"ბოლო პერიოდში "თბილავიამშენში" "დიდგორებისა" და "ლაზიკას" პრეზენტაციების დროს ყურადღებას იქცევდა ტელეკადრებში ერთი-ორი წამით გამოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც M4 ტიპის ავტომატურ საიერიშო შაშხანას ჰგავდა. დღეს M4-ით ვეღარავის გააკვირვებ, რადგან ამ იარაღით ქართული არმიის შეიარაღება ხუთი წლის წინ დაიწყო და თითქმის ოთხწლიანი ავღანური მივლინებების დროს ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურემ არცთუ ცუდად აითვისა. ასე რომ, ამ ამერიკული ავტომატური საიერიშო კარაბინის ნაკლი თუ ღირსება კარგად იცის. "თბილავიამშენში" არაერთხელ გამოფენილი ქართული წარმოების იარაღად მოხსენიებულ პროტოტიპებში, ამერიკულ M4-ს მიმსგავსებული ავტომატური საიერიშო შაშხანა, იგივე ავტომატი, ბევრად ქართულია, ვიდრე "დიდგორი" თუ "ლაზიკა". რაც შეეხება პირველ ქართულ ავტომატურ საიერიშო შაშხანად მონათლულ იარაღს, მისი დიზაინი თითქმის ზედმიწევნით იმეორებს არა ამერიკულ M4-ს, არამედ გერმანულ HK416-ს, თუმცა მისი ყველა დეტალი, ლულის ჩათვლით (ოღონდ მჭიდის გარდა), სწორედ საქართველოშია დამზადებული", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (15-28 მარტი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "არსენალმა" ქართული ავტომატი გამოცადა".
"დელტასა" და "თბილავიამშენის" დახმარებით, "არსენალმა" ჩაატარა ამ ავტომატის საცეცხლე გამოცდა, რომელსაც თავდაპირველად G-13 ერქვა, თუმცა ყოფილი ხელისუფლების ინიციატივით სახელად G-5 დაერქვა უცნობი (ან უფრო სწორად, აბსოლუტურად გასაგები) მიზეზების გამო.თავიდანვე ვიტყვით, რომ G-5-ის შექმნაზე ქართულ მხარეს ერთ-ერთი, ძირითადად, მეგობრულად განწყობილი ქვეყნის საიარაღო ფირმის სპეციალისტები ეხმარებოდნენ, რომელთან ერთადაც არჩეულ იქნა ავტომატური საიერიშო შაშხანის კონცეფციის შედარებით მისაღები და მეტ-ნაკლებად ადვილად განსახორციელებელი პროექტი. თუმცა, სანამ თავად G-5-ის აღწერაზე გადავალთ, მოგვიწევს არცთუ ისე მცირე ისტორიული რაკურსის გაკეთება", - აღნიშნავს გამოცემა.
