მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებულ სოციალურ მედია-რესურსებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად გამოვლინდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 60-მდე Facebook გვერდი, 20 Facebook ჯგუფი, სადაც 330 ათასამდე წევრია გაერთიანებული; 1500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ყალბი ანგარიში.
„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას - დეტალურს და უფრო ჩაშლილს, ვიდრე მე დღეს წარმოგიდგენთ. არსებობენ ნამდვილი სპიკერები, რეალური ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სქემაში არიან თავიდან ბოლომდე, გეგმაზომიერად ჩართულები და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევასთან, რომელსაც ებრძვის Facebook-ი და Facebook-ი იქნება ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით ამ სისტემის ყველა რგოლი შემდეგ თემაზე მუშაობს:
„პირველი, ეს არის ეკლესიის დისკრედიტაცია, მეორე არის ყალბი ამბების გავრცელება და მიმდინარე თემებთან დაკავშირებით ფეიკების შექმნა და კორონავირუსითან დაკავშირებული მენეჯმენტის დისკრედიტირება და, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი არის, არც გაგვკვირვებია, ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც მოიცავს თავის მხრივ სიძულვილის ენას, სექსიზმს და ა.შ“, - განმარტა მდინარაძემ.
მან ასევე კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც Facebook-რეკლამაზე ოპოზიციის მიერ დახარჯულ თანხას ეხება.