„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან, ტესტირებაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან, ტესტირებაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფონზე გელაშვილი სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ მან კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს კატეგორიულ უარს აცხადებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

სამსახურის ხელმძღვანელის ნუნუ ნოზაძის განმარტებით, ის ფირუზ გელაშვილს რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა ყველა მოთხოვნაზე, რომ დაიცვას წესები და დაემორჩილოს სპეციალისტების მოწოდებას, უშედეგოა.

„ჩვენ იძულებულები გავხდით, შესაბამის ძალოვან უწყებებს დავკავშირებოდით, რამდენადაც ეს არის რთული შემთხვევა. შესაძლოა, ის იყოს ვირუსის მატარებელი და მუნიციპალიტეტში ეპიდმგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. ფირუზ გელაშვილი ამბობს, რომ ის ვერ გადავა თვითიზოლაციაში, ვინაიდან აქტიურად არის ჩართული საარჩევნო მარათონში და ამ პროცესს თავს ვერ დაანებებს. ეს ფაქტი მიუღებელია და საფრთხის წინაშე დგას ყველა, როგორც ოჯახის წევრები, ასევე მისი სამსახურის თანამშრომლებიც“, - განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის, ფირუზ გელაშვილის მტკიცებით, ის არ არის ინფიცირებული დედისა და ოჯახის სხვა წევრების კონტაქტი. ამიტომ, ნიმუშის აღებაზე უარის თქმის მიზეზი კი შერჩევითი სამართალი და ტესტების მიმართ დაბალი სანდოობის ხარისხია.

ფირუზ გელაშვილის დედის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ინფიცირებული ქალი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრია, ამის პარალელურად ის ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელიცაა. არსებული ინფორმაციით, ის ბინაზე მკურნალობს.

დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1731 ადამიანს დაუდასტურდა, 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3507 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4022, კოვიდ-სასტუმროში - 2344, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.