"დასავლეთთან ინტეგრაციისა და NATO-ში შესვლის სურვილით ხსნიდნენ, რომ 2007 წლიდან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აშშ-ში დაიწყო M4 ტიპის ავტომატური საიერიშო კარაბინებისა და მისთვის განკუთვნილი 5,56X45 მმ კალიბრის NATO-ს სტანდარტის ვაზნების შესყიდვა. სიმართლე ითქვას, NATO-ს თავსებადობა სულაც არ მოითხოვდა იმ საქართველოსაგან, რომელსაც ჯერ MAP-იც კი არ ჰქონდა (და არც ახლა აქვს) მიღებული, რომ მაინცდამაინც NATO-ს, 5,56 მმ კალიბრზე გადაეყვანა მთელი არმია. ბოლო წლებში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებული აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების არმიების შეიარაღება კვლავ რჩებოდა (და ახლაც რჩება) საბჭოთა 5,45X39 მმ კალიბრის ვაზნებზე გათვლილი სხვადასხვა მოდიფიკაციის "კალაშნიკოვები" და არც ჩეხებს, პოლონელებს თუ ბულგარელებს არავინ სთხოვს "კალაშნიკოვების" გადაყრას. ქართული არმიისთვის აშშ-ში M4-ების (თანაც "ბუშმასტერის" ფირმის და არა "კოლტის") შესყიდვას თავიდანვე ახლდა სახელმწიფო პიარის ნიშნები (ისევე როგორც იმდროინდელ ბევრ სხვა გადაწყვეტილებას, რომლებიც არმიას და მთლიანად ქვეყანას ეხებოდა), რის გამოც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართულ არმიას ახალშეძენილი M4-ები საბრძოლო მოქმედებებში პრაქტიკულად არ გამოუყენებია. ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა _ ჯარს არ სჯეროდა ამერიკული M4-ების და ის არც ჰქონდა სათანადო დონეზე შესწავლილი, ამიტომაც ქართული ქვეითი ბრიგადები ბრძოლებში ისევე საბჭოთა "კალაშნიკოვებით" ჩაერთვნენ, რამდენიმე დღეში კი რუსეთის საარმიო დანაყოფებმა ქართულ სამხედრო ბაზებიდან აღებული რამდენიმე ათასი ამერიკული M4 დაწვეს და ალაფად წაიღეს", - წერს სტატიის ავტორი.
"აგვისტოს ომის შემდგომ ქართულ არმიას მეტი დრო ჰქონდა დარჩენილი M4-ების ასათვისებლად, მით უმეტეს, მათ, ვინც ავღანეთში ISAF-ის მისიაში წასასვლელად ემზადებოდნენ 2009 წლის შემოდგომიდან. მას შემდეგ თითქმის 4 წელია გასული და შეიძლება ითქვას, ქართული არმიის პირადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა უკვე მეტ-ნაკლები წარმატებით აითვისა ამერიკული M4-ები, რამაც ბუნებრივად გადაჭრა პრობლემა, თუ რა სახის შეიარაღება უნდა ჰქონოდა არმიას _ საბჭოთა "კალაშნიკოვები" თუ ამერიკული M4-ები. აქ იარაღის ტიპზე მეტად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა თავად ვაზნის კალიბრისა და ტიპის არჩევას, რადგან რამდენიმე სხვადასხვა კალიბრის ვაზნის ქონა შეიარაღებაში ძალიან ართულებდა ლოგისტიკურ მომარაგებას, განსაკუთრებით საბრძოლო მოქმედებების დროს. არადა, ქართული არმიის შეიარაღებაში ბოლო დრომდე რჩებოდა (და ახლაც რჩება) რამდენიმე კალიბრისა და ტიპის ვაზნა, მათ შორის 7,62X39 მმ კალიბრის ვაზნები განკუთვნილი AKM-ის "კალაშნიკოვის" ავტომატისთვის, 5,45X39 მმ კალიბრის ვაზნები AK-74-ისთვის და 5,56X45 მმ კალიბრის M4-ებისთვის. თუმცა იმ სამხედროებს, რომლებსაც M16-ებისა თუ M4-ების გამოყენება პოლიგონების გარდა რეალური საბრძოლო მოქმედებების ზონაში უწევდათ, ამ ამერიკული იარაღით ხშირად უკმაყოფილონი იყვნენ, _ კერძოდ, მისი საიმედოობით. ეს განაპირობა ვიეტნამის ომის დროს ფირმა "კოლტისა" და აშშ-ის არმიის სარდლობის ორმა შეცდომამაც", - განაგრძობს გამოცემა.
