"საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს 2005-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისის შესახებ. როგორც ჩანს, მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად აქტიურად იკვლევს იმ მასალებს, რაც ამ 8-წლიან პერიოდს ეხება, როდესაც თავდაცვის უწყებას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული მინისტრები მართავდნენ. საინტერესოა, რატომ არ მოხვდა მთავარი პროკურატურის დაინტერესების არეალში 2004 წელი, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალმოსულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამი მინისტრი შეცვალა და არსებობს ეჭვი, რომ ფინანსური დარღვევები არც მაშინ აკლდა შეიარაღებულ ძალებს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "პროკურატურა თავდაცვაში გრანდიოზულ დანაკლისს იკვლევს".
"მით უმეტეს, 2004 წელს თითქმის მთელ ქართულ არმიას მაშინ ჯერ კიდევ პოლიტიკურ ჩრდილში მყოფი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ეს ინფორმაცია იმალებოდა და როდესაც ამ სტატიის ავტორმა მაშინ ორჯერ დაწერა, რომ ბიზნესმენი ივანიშვილი დიდ დახმარებას უწევდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს (იქნებოდა სამხედროებისთვის ყოველთვიურად ხელფასის გადარიცხვა თუ მილიონობით ლარის ღირებულების საწვავის შეძენა ქართული ტანკებისა თუ ავიაციისთვის), ამას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დიდი გაღიზიანება მოჰყვა. თუკი პროკურატურა დაინტერესდება 2004 წლის საქმეებით, არ არის გამორიცხული, აღმოაჩინოს ძალიან საინტერესო ფაქტები, მათ შორის ისიც, თუ ხშირად როგორ არამიზნობრივად ხარჯავდა თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა ბიზნესმენ ივანიშვილის მიერ ქართული არმიისთვის ყოველთვიურად გადარიცხულ მილიონებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამხედრო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, ე.წ. "ატკატები" საზღვარგარეთ შეიარაღების შესყიდვის დროს, დარღვევები ტენდერების გამოცხადებისა და ჩატარების პროცესში _ აი, ის არასრული სია, სადაც პროკურატურის გამომძიებლებმა ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ამოუჩხრიკონ იმ ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებს, ვინც ბოლო 8 წელი თავდაცვის უწყებაში ბრძანებებს იძლეოდა. ძალზე საინტერესო იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის დეტალური გამოკვლევაც, კერძოდ, რა ირიცხებოდა ომამდე ქართული არმიის შეიარაღებაში და რა დარჩა აგვისტოს ომის შემდგომ, ხომ არ ჩამოიწერა მატერიალური ფასეულობები ვითომ ომში განადგურებისა და დაკარგვის მოტივით. "ნაციონალური მოძრაობა" ამაყობდა, რომ შევარდნაძის დროს, 2003 წელს 60 მლნ ლარიანი სამხედრო ბიუჯეტი ხუთ წელში 1,5 მლრდ ლარამდე გაზარდეს, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. თუკი მთავარი პროკურატურა დაასაბუთებს, რომ რვაწლიან პერიოდში თავდაცვის უწყებას მართლაც აქვს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისი, ეს გრანდიოზულ სკანდალში გადაიზრდება, რადგან აღმოჩნდება, რომ სამხედრო ბიუჯეტის 25-ჯერ გამზრდელი ყოფილი ხელისუფლება სინამდვილეში პირად კეთილდღეობაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ქვეყნის ინტერესებზე", - დასძენს სტატიის ავტორი.
"შენი ქვეყანა და მისი დამცველები არ გიყვარს, თუკი მათთვის უვარგის ვაზნებსა და ნაკლებად დაცულ ჯავშანჟილეტებს ყიდულობ და ამით მოგებასაც ნახულობ, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი სუნი ასდის მორიგ სკანდალს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2009 წელს კომპანია "ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან" 1 მლნ 680 ათას დოლარად იყიდეს უკრაინული Телохранитель М3-ის ტიპის 3 ათასი ჯავშანჟილეტი. ამ უწყების გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის დროს გაირკვა, რომ უკრაინული ჯავშანჟილეტები დაბალხარისხიანია და მებრძოლს ცუდად დაიცავდა, რადგან მცირე ჯავშანმდგრადობით გამოირჩეოდა. მათივე ცნობით, უკრაინული ჯავშანჟილეტები რომ დაბალი ხარისხისა იყო, თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იცოდა, მაგრამ სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს "ტრეიდ ალიანს ჯგუფს" შორის მიღება-ჩაბარების აქტი 3 ათასი ჯავშანჟილეტის მიღებაზე არ შედგენილა, სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ გამოწერილა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროსგან დარიცხული 2 მლნ 821056 ლარი", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "ჯავშანჟილეტები არა ბრძოლისთვის...".
