"შეხვედრა დანაშაულებრივი გარიგებისთვის" - ასე უწოდა "თეთრების" ლიდერმა შაშიაშვილმა ფარულ ჩანაწერს, რომელიც მისი მტკიცებით, "ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდში გაკეთდა და სადაც სააკაშვილთან ერთად გივი თარგამაძე, ავთო ჯორბენაძე, მამუკა ჯინჭარაძე, ლევან კორინთელი და უცნობი მამაკაცის საუბარია ჩაწერილი - მსჯელობენ იმაზე, რისი გაკეთება უნდა ურჩიოს ჯორბენაძემ შევარდნაძეს, ლანძღავენ ჟვანიასა და ბურჯანაძეს, საუბრობენ სააკაშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებზე...
ავთო ჯორბენაძე მაშინ სახელმწიფო მინისტრი იყო, მამუკა ჯინჭარაძე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ნიჟნევორტოვსკის საქალაქო დუმის დეპუტატი, რომელიც 2005 წელს მოკლეს, მიხეილ სააკაშვილი და გივი თარგამაძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ, ლევან კორინთელი - პროდიუსერია.
სააკაშვილი: ჟვანია რო კაი კაცი არ არის, არ მინდა შენი ახსნა ამაში, მარა... ჯორბენაძე: (აწყვეტინებს) ერთი სიტყვით, პროცენტების ვეღარ შეძლო მერე გაკეთება. როგორ იყო მთელი ეს საქმე იცით? 350 000 რო ჩაყარეს წინა არჩევნებზე, შენც რო ჩაგიყარეს ვაკეში ეგ ხმები, ყალბი ბიულეტენები მე არ დავაბეჭდინე, ტო? ვუთხარი, რო თქვენი დედაც მოვ...ან, ნუ გააკეთებთ ეგეთ რამეს მეთქი, არ მინდა რო ეგეთი რამე იყოს. მაშინ ეგრე არ იყავი რა მიშა. სააკაშვილი: როგორ არ ვიყავი? (გივის, ჯინჭარაძის და სხვების ხმები ირევა ერთმანეთში). ჯორბენაძე: 99-ში ყველა ჩავაბარეთ, ნუ იტყვით ეგრე ტყუილს რა. სააკაშვილი: არ ვიცი ნამდვილად თუ ჩააბარეთ. ჯორბენაძე: შენ არ იცი, მაგრამ სისტემა მუშაობდა. ეგ მოვსპეთ ხო? ეგ ყალბი ბიულეტენი არ დაბეჭდილა წელს, ტო. არ ყოფილა ეგეთი რამ. მერე დაიწყო ამ ჟვანიამ, უფრო სწორად ჟვანიამ და ახლებმა ერთად შემოწმება რომ დაიწყეს, სახლების და რაღაცების ხო. ეგ იყო ამ სიებთან დაკავშირებით და ბედნიერი იყო ჟვანია. არჩევნების ერთი კვირით ადრე ჩვენ ყველას დედა გვეტირებოდა, რო მაგას თავისი გაეტანა. ვერც შენ მიიღებდი მაგდენ ხმას, ვერც ჩვენ და ვერც ვერავინ. იქნებოდა გაბღენძილი, მაგრამ მაგას და ნინოს ეგონათ, რომ რამე სოციოლოგიური ტყუილი გამოკითხვები მართლა გამოკითხვები იყო. მაგათ თვითონ დაიჯერეს ტყუილი. (ისმის მიშას კისკისი).
"თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დადო პირობა, რომ პროექტის "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" დაწყების შემთხვევაში მნიშვნელოვან ფარულ ჩანაწერებს წარმოადგენდა.
"პროექტის ავტორების სურვილი იყო პირველი განსახილველი საკითხი არჩევნებთან ყოფილიყო დაკავშირებული და გადავეცი ეს ჩანაწერი. ამასთან მნიშვნელოვანია არჩევნების წინ ხალხისთვის იმის ჩვენება, მისი ხმებით როგორ ვაჭრობენ. ჩანაწერში ამბობენ, როცა სააკაშვილი ვაკეში კენჭს იყრიდა, როგორ ჩაუყარეს ხმები. ეს იმის სიგნალია, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც გაყალბდება. "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" ბოლო ჩანაწერი ჟვანიასთან იქნება დაკავშირებული," - ამბობს შაშიაშვილი.