"M16-ისა თუ M4-ის ნაკლებსაიმედოობაზე ინტენსიური სროლის დროს კრინტს არავინ დაძრავდა, რომ არა მათი შემქმნელის, ცნობილი საიარაღო კონსტრუქტორის იუჯინ სტონერის ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც დრომ გამოავლინა, _ კერძოდ, M16 ტიპის ავტომატური საიერიშო შაშხანის აირგადამტან სისტემას ცილინდრი არა აქვს და გასროლისას ლულიდან გადასული დამწვარი დენთის აირების ნაწილი წვრილი მილაკის საშუალებით აღწევს საკეტამდე და მას უკან გადააადგილებს. სწორედ ეს აირგადამტანი წვრილი მილაკი M16-ებისა და M4-ების თავსატეხი _ ხშირი სროლის დროს ის დამწვარი დენთის აირების ნარჩენებით ბინძურდება და აირები საჭირო წნევით ვეღარ აწვებიან საკეტს, რაც ართულებს გადატენის სრულყოფილად შესრულებას და ავტომატიც "იჭედება. 1995 წლის ბუნდესვერმა შეიარაღებაში მიიღო G36 ტიპის ავტომატური საიერიშო შაშხანა, რომელიც M16-ვით 5,56X45 მმ კალიბრის ვაზნებს იყენებდა, თუმცა არ ახასიათებდა "შავი შაშხანის" "საბავშვო ავადმყოფობა", რადგან მისი მოქმედების ავტომატიკა დაფუძნებულია არა წვრილი მილაკით აირის გადატანაზე, არამედ აირცილინდრის მცირე მანძილზე გადაადგილებაზე, რომელიც ამ დროს სპეციალური ბერკეტით ამოძრავებს საკეტს", - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"პირველ ქართული ავტომატურ საიერიშო შაშხანად (თუმცა ის უფრო კარაბინია, ვიდრე შაშხანა, ლულის სიგრძიდან გამომდინარე) წოდებული G-5, ფაქტობრივად, გერმანული HK416-ის ასლია და ანალოგიური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები აქვს. თუმცა "არსენალისთვის" აქ მთავარი სულ სხვაა, კერძოდ,G-5-ის ლულა. საქმე ის არის, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩვენში არაერთი კუსტარული თუ საქარხნო წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი შეუქმნიათ, რომლებსაც ასევე კუსტარული ან სხვა სერიულად წარმოებული პისტოლეტიდან თუ ავტომატიდან აღებული ლულები ჰქონდა. G-5-ის ორიგინალობა კი ის არის, რომ მას საქართველოში დამზადებული ლულა აქვს, რაც შესაძლებელი შეიქნა თანამედროვე ჩარხების შემოტანის შემდეგ (უფრო მეტი დაკონკრეტებისგან ამჯერად თავს შევიკავებთ). შპს "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორის შოთა კვარაცხელიას განცხადებით, ამ ავტომატის საჭირო მაღალი მდგრადობის კომპოზიციური მასალები მათ საწარმოში თერმოპლასტავტომატზეა ჩამოსხმული, გარდა მჭიდისა, რადგან ამ უკანასკნელის აშშ-ში დიდ პარტიებად შეძენა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მისი წარმოების აწყობა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ამ ავტომატების საცდელი პარტიის წარმოება. "არსენალმა" G-5-ის გამოცდისას ერთჯერად და ავტომატურ რეჟიმში სროლისას რამდენიმე მჭიდი დაცალა და ამ იარაღზე ასეთი შთაბეჭდილება დარჩა: ის სროლისას, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება M4-ისგან, რაც არც არის გასაკვირი, რადგან დიზაინითაც და ავტომატიკის მუშაობის პრინციპითაც მას იმეორებს. განსხვავებას შეამჩნევს ის, ვისაც ხანგრძლივ და გახურებულ ბრძოლაში მოუწევს ამ ავტომატის იმედად ყოფნა, რადგან G-5-ის ავტომატიკის მცირე მანძილზე გადაადგილებადი აირდგუში უფრო საიმედო აღმოჩნდება, ვიდრე M4-ის პირდაპირი აირგადამტანი წვრილი მილაკი", - დასძენს სტატიის ავტორი.