ირაკლი კობახიძის თქმით, ის მზად არის პოლიტიკიდან წავიდეს, თუ „ქართული ოცნების“ 3 კანდიდატი - ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნებში დამარცხდებიან. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული კვლევების შედეგები მცდარია.
„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომელთა მიხედვითაც თითქოს მელია, მე მგონი ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და თან იგებენ პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ: თუ ჩვენი 3 კანდიდატიდან - ეს არის კობიაშვილი გლდანში, ეს არის სუბარი სამგორში და ეს არის ქადაგიშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში - თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, ნახეთ რა მკაფიოდ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან, ერთი მათგანიც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. და რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გვარამიას, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.