საქართველოს ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული სიყვარული ძვირფასი მაჯის საათების მიმართ დიდი ხანია ცნობილია. როგორც ამბობენ, მიშა არასოდეს იშურებს თანხას კარგ საათში. უფრო მეტიც, თავის გარემოცვასაც ხშირად ასაჩუქრებს ძვირად ღირებული საათებით. მისი ნაჩუქარი საათები ბევრი მომღერლის, პოლიტიკოსის, ცნობილი ადამიანის და, თქვენ წარმოიდგინეთ, უბრალოდ თბილისელი გოგონას ხელსაც კი ამშვენებს.
როგორც მის მიერ დასაჩუქრებულმა ერთ-ერთმა პირმა გვიამბო, სააკაშვილი თურმე საზღვარგარეთ ყოფნისას მხოლოდ საკუთარ თავზე არ ზრუნავს, სხვებზეც ფიქრობს და შოპინგისას მეგობრებისთვის ძვირად ღირებული საჩუქრები, ძვირფასეულობა, მათ შორის საათებიც ჩამოაქვს. მადლიერი ბომონდიც დაუღალავად უმღერის და უმღერის პრეზიდენტს.
როგორც ამბობენ, მისი ნაჩუქარი საათებით თავს იწონებენ ანრი ჯოხაძე, ღირსების ორდენით დაჯილოებული ლელა წურწუმია, დუეტი "ჯორჯია", სოფო ნიჟარაძე და სხვა მრავალი, საზოგადოებისთვის ცნობილი და არცთუ ცნობილი სახეები. როგორც ამბობენ, ბატონი პრეზიდენტი მადლიერებას ყველაზე ხშირად თავისი საყვარელი აქსესუარის ჩუქებით გამოხატავს და თუკი ვინმე რამდენჯერმე შეხვედრია მას, საათით აუცილებლად დაუსაჩუქრებია. როგორც ამბობენ, ბევრ ახლობელს დაბადების დღეზეც სწორედ საათს ჩუქნის.
როგორც ცნობილია, განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანებისთვის სპეციალური ჟურნალები და ინტერნეტსაიტები არსებობს, სადაც ფუფუნების ნივთები იყიდება. გამორჩეულად მდიდარი ადამიანებისთვის შექმნილია სპეციალური ბრენდები, რომელთა ნაწარმიც, ალბათ, ჩვეულებრივ მოკვდავთ არც დაესიზმრებათ. ასეთ დაკავებულ ხალხს ცნობილი და უძვირესი იტალიური ბრენდ "ბრიონის" დიზაინერებიც კი თავად ეახლებიან მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას და კოსტიუმის ზომებს თავადვე უღებენ. შემდეგ გამზადებულ კოსტიუმს სახლში მიართმევენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი თანხების სანაცვლოდ. "ბრიონი" ცნობილია, როგორც ფუფუნების ბრენდი და მას პრეზიდენტების საყვარელ ბრენდსაც უწოდებენ. მისი ერთი ჩვეულებრივი, მზა კოსტიუმი საშუალოდ ორი-სამი ათასი ევრო ღირს. რა თქმა უნდა, სულ სხვა ფასებია სპეციალური შეკვეთისას, რასაც დიზაინერის მგზავრობა, ცხოვრება, განსაკუთრებული ჰონორარი და სხვა მრავალი ხარჯი ემატება.
ამ ბრენდის კოსტიუმებით თავს იწონებენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და ცნობილი ბიზნესმენები. როგორც ამბობენ, "ბრიონის" დიზაინერი საქართველოს პრეზიდენტს პირველად იტალიელებთან კარგად დაახლოებულმა კახი კალაძემ ჩამოუყვანა. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა "კარგი დრო" იყო, სააკაშვილი კალაძეს ემეგობრებოდა და ფულის დაბანდებას საქართველოში სთავაზობდა. მერე რა ბედიც ეწია ყოფილი ფეხბურთელის ფულებს, ყველამ კარგად ნახა. ის კი უცნობი დარჩა, ვინ გადაიხადა სააკაშვილის ახალი კოსტიუმების ფული.
სპეციალურად მდიდრებისთვის უშვებს აუდიო-ვიდეო სისტემებს ელიტური კლასის დანიური ბრენდი "ბანგი და ოლუვსენი". როგორც ცნობილია, ამ ფირმის ტექნიკა კახი კალაძის სახლებს ამშვენებს.
