"ჩვენ, ანაბრების თემაზე წინასაარჩევნოდ არაფერი გვითქვამს, რადგან ეს იქნებოდა ცრუ დაპირება და ხალხს ვერ მოვატყუებდით, ფულს დაგიბრუნებთო. ეს იქნებოდა სიცრუე და ტყუილი" - აცხადებს "გურია ნიუსთან" პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წარმომადგენელი, მანანა კობახიძე.
როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ელგუჯა მექვაბიშვილი აცხადებს, ეს ფული 2002 წლისთვის შეადგენდა სადღაც 400 მილიონ ამერიკულ დოლარს.
მისივე თქმით, ერთი-ორი წელი იყო რაღაც პრაქტიკა, დაიწყო ამ ფულის რაღაც ნაწილის უკან დაბრუნება გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის.
"მინდა ვთქვა, რომ სამართლიანი იქნება თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ამ ფულს ფაქტობრივად დააბრუნებს, მაგრამ რა თანმიმდევრობით და რა კატეგორიით, ეს რა თქმა უნდა, მსჯელობის საკითხია.
თუმცა, იყო სხვა პრაქტიკა ბალტიისპირეთში. იქ, ხელისუფლებამ უთხრა მოსახლეობას: ხალხო, კი თქვენ ეს ფული გქონდათ შეტანილი შემნახველ სალაროებში, მაგრამ ამ ფულს ჩვენ ვერ დაგიბრუნებთ, ეს არის ის ფული, რომელიც თქვენ უნდა გადაიხადოთ და გადაიხადეთ საბჭოთა რეჟიმიდან გამოსვლის საფასურადო.
ასეა ჩვენთანაც, ამ ხელისუფლება უნდა უთხრას და დაუსაბუთოს, თუ ვერ დააბრუნებს, რატომ ვერ დაუბრუნებს. იმ ადამიანთაგან, ვისაც ფული ჰქონდათ შეტანილი, ბევრი ცოცხალი არ არის. ბევრს შეიძლება მემკვიდრეც არ დარჩენია ოჯახში" - აცხადებს ელგუჯა მექვაბიშვილი.
რას აპირებს ახალი ხელისუფლება? "გურია ნიუსი" ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს ესაუბრა.
ქალბატონო მანანა, თქვენ კი აცხადებთ, რომ წინასაარჩევნო პროგრამაში ანაბრების თემა არ შეგიტანიათ, მაგრამ სახელმწიფოს ანაბრები შიდა ვალად აქვს აღიარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს მისი დაბრუნების ვალდებულებაც.
- გეთანხმებით, შიდა ვალად აქვს აღიარებული და გახსოვთ ალბათ, როგორ პირდებოდა "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლოებას ანაბრების დაბრუნებას. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში არ ჩაგვიდვია ეს საკითხი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე არ უნდა ვიმსჯელოთ და სახელმწიფომ არ უნდა მოიფიქროს რაიმე მექანიზმი, თუ როგორ მოხდეს ამ ყველაფრის დაბრუნება მოქალაქეებისთვის.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ საკითხის გადაჭრას მე უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, საფიქრალია და ამაზე კომპლექსურად უნდა იზრუნოს სხვადასხვა უწყებამ და არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტრომ. ეს ეხება მთავრობას მთლიანობაში. მოგეხსენებათ, შევარდნაძე ქმნიდა რაღაც სამთავრობო კომისიებს და არაერთი ასეთი კომისია შეიქმნა. მიდიოდა დავები საკონსტიტუციო სასამართლოში, საერთო სასამართლოებში და ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ მრავალათასიან ანაბარში რაღაც კაპიკებს აძლევდნენ ადამიანებს. იყო ასეთი გადაწყვეტილებებიც და ზოგი საქმე სტრასბურგში მიდიოდა. მაგრამ ამასთან დაკავშირებით იყო საპარლამენტო დათქმა, ევროკონვენციის პირველ დამატებით ოქმთან მიმართებაში და იყო დიდი ვნებათაღელვა. სხვათაშორის, ჩემი ოჯახიც არის ანაბრებით დაზარალებულთა სიაში, ისევე როგორც უამრავი სხვა ოჯახი, რომელიც სისტემის მსხვერპლი გახდა.
მაგრამ ამ საბჭოთა ვალის არსებობა აღიარა თავის დროზე სახელმწიფომ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი თუა, უნდა დაბრუნდეს. პრობლემა ისაა, რა მექანიზმითაა ეს შესაძლებელი. ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ესაა ის თემა, რაზეც პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ და გადაწყვიტონ. ეს ის თემაა, რაზედაც ჩვენ მოგვიწევს მსჯელობაც და გადაწყვეტილების მიღებაც. როდის და რა პერიოდში მოხდება ეს, ამის თქმა არ შემიძლია.