„ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60%-მდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს

„ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60%-მდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღეს დესტრუქციული გეგმა აქვს.

„იგეგმება ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობის შეტანა, რათა შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით. გარდა ამისა რადიკალური პარტიები და მათი დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით შეფერხდეს კომისიების საქმიანობა. ასევე იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება, მაგალითად პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა, რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის შესახებ. იგეგმება საუბნო კომისიების წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არ მონაწილეობა, წილისყრით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი - მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის (მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის) დაზიანება ან მოპარვა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გეგმის ნაწილია უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს; რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის; ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც.

„იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ - იგეგმება მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა - იგეგმება მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისთვის სხვის, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის გრაფაში შეგნებულად ხელის მოწერინება, ხოლო ამ უკანასკნელის უბანზე გამოცხადების შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა, რომ სხვების მაგივრად ხდება ხმის მიცემა უცნობი პირების მიერ - იგეგმება ამავე რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე ხელმოწერების დათვლის დროს ხელმოწერების გამოტოვება ოქმის შევსების პროცედურების გაჭიანურებისა და შესაბამის მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით - იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა - იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით - იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით - იგეგმება კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახი დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად - უბნებზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ - ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა. - საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება ეს არის ის ძირითადი დესტრუქციული ქმედებები და მათი ჩამონათვალი, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღისათვის აქვს მოაზრებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პროვოკაციების საშიშროების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მოთმინებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. „ამ ქმედებების უმეტესობას ისინი წინა არჩევნებზეც მიმართავდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში მათ რეალურად ჩრდილი ვერ მიაყენეს საარჩევნო პროცესს. გარდა ზემოაღნიშნულისა, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებენ ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს. ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის დესტრუქციულ სცენარში მნიშვნელოვანი როლი მედიას ექნება.

„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ: „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ ნაცმოძრაობის მიერ არჩევნების დღეს დანიშნულ აქციას, რომლის მიზანი მათ მიერ წინასწარ დაანონსებული „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების გაპროტესტებაა“, - განაცხადა მან.

კობახიძემ 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.

„გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად აღნიშნულ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60%-მდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს. ამასთან, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ჩამოსცდება ნაცმოძრაობა 19-პროცენტიან ნიშნულს, ხოლო ანტიევროპული საქართველო - 4-პროცენტიან ნიშნულს“, - აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.