"ოლუვსენის" ტელევიზორი საშუალოდ 70 ათასი ევრო ღირს. გასულ ზაფხულს კი კომპანიამ ნამდვილი ინოვაციური ნაწარმი შექმნა. ტელევიზორი, რომელიც 113 ათასი დოლარი ღირს, იმდენად დიდია, რომ სანამ კომპანიის წარმომადგენელი არ მოვა თქვენი სახლის შესამოწმებლად და არ დაადგენს, როგორ და სად მოთავსდება ის, მანამდე არ მოგყიდიან. ტელევიზორი თურმე ნახევარ ტონას იწონის.
ისე, სიძვირეზე ერთი ამბავი გამახსენდა... როცა გახმაურდა ამბავი, თითქოს სააკაშვილის რეზიდენცია 80 მილიონი დაჯდა, მის ერთ-ერთ მეგობარს და "პირად მშენებელს" თურმე ბევრი უცინია და უთქვამს: "მაგდენი მარტო გვირაბები დაჯდაო". რა გვირაბებია და სად გადის ისინი
რეზიდენციიდან, ამას ჩვენ ვინ გვეტყვის, მაგრამ თუ ივანიშვილი, როგორც დაგვპირდა, პრეზიდენტის რეზიდენციას მართლაც აქცევს სასტუმროდ, საიდუმლო გვირაბები ალბათ ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ტურისტულ მარშრუტად იქცევა.
თუმცა ისევ საათებს და "კარგ დროს" დავუბრუნდეთ. როგორც კი მიშას "სისუსტის" ამბავი შეუტყვია, როგორც ამბობენ, ბიზნესმენთა ოჯახის უფროს ვაჟს, დავით კოდუას, მისთვის სასწრაფოდ ისეთი ფასის მაჯის საათი შეუკვეთია, თავად პრეზიდენტიც გაუოცებია.
დავით კოდუა ძმასთან, გიორგისთან, და დედამისთან, ლაურა ღაჭავასთან ერთად ავიაკომპანიის, ლილოს ტერმინალის, ფაბრიკა-ქარხნების, ბაზრობის, ჰექტრობით მიწის ნაკვეთების, რესტორნების ქსელის, სამშენებლო კომპანიების და სხვა შენობა-ნაგებობების მფლობელი და მეწილეა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ოჯახმა შეისყიდა სიმბოლურ ფასად მელიქიშვილზე მდებარე სასტუმრო "საქართველოს" შენობა, სადაც კაზინო გახსნა, ასევე საბურთალოზე მდებარე ყოფილი "ლეჩკომბინატის" შენობა, ვაკეში მდებარე ყოფილი კინო "ყაზბეგის" შენობა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ძველი საავადმყოფოები, ინსტიტუტები და პრესტიჟულ ადგილას მდებარე უამრავი შენობა.
როგორც ამბობენ, ზოგიერთი მათგანი, რომელთა ღირებულება რეალურად ათეული მილიონობით ლარია, კოდუებს სიმბოლურ ერთ ლარად გადასცეს.
მადლიერების გამოსახატავად და ბიზნესის მშვიდად გასაგრძელებლად კი დავით კოდუას სააკაშვილისთვის ისეთი საათი შეუკვეთია, რომლის ფასიც 850 ათას დოლარს აღწევდა. შემდეგ კი მეგობრებთან ამით თავიც მოუწონებია. "საათი 850 ათას დოლარად იყიდა და პრეზიდენტს აჩუქა. შეუკვეთა და ჩამოუტანეს", - გვიყვება კოდუას ერთ-ერთი მეგობარი.
წარმოუდგენლად ძვირად ღირებულ მაჯის საათებს ბევრი ცნობილი ბრენდი უშვებს. მათ შორისაა შვეიცარიული კომპანიები "ჰუბლოტი" და "პატეკ ფილიპი", რომელთა ექსკლუზიური საათების ფასი 2, 6, 8 და 11 მილიონსაც კი აღწევს. "პატეკ ფილიპის" 11-მილიონიანი საათი რამდენიმე წლის წინ აუქციონზე გაიყიდა. საათს 24 ფუნქცია აქვს, დამზადებულია პლატინისა და ყვითელი ოქროსგან, აქვს მუდმივი კალენდარი, მუშაობს წამების მეათასედი სიზუსტით და არასოდეს ფუჭდება. ასეთი საათები ძირითადად ცნობილ აუქციონებზე იყიდება და სამეფო ოჯახებისა და მდიდარი შეიხებისთვისაა განკუთვნილი. ბევრ მათგანს ბრილიანტის თვლებიც ამშვენებს. ეს საათები ძვირფასი საიუველირო ნაწარმია და მხოლოდ დროის გასაგებად არ არის შექმნილი. ისიც ცნობილია, რომ საათი ძალიან დაფასებული აქსესუარია ბიზნესწრეებში და ხშირად ბიზნესმენები პარტნიორებს სწორედ საათის მიხედვით აფასებენ.