„ვირი“ და „ცხენი“ - რომან გოცირიძის პასუხი გია ბარამიძეს ბოდიშის მოხდის მოთხოვნაზე

„ვირი“ და „ცხენი“ - რომან გოცირიძის პასუხი გია ბარამიძეს ბოდიშის მოხდის მოთხოვნაზე

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თანაპარტიელებისათვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ პარტიაში მის პოზიიციას ბევრი იზიარებს. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ოპოზიციას ახლა მორალური უპირატესობა აქვს და ეს ახალი სკანდალით არ უნდა გაანიავოს.

„დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში" შაბათს ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო, როდესაც პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის თავზე ნაგვის ურნა დააცალა. რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა ეს საქციელი სასტიკად დაგმეს და ამის გამო თანაპარტიელთა ნაწილის კრიტიკა დაიმსახურეს.

„ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ სამადაშვილსა და გოცირიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერების უნამუსოებად, ლაჩრებლად და ბრბოდ მოხსენიება კატეგორიულად მიუღებელია.

„რეზონანსთან" საუბარსისას ამის საპასუხოდ რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბარამიძემ მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.

„მე და სალომე სამადაშვილს მოგვიწოდეს, რათა პარტიული ბოდიში მოვიხადოთ აბრაამ ლინკოლნის ციტატისათვის, რომელიც ამბობს, რომ „არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს". ამ შემთხვევაში ფილოსოფიური „ბრბო" - იგივე მასა, კოლექტივი - ხულიგნურ კონტექსტში გაიგეს. მე საპასუხოდ ტელევიზიით „ვირი" და ცხენი ვუწოდე, ვიგულისხმე ბურიდანის ვირი და ტროას ცხენი. თუ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ლინკოლნის „ბრბოს" მსგავსად, სკანდალი არ აგვცდება.

„პარტიაში ყველა ლიდერმა გაკიცხა ეს საქციელი, სხვა პარტიებმაც ადეკვატური განცხადებები გააკეთეს. ბატონმა გია ბარამიძემ კი გმირობად ჩათვალა. ასე რომ, ვინაა უმცირესობაში, კიდევ საკითხავია.

„ახლა ოპოზიციას აქვს მორალური უპირატესობა და ეს არ უნდა გაანიავოს. ოცი წლის კი არა ორჯერ ოცი წლის პოლიტიკოსებს შეშლიათ და ბევრი ცნობადი სახე პერმანენტული შეშლის პროცესში იმყოფება. ამიტომ ახალგაზრდის საქციელი კი არ არის მთავარი, არამედ როგორ რეაგირებს ამ ფაქტზე ხელისუფლება და ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერები.

„ნაცმოძრაობის" აქტივისტების ნაწილს აქვს თავისი განსხვავებული დამოკიდებულება და კრიტიკული გამონათქვამების უფლება ჩვენდამი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" 50 ათასამდე წევრი ჰყავს და ასეულ ათასობით მხარდამჭერი. არ მგონია გია ბარამიძის დამოკიდებულებას ამ საკითხზე ბევრი იზიარებდეს.

„ოცდაათი წელია ვარ პოლიტიკაში და არასდროს მიღალატია ზნეობრივი პრინციპებისათვის. ის, რაც მიუღებელი ყოფილა ბევრისთვის, გასულა დრო და მართალი აღმოვჩენილვარ. ამ პატარა ინციდენტის შემთხვევაშიც ასე იქნება," - ამბობს რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სალომე სამადაშვილმაც გააკეთა.

„ვერ გავიგე რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას. აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, რომ ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება არის ცუდი საზოგადოებისთვის, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ მართლაც ცუდია და იღებს ძალიან უსიამოვნო ფორმებს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.