აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მილიარდერი ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, რადგან ის ცუდი კაცია. ამის შემდეგ, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფა“ ტრამპმა მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის რეკომენდაციით, „ანტიფას“ დამფინანსებლები საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად.
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რიგმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ ულტრამემარცხენეების „ძალადობის წამქეზებელ კოორდინირებულ მცდელობას“. ამ განცხადებებმა პროტესტი გამოიწვია ზოგიერთი „დემოკრატის“ მხრიდან, რადგან მიაჩნიათ, რომ ტრამპი საბაბს ქმნის განსხვავებული აზრის, საპირისპირო შეხედულებების ჩასახშობად.
„ანტიფა“, „ანტიფაშისტების“ შემოკლებული ფორმა, არ არის სტრუქტურირებული ჯგუფი, ის უფრო სოციალური მოძრაობაა. CNN-ის განმარტებით, აშშ-ში უკანონოდ ითვლება მატერიალური მხარდაჭერის გაწევა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მთავრობის მიერ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან გამოცხადებულნი, თუმცა ადგილობრივი ჯგუფებისთვის ანალოგიური კანონი არ არსებობს.
ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებმა, 2016 წლიდან დღემდე, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. აღნიშნულ მონაცემებს ამერიკული საგამოძიებო კვლევითი ცენტრი „კაპიტალი“ აქვეყნებს.
ცენტრის მიხედვით, 23 მილიონ დოლარზე მეტით დაფინანსდა შვიდი ჯგუფი, რომლებიც ძალადობაში, საკუთრების დაზიანებაში, საბოტაჟსა და შევიწროებაში იყვნენ ჩართულნი. ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდის დოკუმენტების მოკვლევის საფუძველზე შედგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ სოროსის ფონდებიდან მილიონობით დოლარი იხარჯებოდა ისეთ ქმედებებზე, რაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიხედვით, შიდა ტერორიზმად კვალიფიცირდება.
„ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდები, გრანტები და დაფინანსების დოკუმენტები მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 80 მილიონ დოლარზე მეტი ღია საზოგადოების ფონდებიდან გაეგზავნა 54 ჯგუფს, რომლებიც კრიმინალურ ქმედებებში, შიდა ტერორიზმსა და თავდასხმების წაქეზებაში იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი ასოცირებულია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან პროტერორისტულ ჯგუფებთან. მივაკვლიეთ 400 ათას დოლარს, რომელიც მინესოტას არეულობისას დაიხარჯა აქტივისტების გადამზადებაზე, აქტივისტების სახელმძღვანელოებზე. დოკუმენტებში მითითებულია ბმულები, სადაც აღმოაჩენთ გზამკვლევებს, თუ, მაგალითად, როგორ უნდა გაანადგურონ აქტივისტებმა კერძო საკუთრება“, - განაცხადა „კაპიტალის“ ერთ-ერთმა მკვლევარმა, რაიან მაურომ.
ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ პოლიციელების მოკვლა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და არეულობებში მონაწილეობა, არამედ პოლიტიკური ძალადობის დაფინანსება და ორგანიზება.
„ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მემარცხენე ძალადობის დაფინანსებისა და რადიკალიზაციის ქსელების გამოვლენა უზრუნველყოთ. ჩვენ ვცდილობთ, გავიგოთ, როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზაცია და ვინ აფინანსებს ამ რადიკალიზაციის ძალისხმევას. ჩვენ ვიხილეთ ეს 2020 წლის ზაფხულში, როდესაც არეულობის დროს, ოც ადამიანზე მეტი დაიღუპა. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი. საუბარი არ არის მხოლოდ ამ ადამიანებზე, რომლებიც პოლიციელებს კლავენ ან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან და არეულობებში მონაწილეობენ. საიდან მოდის ფული? ვინ აორგანიზებს ამ ძალადობრივ ქმედებებს?“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი, რომლის განცხადებით, ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაქეზებაზე, რადგან რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები, ადრე თუ გვიან, ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან.