"მოძველებული და მწყობრიდან გამოსული "კალაშნიკოვების" დიდი პარტიის შესყიდვის შემდეგ ეს მეორე მნიშვნელოვანი სკანდალია, რაც გასულ წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ საეჭვო შესყიდვებს უკავშირდება. ინტერნეტში არის ინფორმაცია Телохранитель М3ტიპის ჟავშანჟილეტებზე, რომლებსაც უკრაინული ფირმა ТЕМР-3000 აწარმოებს. ფირმის ინფორმაციით, Телохранитель М3 მალულად სატარებელი ბიზნესკლასის ჯავშანჟილეტია, რომლის შიდა ჯიბეებში თავსდება ექვსი ჯავშანფილა, რომლებიც "მაკაროვისა" და "ტეტეს" პისტოლეტების ტყვიებისგან იცავს მფლობელს", - აღნიშნავს გამოცემა.
"რა საჭირო იყო 3 ათასი ისეთი ჯავშანჟილეტის შეძენა, რომელიც ქუჩური გარჩევების დროს თუ გამოდგება, რადგან ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის "კალაშნიკოვისგან" დაუცველს დატოვებდა ქართული არმიის მებრძოლებს. ძნელია, როცა ჯარისკაცს ბრძოლის ველზე ჯავშანჟილეტის იმედი აქვს და ის კი ტყვიაგამტარი აღმოჩნდება. ეს უცოდინარობის ბრალი იყო თუ მოგების სურვილი, მთავარი პროკურატურის გასარკვევია. თუკი მაინცდამაინც ამ უკრაინული ფირმისგან სურდათ ჯავშანჟილეტების შეძენა იმ მოტივით, რომ აგვისტოს ომის შემდგომ, 2009 წელს, სხვა ქვეყნებს რუსეთის შიშით საქართველოსთვის გამოუცხადებელი ემბარგო ჰქონდათ დაწესებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე, მაშინ კეთილენებათ და ამავე ფირმის ბევრად მაღალი დონის დაცულობის ჯავშანჟილეტები შეეძინათ, თუნდაც Корсар-ი და Бронекорсар-ი, რომლებიც АКМ-ისა და СВД-ს ტყვიებსაც კი უძლებენ. ჯავშანჟილეტებთან დაკავშირებული პრობლემები არახალია ქართული არმიისთვის. თავის დროზე, ჯავშანჟილეტების ხარისხით უკმაყოფილო იყვნენ ის ქართველი სამხედროები, რომლებსაც 2003-2008 წლებში ერაყში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში უწევდათ მონაწილეობა", - წერს სტატიის ავტორი.
"2004-2012 წლებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შვიდი თავდაცვის მინისტრი გამოცვალა. ყოველ მათგანს უწყებაში მისი ერთგული ჯგუფი მიჰყავდა, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ყიდულობდა შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას საზღვარგარეთ. ეს პროცესი აბსოლუტურად გაუმჭვირვალე გახლდათ საზოგადოებისთვის, რადგან ამას სამხედრო საიდუმლოების დაცვის მოტივით ხსნიდნენ. როგორც ჩანს, საეჭვო შესყიდვების კიდევ არაერთი ფაქტი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, რაზეც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მუშაობის ტემპიც მიუთითებს. ჯავშანჟილეტების კონკურენტუნარიანი ნიმუშების შექმნა და სერიული წარმოების დაწყება ქართველ სპეციალისტებსაც შეუძლიათ, თუკი სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს მათ დაფინანსებას, მით უმეტეს, რომ მსუბუქ, გამძლე ჯავშანჟილეტების მოთხოვნა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება", - დასძენს სტატიის ავტორი.