე საათის განმავლობაში მუხლობრივად განიხილავდნენ. რა იგულისხმა თინათინ ხიდაშელმა, როდესაც კანონპროექტზე საუბრისას კონსენსუსზე გაამახვილა ყურადღება? დეპუტატმა კოლეგებს შეახსენა ის საკითხები, რომლებიც კანონპროექტში მისი ინიცირების დღიდან ეწერა, ამჟამად კი ეს პუნქტები კანონპროექტში აღარ არსებობს: კანონპროექტში გაწერილი პუნქტი, რომ იმ წევრებს, რომლებიც დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს წევრები არიან, არ აქვთ იუსტიციის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აღარ არსებობს. კანონპროექტში იყო აკრძალვა, რომელიც იუსტიციის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა სასამართლოების, კოლეგიებისა თუ პალატების თავმჯდომარეებს. თინათინ ხიდაშელის თქმით, მოხსნილია ეს აკრძალვაც. აკრძალვას ექვემდებარებიან მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოების თავმჯდომარეები, რასაც, დეპუტატის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც ეთანხმება. თუმცა თინათინ ხიდაშელი საკანონმდებლო ტრიბუნიდან ყურადღებას ამახვილებს კანონპროექტის, მისი თქმით, ერთ ყველაზე ძნელად დასათმობ პუნქტზე, რომელიც ასევე ამოღებულია:
“როდესაც სასამართლოს თავმჯდომარეების მოადგილეებს გაუჩნდებათ იმის შესაძლებლობა, რომ იყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრები, მე არ მგონია, რომ ეს ბოლომდე სწორი და კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს არის სწორედ ის კონსენსუსი, რომლითაც უნდა ვიაროთ და ზუსტად ამიტომ დავთანხმდით ჩვენ ამ ცვლილებას უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან მოლაპარაკების დროს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განიხილა პირველი მოსმენით, მეორე მოსმენამდე კი კანონპროექტის ავტორებმა დოკუმენტი განსახილველად ვენეციის კომისიას გადაუგზავნეს, რომელმაც დასკვნა მარტის დასაწყისში გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია რამდენიმე წინგადადგმულ ნაბიჯზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის უმთავრესი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკითხებია. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტი აღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია თავად მოსამართლეთა შეთავაზების მიხედვით; საბჭოს 6 წევრს აირჩევს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ისინი არ იქნებიან პოლიტიკოსები, როგორც ეს ამჟამად არის; დაბოლოს, ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით.
კანონპროექტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი გახდა სწორედ ის მთავარი საჯილდაო ქვა უმცირესობისა და უმრავლესობისათვის, რის გამოც დოკუმენტის განხილვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ დაუფარავად შესთავაზა უმრავლესობას პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კანონპროექტი ოპოზიციის ხმებსაც მიიღებს. საუბარია საბჭოს ექვს წევრზე, რომელთაც პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან ირჩევს.
”არა უმრავლესობამ დააკომპლექტოს საბჭოს ის 6 წევრი, რომლებითაც დაკომპლექტდება, საერთო ჯამში, იუსტიციის საბჭო, არამედ თვითონ სასამართლო ხელისუფლებამ აირჩიოს ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ ორგანომ უნდა მიიღოს 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ამ ექვსი კაციდან ერთის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს სასამართლო ხელისუფლება მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუ გვინდა რეალური დემოკრატია და არა დემოკრატიანობას თამაში, პირდაპირ გეუბნებით, რომ თუ თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენს წინადადებას, მზად ვართ ამ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კანონპროექტი ”საერთო სასამართლოების შესახებ”, რომელიც 22 მარტს საქართველოს პარლამენტს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა, უმრავლესობის მხრიდან იმთავითვე შეფასდა როგორც რეალური მცდელობა იმისა, რომ მართლმსაჯულება საქართველოში გახდეს აპოლიტიკური სისტემა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემაში რამდენიმე ფუნდამენტურ ძვრაზე მიუთითებს:
”ქრება ის ვითარება, რაც დღემდე იყო. როდესაც დისციპლინური დევნის დამწყები და საბოლოო ვერდიქტის გამომტანი ერთი და იგივე პირები იყვნენ. თავად იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ისეთი იქნება, რომელსაც ექნება მეტი დამოუკიდებლობა. ჩვენ მთლიანად ვათავისუფლებთ ამ იუსტიციის საბჭოს პოლიტიკოსთა საბჭოში ყოფნისგან. ეს არის დეპოლიტიზაციისკენ გადადგმული უაღრესად სერიოზული ნაბიჯი”.
ვახტანგ ხმალაძის პათოსს არ იზიარებს უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ კანონპროექტს ”საერთო სასამართლოების შესახებ” აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი - ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე. კიდევ უფრო მკაცრი ტონით წარდგა საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წევრი გიორგი კალანდაძე. მისთვის, ისევე როგორც უმცირესობის დანარჩენი წევრებისთვის, სრულიად მიუღებელია კანონში არსებული პუნქტი, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედ სრულ შემადგენლობას ვადამდე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება, და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, გაუქმდეს ეს პუნქტი, არ არის გათვალისწინებული, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა საქართველოს ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
”ვინც ხელი უნდა მოაწეროს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ბატონი ბაროზუ, თქვენ გეუბნებათ, რომ კანონის ამ სახით მიღებით, ვენეციის კომისიის დასკვნის ამ კონკრეტული საკითხის არგათვალისწინებით, საქართველო ვერ მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან”, - აცხადებს გიორგი კალანდაძე.
უნდა ითქვას, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეთა პოზიციების დაახლოების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი აზრით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება კანონპროექტის სწორად კორექტირების საუკეთესო საშუალება იქნება.