შევა თუ არა პოლიტიკური პროცესები ჩიხში და რა არის რეალურად ოპოზიიცის გეგმა, რომელიც „ოცნების“ მიერ მანდატების არგაუქმების მიუხედავად პარლამენტში შესვლაზე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს. შევიდა თუ არა ოპოზიციის ქმედებები ჩიხში და რა შანსი აქვს ახლა იმისთვის, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეს?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ყოველდღიურად ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს. სთავაზობს საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივად მუშაობას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც დასავლეთის მხრიდან დადებითი შეფასებები უკვე მოჰყვა.
ამიტომაც, მისი აზრით, ახლა „ოცნების“ მიზანი ისაა, რომ ბრალდების ტვირთი საკუთარი მხრებიდან მოიხსნას, ჰქონდეს უფრო მეტი არგუმენტები იმისთვის, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად ყველაფერი გააკეთა. მეორეს მხრივ კი თუ „ოცნება“ ამ განცხადებებს არ დააკმაყოფილებდა, ოპოზიციის დღის წესრიგით თამაში მოუწევდა. ამიტომაც ახლა ოპოზიცია იძულებული იქნება ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი არა თავად შექმნას, არამედ ხელისუფლების დღის წესრიგით ითამაშოს. ამ გადაწყვეტილებით კი პოლიტიკური მართვის სადავეები ხელში „ოცნებამ“ აიღო.
„ხელისუფლებამ ოპოზიციის თამაშის ბლოკირება მოახდინა. ახლა ქვეყანაში პოლიტიკური თამაშის წესებს დააწესებს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. ოპოზიციას ხელიდან სადავეები გაეშვა. მას ჰქონდა ხალხის და დასავლეთის იმედი. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არცერთის მხადაჭერა არა აქვს. პირიქით, კვლევებმა აჩვენა, რომ ხალხს მათი პარალმენტში შესვლა უნდა. ამიტომაც „ოცნებამ“ ხალხის და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინა. ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ოპოზიციის დღის წესრიგში არ იყო და დასახული გეგმა ჩაუვარდათ. არის კიდევ ერთი ასპექტი, რომ ქვეყანა შეიძლება საერთოდ პოლიტიკური სპექტრის გარეშე დარჩეს. არსებობს რისკი, რომ გარეთ დარჩენილი პატარა პარტიები გაქრებიან, ამომრჩევლის თვალში გაკოტრდებიან. ამიტმაც იმედია დროზე მიხვდებიან, ვის თამაშს თამაშობენ და პარლამენტში შევლენ“, - აცახდებს საყვარელიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ოპოზიციაში ბულინგის იმდენად ეშინიათ, რომ ეს პრობლემა თავად თუ არ დაძლიეს, ამას მმართველი გუნდი ვერ უშველის. პარლამენტში არშესვლით ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებშიც გზას იჭრის. მონაწილეობა რომც მიიღონ, ხალხი მათ ხმას აღარ მისცემს. იტყვიან, პარლამენტში არ შევიდნენ და თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა რატომღა უნდა მივცეთო. ამიტომაც ამ რისკებს ხელისუფლება ხედავს და ოპოზიციას კიდევ გააზრების საშუალებას აძლევს.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას, საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არაფერში აწყობს, ამიტომაც პარლამენტში ამის მხარდასაჭერად არ შევა. ისინი ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ, რადგანაც არაკოლეგიალური იქნება და ამით ოპოზიცისიის განაწყენებას გამოიწვევნ.
„ენმ რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ ყველანაირად ეცდება, რომ ბოიკოტის მუხტი არ დავარდეს და მეორე მხრივ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხის პედალირებას მოახდენს. „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას კვებავს. ბევრი ადამიანი ვინც ადრე ენმ-ს უჭერდა მხარს, დღეს „სტარტეგია აღმაშენებელს“, „ევროპელებს“, „გირჩს“ და „ლელოს“ ხმას აძლევს. ასე რომ, ენმ დაჩაგრულ მდგომარეობაში გამოვა თუკი საარჩევნო ბარიერი დაიწევს. მისი ამომრჩევლის ხარჯზე რიგი პარტიები პარლამენტში შევლენ, მას კი ეს ხმები დააკლდება. ამიტომ არ აწყობს, რომ სხვა პარტიებისთვის ბარიერმა დაიწიოს. როცა ბარიერი მაღალია, პატარა პარტიები ცდილობენ, ენმ წევრები გახდნენ, ანუ ბლოკებად გაერთიანდნენ და პარლამენტში შევიდნენ. ეს კი „ნაციონალებს“ აძლიერებს და კვლავ პირველ ოპოზიციურ პარტიად ტოვებს. ამიტომაც იხმარა ხელისუფლებამ ეშმაკობა, როცა საარჩევნო ბარიერი დაუწია. როცა დაბალია ბარიერი, ამ პარტიებს ენმ აღარ სჭირდებათ“, - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ოპოზიცია ორი დილემის წინაშე დგება. უცხადებს პარალმენტს ბოიკოტს, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში რატომღა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს კი ისევ „ოცნების“ გაძლიერებას გამოიწვევს და ოპოზიცია მომავალ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც წააგებს.