„რას გვეუბნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ამერიკული რადიკალური ჯგუფის - „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მისი დაფინანსების სქემებზე გამოძიების დაწყება? ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების მიერ ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ და ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება. ეს გამოფხიზლება იმის აღიარების შედეგია, რომ რადიკალიზმი შეუქცევადია და მისი საბოლოო გაჩერება ტერორიზმია. რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს. დემოკრატიის გადარჩენა არა რადიკალიზმის დათმენაში, არამედ მის აღკვეთაშია, რადგან დღევანდელი რადიკალიზმი, ხვალ ტერორიზმად მოგვევლინება. ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ის ადმინისტრაციას და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე, დაფინანსებაზე და დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რადგან რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები ადრე თუ გვიან ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკისა და მიდგომის ცვლილებების მანიფესტია, მაშინ წესით, ამას საქართველოშიც ვიგრძნობთ იმით, რომ ძალადობის წამხალისებელ აქაურ ორგანიზაციებს ყველანაირი დახმარება შეუწყდებათ.
„თუ ეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირადი მოსაზრებაა, მაშინ, ის დარჩება ასეთად და ამის იქით არ წავა, ხოლო თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის და ადრეული მიდგომების ცვლილების მანიფესტია, მაშინ, წესით, ეს აქ, საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ კონკრეტული ქმედებებით. კერძოდ, ასეთი აქაური ორგანიზაციებისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტით“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, ვენსმა პირდაპირ თქვა, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ მონაწილეობს ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში, მისი დაფინანსება და საქმიანობა უნდა გახდეს გამოძიების საგანი. მეგრელიშვილის განცხადებით, ტერორიზმი მხოლოდ ბომბით ან „მოლოტოვის კოქტეილით“ თავდასხმა კი არაა, არამედ ისიც, როცა ამგვარი მოქმედება სხვების მიერ ფინანსდება და ორგანიზდება.
„ეს გზავნილი შეიძლება ბევრმა პოლიტიკურ პოპულიზმად ჩათვალოს, მაგრამ რეალურად, იგი ძალიან პრაქტიკულ პრობლემას ეხება. საქართველოში ხშირად გვესმის, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არა სამოქალაქო განათლების, არამედ პოლიტიკურ პროცესებში უხილავი ჩარევის ფუნქციას ასრულებს. ისინი ქმნიან ნარატივებს, რომლებიც აგრესიულ პროტესტს ამართლებენ და ახალგაზრდებს კიდევ უფრო რადიკალური გზისკენ აქეზებენ. აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ამერიკაში ხელისუფლება ამ საკითხზე, როგორც პრობლემურზე, უკვე ღიად საუბრობს, რატომ არ უნდა დასვას იგივე საკითხი საქართველომაც? სამართლებრივი ჩარჩო ცხადია - სიტყვის თავისუფლება დაცულია, მშვიდობიანი პროტესტი ლეგიტიმურია, მაგრამ ძალადობის ორგანიზება ან დაფინანსება ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამოქალაქო აქტივიზმად. როცა საქმე ეხება ქუჩაში დაპირისპირებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებას, მაშინ უკვე ვერც ერთი ორგანიზაცია „დემოკრატიის“ მანტიის ქვეშ ვერ დაიმალება“, - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.
პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის განცხადებით, დონალდ ტრამპის პოსტია, რომ რადიკალური მემარცხენე დაჯგუფება „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცხადდება, მასი დამფინანსებლების საქმიანობა გამოძიებულ უნდა იქნას. მისი თქმით, ყველამ იცის, ვინაა დამფინანსებელი - ესაა სოროსი და მისი ქსელი.
„სხვა საკითხია, ვინ დგას სოროსის უკან. ვინ აფინანსებს რადიკალებს საქართველოში? ესეც ყველამ იცის - იგივე სოროსის ქსელი. საქართველოში უნდა აიკრძალოს სოროსის ფონდი და მისი ქსელი, სულ რომ კრუნჩხვებში ჩავარდეს მის მიერ დაფინანსებული ევრობიუროკრატია და დაშლის პირას მყოფი აშშ-ის დემოკრატიული პარტია“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
კომენტარი სურათზე: "ორი ბებერი კუანა"