ირაკლი ალასანია პარლამენტში

ირაკლი ალასანია პარლამენტში

საფრთხეები, შეიარაღებული ძალების გარდაქმნა, მემკვიდრეობის ”კატასტროფული” მხარეები და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - ასეთია თავდაცვის მინისტრის მიერ 21 მარტს გამოკვეთილი ძირითადი აქცენტები. 4-თვიანი მუშაობის ანგარიში ირაკლი ალასანიამ პარლამენტში - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე - წარადგინა და შემდეგ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში - ”ვითარება მძიმდება იმით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება”, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობას ხედავს. მართალია, ბოლოდროინდელმა მოლაპარაკებებმა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით რუსეთთან, მინისტრის თქმით, ”შეამცირა პოტენციური შესაძლებლობა საბრძოლო მოქმედებების განახლების” კუთხით, მაგრამ მზადყოფნის თემა კვლავაც აქტუალური რჩება:

”გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები, ჩემთან ერთად, მუდმივად ვამოწმებთ სამხედრო მზადყოფნას ჩვენი შეიარაღებული ძალების და ამ კუთხით ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბჯებსაც, რაც, თუ აუცილებლობა გაჩნდება და შეკითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია არაღია ფორმატში უფრო დეტალურად აგიხსნათ”.

კიდევ ერთი ”მომატებული საფრთხე”, რომლის დეტალებიც ასევე არ ითქმის საჯაროდ და რომელიც ასევე რუსეთს უკავშირდება, 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების შესაძლო ამოქმედებას გულისხმობს. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ამ საფრთხის საქართველოსთვის თავიდან არიდების მიზნით, მისი უწყება აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ დონეზე, - მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, - ასევე პარტნიორებთან რეგიონალური მასშტაბითაც:

”ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგეგმარებაც დავიწყეთ და, აქედან გამომდინარე, ჩემი ვიზიტებისას თურქეთშიც, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც გვქონდა ანალოგიური ხასიათის უსაფრთხოების საკითხების განხილვაც”.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების გარდაქმნას, თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ჰყავდეს
”მობილური, სწრაფი რეაგირების მქონე, პროფესიული შეიარაღებული ძალები”:

”პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 12 თვემდე შემცირებას. ამასთან, 2016 წლის ბოლოდან და 2017 წლიდან იგეგმება შეიარაღებული ძალების სრულიად საკონტრაქტო სამსახურზე გადაყვანა”.

ირაკლი ალასანია წინამორბედებისგან მიღებულ მძიმე მემკვიდრეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, მისი თქმით, ”ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების შემსწავლელი კომისიის” ანგარიშშიც აისახა. როგორც მინისტრი ამბობს, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ, მაგალითად, შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფილი იყო მე-4 კატეგორიის თეთრეულით და ისიც არასაკმარისი რაოდენობით; აღინიშნებოდა ჭურჭლის, დანა-ჩანგლისა და ხარისხიანი საკვები პროდუქტების მასობრივი ნაკლებობა; მოუწყობელი იყო სამრეცხაოები, საშრობები და საკუჭნაოები; ხოლო სველი წერტილების თვალსაზრისით კატასტროფული ვითარება აღმოჩნდა და, მათ შორის, სენაკისა და ფოთის მეტად ძვირად ღირებულ სამხედრო ნაწილებშიც. ირაკლი ალასანიას თქმით, ამ - რიგ შემთხვევაში ”აუტანელი” - მდგომარეობის გამოსწორება, შესაბამისი დაფინანსების პირობებში, 3 წელიწადში იქნება შესაძლებელი.

როცა წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ ”სამწუხარო რეალობაზე” ლაპარაკობს, ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალები ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნისთვის. მინისტრის მიერ მოყვანილი მაგალითის მიხედვით, 2012 წლის 7 ივლისს თავდაცვის სამინისტრომ ლილოს ბაზრობიდან, შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად, წამოიღო 141 616 ლარის ღირებულების 2 700 სატელიტური თეფში და 1400-ზე მეტი ”რესივერი”. ირაკლი ალასანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ ”პირდაპირ პოლიტიკურ დაკვეთას”, რადგანაც ხსენებული ტექნიკა რეგიონებში მაუწყებლობის გავრცელებისთვის იყო გამიზნული. მეორე მაგალითის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა 1 650 000 დოლარის ღირებულების უხარისხო ჯავშანჟილეტები. ”ეს მკვლელობის ტოლფასია”, - მიაჩნია ირაკლი ალასანიას, რადგანაც არსებობდა წინასწარი დასკვნა, რომ ეს ჟილეტები ტყვიაგამტარი იყო. თავდაცვის მინისტრმა ამავე კონტექსტში წამოსწია 2005 წლის შემდეგ თავდაცვის უწყებაში ”დაკარგული” 32 მილიონი ლარის თემა.

შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის მინისტრის მოსმენამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მხოლოდ რამდენჯერმე გამოხატეს განსხვავებული აზრი და ასე იყო, მაგალითად, დეპუტატ დავით დარჩიაშვილის შემთხვევაში. მას არადამაჯერებლად ეჩვენა თავდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმული ვარაუდები ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით:

”ეს არის, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, პირადი მოგების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს იღებენ (თქვენ 90-იანი წლები ახსენეთ - ”ატკატების” სისტემა და ასე შემდეგ) ან ძალიან მაღალი დონის ქრთამებს იღებენ. ამ შემთხვევაში, თქვენ რაზეც ილაპარაკეთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განსასჯელია უყაირათო ხარჯვა ან გაფლანგვა (ეს უნდა ეყიდათ ანდა ის არ უნდა ეყიდათ...), მაგრამ ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკს, მე ვფიქრობ, ცოტა მეტი დამტკიცება სჭირდება”.

დეპუტატ დავით დარჩიაშვილის პასუხად თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ის არავის კონკრეტულად არ ადანაშაულებს და საბოლოო სიტყვა, ცხადია, გამოძიებამ უნდა თქვას. ამ შემთხვევაში მინისტრი საფუძვლიანი ეჭვის მიხედვით მსჯელობს:

”საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება გქონდეს კაცს კორუფციაზე, როდესაც ავტომატი (”AKA 47”), რომლის ფასიც ბაზარზე, სავარაუდოდ, 50-60 დოლარს არ აღემატება, 260-280 ევროდ რომ არის ნაყიდი, უკვე ეჭვი გეპარება, რომ აქ ელიტურ კორუფციასთან გვქონდა საქმე”.

სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ნატოს ფორმატში მოქმედი გამჭვირვალობის მთავარი მექანიზმის, ”ბილდინგ ინთეგრითის” მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების თაობაზე, რასაც ქვეყანა აქამდე მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იზიარებდა. თავდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სისტემის გამჭვირვალობის მიზნით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული 3 სამუშაო ჯგუფი. ისინი მუშაობენ შემდეგი მიმართულებებით: თავდაცვის ტრანსფორმაცია, გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებები და ნატოში ინტეგრაცია.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური უცვლელი მისწრაფებებიდან გამომდინარე, ირაკლი ალასანია დეპუტატებს ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში 2014 წლის შემდეგ აღებულ ვალდებულებებზეც ელაპარაკა და ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო მისიაში ჩართვის შესახებ მალიში, ამჯერად უკვე ევროკავშირის ხაზით. დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ითქვა, რომ საუბარი არ არის საბრძოლო ქვედანაყოფების მონაწილეობაზე.

წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშვალდებულების პრინციპიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრი მაისში კვლავ ეწვევა პარლამენტს.