ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სკანდალში ეხვევა! ფაქტი, რომელსაც ბევრი მოწმე ჰყოლია, მაგრამ არავინ საუბრობს! ფაქტი, რომელიც ვიდეოთვალსაც დაუფიქსირებია, მაგრამ ფირი ჯერ არავის გამოუთხოვია! ფაქტი, რომელსაც ჰყოლია დაზარალებულები, მაგრამ მომჩივანი - არავინ! და შესაბამისად, ეს ფაქტი არც პოლიციის საიტზეა გამოქვეყნებული. რატომ? ალბათ, იმ დროს იქ, სადაც ეს ამბავი მოხდა, პატრული არ მოძრაობდა, ან პატრულმაც დაფარა ეს ამბავი.
მოკლედ, ფაქტი მომხდარა გასულ კვირას, სოლოლაკში, ერთ-ერთ ბარში დისკოთეკაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც ყოფილა, დაცვითურთ. "შუაღამისას, ნასვამი ქადაგიძე ახალგაზრდა ბიჭებს აუხირდა, რამდენიმე ბიჭი არ მოუვიდა თვალში, - უცხადებს წყარო "ალიას", - და ჩხუბი დაუწყოო".
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება "ალიას", ტაბელური იარაღი ჯერ ჰაერში უსვრია, მერე ერთ-ერთისთვის იარაღის ტარით თავი გაუტეხავს. დაზარალებულ რეზი ბ.-ს (გვარს მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკონკრეტებ. - დ.მ.) ორ ადგილას ჰქონია თავი დაზიანებული: "რეზი სპორტსმენია და მხოლოდ ქადაგიძე ვერ მოერეოდა, დაცვა რომ არ ჩარეულიყო. ჩივილს არ აპირებს, როგორც ამბობენ, ეტყობა, "მამლაყინწობს", მაგრამ თავშეხვეული კი დადის. პოლიციამ შეიტყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ბარის ვიდეოთვალი მომხდარს აუცილებლად დააფიქსირებდა. თუ ვინმეს დააინტერესებს, ვიდეოს ამოწევა შეიძლება და ნახონ! ჩხუბში 5 ახალგაზრდა და ქადაგიძე თავისი დაცვით მონაწილეობდა. რეზი
ამბობს, პირადად ქადაგიძემ მცემაო. ნაცემი რასაც ჰქვია, რეზია, სხვებს "ლაითად" მოხვდათ", - ამბობს წყარო.
ინფორმაციის გადამოწმება, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვერ მოვახერხეთ, პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, კახა ბარაბაძემ კი "ალიას" განუცხადა: "არ ვიცი, რა ფაქტზე მეუბნები, გავარკვევ და გაგაგებინებ".
მოგვიანებით კახა ბარაბაძე დამიკავშირდა და განაცხადა: "ბანკის პრეზიდენტმა თქვა, არც მაგ ბიჭს ვიცნობ და არც მსგავსი რამ მომხდარაო".