გუშინ ჩატარდა ბრიფინგი ამავე დარბაზში, სადაც საუბარი იყო ე.წ. დამკვირვებლებზე, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და პარადოქსული იყო მათი პასუხები, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხილება საქართველოში დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილის მიყენების პრევენციაა.
„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობენ ობიექტური დამკვირვებლები. ახლა უკვე ვიცით, რომ არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც, ასეთი ტერმინი შემოვიდა პრაქტიკულად მათი პასუხების საერთო ჯამი და ანალიზი ეს იყო, იმიტომ, რომ ისინი ამბობენ, რომ ამის უფლება აქვთ კანონიერი და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მართალია, მაგრამ ისინი ვერასოდეს იქნებიან ობიექტური დამკვირვებლები. ისინი ყოველთვის ტენდენციურები და იმ მავნებლური საქმის გამკეთებლები იქნებიან, რასაც აქამდე აკეთებდნენ. უბრალოდ, ჩვენ ისინი ვამხილეთ, იმისთვის რომ ვერ შეძლონ: პირველი, ქართული საზოგადოების და მეორე - ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა და ამ მხილებით უზრუნველვყავით, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი იმისა, რომ რომელიმე მათი ტენდენციური და მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რაც არჩევნების დღეს ამ ქვეყანაში გაიმართება“, - განაცხადა მდინარაძემ.
27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.