მიუხედავად იმ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებისა, რომლებმაც 4 ოქტომბრის აქცია დააანონსეს, ოპოზიციის საპროტესტო მიტინგი მაინც გაიმართება. პოლიტიკოსები საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის ფონზე, საუბარია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების ორგანიზებით, კონტრაქციის გამართვაზე, რასაც შესაძლოა მხარეთა შორის დაპირისპირება მოჰყვეს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ კონტრაქციის გამართვა მხოლოდ ვითარების დაძაბვას შეუწყობს ხელს და სხვა, რამე დამატებით ბენეფიტს არ მისცემს„ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, მმართველ პოლიტიკურ ძალას ქუჩაში მისი მომხრეების გამოსვლა „არ აწყობს“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით, ფონს გასვლის საშუალებას არავის მისცემენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში, უამრავი ასეთი იდეა „იხარშებოდა“ რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე, სამართალდამცველი უწყებები იდგნენ „მოწოდების სიმაღლეზე“ და არავის აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას.
„დღეს, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული და ერთ მუშტად შეკრულია, შესაბამისად, ასეთი იდეები თუ აქვთ, ამ იდეებს არ უწერია განხორციელება. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლები. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განმარტებით, 4 ოქტომბრის 70% უკვე შემდგარია იმის გათვალისწინებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება. ანა წითლიძის თქმით, ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, ყოფილი თანაგუნდელებისგან.
„მე პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია. 13 წელია, მე და ჩემი თანამებრძოლები ვიბრძვით. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი, რომ არცერთი დასაკარგი დღე ამ ქვეყანას არ აქვს. 4 ოქტომბრის შესაძლებლობის 70% უკვე შემდგარია იმის გათვალისწინებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება. ველი, რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი ექნება „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, შეიძლება თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან. სულელი იქნება ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, თავი ისე დააჭერინონ კობახიძეს, რომ უბრალოდ გაჩუმდნენ და არაფერი თქვან“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არაა კონტრაქციის მოწყობა და დაძაბულობა:
„მმართველი პარტია ამ ნაბიჯს არ გადადგამს - კონტრაქციები დაძაბულობასა და ესკალაციას ზრდის, მაგრამ რამე შედეგი არასდროს მოუტანია. როდესაც ხელისუფლება აორგანიზებს კონტრაქციას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაინცდამაინც დიდად არ ენდობა თავის ძალოვან სტრუქტურებს, თორემ ხელისუფლებას ყველანაირი ბერკეტი გააჩნია, თუ აქცია გამოვიდა კანონის ფარგლებიდან, ის შეაჩეროს. ასე რომ, კონტრაქციას არავითარი დადებითი შედეგი არ მოაქვს, თუ ხელისუფლება არ თვლის, რომ მან სამოქალაქო დაპირისპირებას უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ, For.ge-სთან ინტერვიუში.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი საქართველოში რამე სერიოზული დაპირისპირება მოხდა, ამაზე დასავლეთს მძაფრი რეაქცია ექნება. მისივე თქმით, რაოდენობრივად თუ ვიმსჯელებთ, „ქართული ოცნების“ მომხრე მეტი იქნება ქუჩაში, შესაბამისად, დამატებით, ძალადობა მისთვის წამგებიანი იქნება.
„დაპირისპირების რისკი არის ხოლმე მიზეზი იმისა, რომ ერთი აქცია თუ ეწყობა, მეორე მხარე ცდილობს, თავი აარიდოს აქციას - ბევრი ხალხი ერთად, მეტად გაბედული ხდება და შეიძლება, აგრესიაში ადვილად გადავიდეს. გვახსოვს შემთხვევები, როდესაც კონტრაქციას ხელისუფლება არ უკვეთავდა, მაგრამ მათი მომხრეების პარადი ვიხილეთ. შესაძლოა, გამოვიდეს ის ნაწილი, რომელსაც უნდა ხელისუფლების შეცვლა და მეორე ნაწილი, რომელსაც არ სურს ხელისუფლების შეცვლა - გაირკვევა, რომელი უფრო მეტი იქნება.
როგორც კი რამე კონფლიქტი იქნება საქართველოში, თუნდაც მცირე, ევროკავშირი უკვე ებმება და იწყებს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებების კეთებას და წარმოვიდგინოთ, რა განცხადებებს გააკეთებს, შეჯახება რომ მოხდეს თბილისში?! არსებობს დაპირისპირების რისკი, მით უფრო, ამით დაინტერესებული არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ნამდვილად ეცდებიან, პროცესი აქეთ წაიყვანონ. ხალხის რაოდენობით, კონტრაქციაზე „ოცნება“ მოიგებს და ძალადობის დამატება ამ ყველაფერზე, მისთვის წამგებიანი იქნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.