აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც მას და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ვაშინგტონის ერთ-ერთ რესტორანში საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ, საფრთხეს წარმოადგენენ და ისინი ციხეში უნდა ისხდნენ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყვნენ თუ არა პროტესტის მონაწილეები დაპატიმრებული, ტრამპმა უპასუხა: "არ ვიცი ისინი როგორ მოხვდნენ იქ, თუმცა რა თქმა უნდა. მათი საქციელი ძალიან შეუფერებელი იყო. დიახ, ვფიქრობ, ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ."
საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც გასულ კვირას, თეთრი სახლის მახლობლად მდებარე ზღვის პროდუქტების რესტორანში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, სავახშმოდ იმყოფებოდა. რესტორანში შეკრებილი რამდენიმე ქალი, ტრამპს დახვდა შეძახილებით: "თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება ვაშინგტონს", "ტრამპი ჩვენი დროის ჰიტლერია".