რა გავლენა შეიძლება მოახდინოს დაძაბულმა პოლიტიკურმა გარემომ და დასავლელი პარტნიორების შეშფოთებამ ქვეყნის ეკონომიკაზე? ანალიტიკოსები თავისებურ შეფასებებს აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ ინვესტორები მორიგ პაუზას აიღებენ. სამომავლოდ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მდგომარეობას სათანადოდ განმუხტვაზე.
ნიკა მელიას დაკავებას მკვეთრად უარყოფითად აფასებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. როგორც მან აღნიშნა, ამ ნაბიჯით საინვეტიციო გარემო გაუარესდება, რაც აუცილებლად აისახება მოქალაქეების ჯიბეზე.
„ისეთი მყიფე დემოკრატიის ტიპის ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მსგავსი ფორმითა და მსგავსი უსუსური ბრალდებით დაკავება უარყოფითად აისახება ქვეყანაზე. ჩვენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ძალიან დიდხანს ვიქნებით დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე, იმაზე თუ რა განწყობაა დასალეთში საქართველოს მიმართ. ეს მოქმედებს ჩვენს საინვესტიციო გარემოზე, ჩვენს ბიზნეს გარემოზე, ასეთი ტიპის ქვეყნებში როგორც წესი, ინვესტორები ფულს არ დებენ“, - განაცხადა „კომერსანტთან“ კეპულაძემ, რომლის აზრითაც მდგომარეობას კიდევ უფრო დაკავების ფორმა ამძიმებს.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის თქმით, მსგავსი ქმედებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევები არსებობს, მაგრამ მაშინაც კი, თუ სანქციები არ დაწესდება, კონგრესმენების განცხადება უკვე აზიანებს საინვესტიციო გარემოს და როცა ქვეყანას ნავთობი ან რამე სხვა რესურსი არ გააჩნია ინვესტიციების კლება ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.
ბიზნეს სამართლის სპეციალისტის რაულ აგიკიანის შეფასებით, პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არასასიამოვნოა და ბიზნესს აზარალებს. დასავლელი ინვესტორები გაფაციცებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მათთვის ცუდი სიგნალია.
„ქვეყანაში არსებული რყევები, აფიქრებინებს ინვესტორებსაც, რომ ჩვენთან კაპიტალის განთავსება არის სახიფათო“, - აღნიშნა მან და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ინვესტიციების მოზიდვისას საქართველოსთვის უპირატესობას წარმოადგენდა, მაგრამ ამ ყველაფერს პოლიტიკური კრიზისი ასუსტებს.
„ერთადერთი, რაც შესათავაზებელი გვქონდა ინვესტორებისთვის, ეს იყო მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკურ გარემო, მდგრადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, ნაკლები რეგულაციები, გამარტივებული პროცედურები ბიზნესის დაწყებისას და ა.შ. ეს იყო ჩვენი ბენეფიტი და მიმზიდველობის ფაქტორი ინვესტორებისთვის.
უნდა გავიაზროთ ჩვენი მდგომარეობა - ბუნებრივი რესურსები არ გვაქვს, დედაქალაქიდან 40 კილომეტრში გვყავს ოკუპანტი, გვაქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის მუშახელის კვალიფიკაციის ნაწილში და ერთადერთი, რაც ინვესტორებისთვის საინტერესოდ რჩება, არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. დღეს კი რა სურათი გვაქვს? დერეგულაციების ნაწილში ქვეყანა უკვე ყოველწლიურად უკან უკან მიდის და ახალ რეგულაციებს იგონებენ, თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში წინ ვერ მივდივართ და ძირითადად, გადმოგვაქვს ყველაზე მძიმე რეგულაციები, რაც არის წნეხი კერძო სექტორისთვის“, - განაცხადა რაულ აგიკიანმა და იქვე დასძინა, რომ „ახალი ინვესტიციების მოზიდვა კი არა, მთავარია, არსებული პროექტები არ დავკარგოთ“.
სრულიად სხვაგვან პოზიციაზეა ეკონომისტი ირაკლი ლატარია, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე და ზოგადად განვითარებაზე იმოქმედებს, თუმცა ახალი პრემიერი შეძლებს, ქვეყანას პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც მშვიდობა მოუტანოს.
„ნებისმიერი გამოსვლა, აქცია, პროტესტი ყოველთვის მოქმედებს ეკონომიკაზე და მის განვითარებაზე, მით უმეტეს ახლა, როდესაც 2021 წელი არ არის დიდი ხნის დაწყებული და ახალი საბიუჯეტო წელი დადგა. იმ ინვესტორებისათვის, რომლებმაც შარშან გადაწყვიტეს, რომ წელს საქართველოში თავიანთი თანხები დააბანდონ, ეს გარემოება არის შემაკავებელი. სწორედ ეს იყო ახლანდელი პრემიერის გამოსვლაში პირველი გზავნილი, რომ მთავარია მშვიდობა და მას შემდეგ იქნება ეკონომიკური წინსვლა, რომელსაც უნდა ველოდოთ.
რა თქმა უნდა, ყველაფერი როგორც ეკონომიკაზე, ისე ზოგადად, ქვეყნის სტაბილურობაზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ მე არ ვსაუბრობ ნიკა მელიას დაკავებაზე, ვგულისხმობ იმ დესტაბილიზაციასა და დესტუქციას, რომელიც იმ ძალებს აქვთ. ძირითადად, მათი პასუხისმგებლობაა ის, ხვალ და ზეგ ეკონომიკაში რა პრობლემებიც შეიქმნება.
ხელისუფლება მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ არის. ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნაწილობრივ ისინიც არიან პასუხისმგებელნი შექმნილ სიტუაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.