ფარულ ჩანაწერში არჩევნებზე საუბრისას ამჟამად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ხათუნა გოგორიშვილიცაა მოხსენიებული.
თარგამაძე: ეხლა აქ ორი ვარიანტი არის, ის - 54 რო აწერია, აჭარის რეალურია, რაც მაგათ დათვალეს, 95 რო აწერია აჭარის გამოცხადებული, არი რა. ჯორბენაძე: კი. სააკაშვილი: სხვათა შორის გოგორიშვილსაც აქვს ზუსტად ეგეთი დოკუმენტი.
შაშიაშვილის თქმით, საშინელებაა, როცა ეს ადამიანები ადგილებსა და ხმებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხის სურვილსა და ნებას ყურადღებას არ აქცევენ.
ჯორბენაძე: უთხარი, ამ იმასთან რა ქვია, განაწილებასთან ადგილების რა? ჯერ ამაზე ველაპარაკე, ხო, დღის განმავლობაში, აჭარის დაშლა პირველ ადგილზე იდიოტობაა, ჩვენ მერე რა ვქნათ საერთოდ, ტო? ერთიანი გავაკეთოთ მეთქი რაოდენობა, ჩვენ, თქვენ და აჭარას რაც აქვს ეგ ქონდეს, მე რაცა მაქვს იმას თქვენ მოგცემთ, რო გავსწორდეთ რა ჩვენ! თარგამაძე: პრინციპში, რა თქმა უნდა, აჭარა მაინც გავა, მაშინ არაა ეგ ჩვენი პრობლემა, თუ უნდა იყოს პირველზე, მაშინ. ჯორბენაძე: რად მინდა კაცო, რად მინდა, პირველზე იყოს. მერე უპრობლემოდ დღეს თუ არა ხვალ დაგვიწყებენ უარესად ომს, - ნათქვამია ფარულ ჩანაწერში.
"თეთრების" ლიდერი ამბობს, რომ ცუდი ის კი არაა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს ხვდებიან, არამედ ის, რომ ხალხის ზურგს უკან ხვდებიან და ეს არის არა შევარდნაძის წინააღმდეგ შეხვედრა, არამედ შეხვედრა სხვა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგაც.
ჯორბენაძე: ხო, მაგრამ ბურჯანაძემ და ჟვანიამ ყოველდღე ტვინი გადაჭამეს რომ შემხვდით, შემხვდით, შემხვდით, შემხვდითო ტო, მაგათი დედაც მოვ...ან კიდე. შევარდნაძეს შევხვდითო, დღეს ერთი რეკავს დილას, საღამოს მეორე, შუადღისას მესამე, იმას უგზავნიან, ამას უგზავნიან, ეგენი... როგორ მოგატყუა ჟვანიამ ნერვები მეშლება რა იმიტო მოგატყუა, რა. სააკაშვილი: არა, მანდ პროვოცირება ყველაფრის მოახდინა არა ჟვანიამ, არამედ შევარდნაძემ თავის ძაან წყალგაუმტარი პოზიციით. ჯორბენაძე: გია, საფერფლე ერთი მომიტანე რა! სააკაშვილი: მარა ჟვანიამ არ მოახდინა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ეს სასაცილოა, ეხლა ახდენს კიდე ამ აჭარლების ჩამოყვანით. ჯორბენაძე: ჟვანიას მაგის თავი არა აქვს რა, ბიჭო! სააკაშვილი: არა, ჟვანიას არა აქვს მაგის თავი: მხოლოდ ერთი იმის გამო რომ კუდს აქიცინებდა მთელი ცხოვრება, ეხლა ჩამოყალიბდება რადიკალურ რევოლუციონერად და... ჯორბენაძე: რავი, მეტი არ ჩამოყალიბდა ჩემი მტერი. ეგ არი ნაღდი დეგენერატი. კაცო, ხელისუფლებაში დარღვევები იყო. ამას მიემატა თავისი ხმები ნაციონალურ მოძრაობას, მერე თქვენ სათქმელი გექნებათ რო აი, ჩვენ მოვიპოვეთ ეგ ხმები და კიდე...
ჩანაწერში ჟვანიას გარდა უცენზუროდ ნინო ბურჯანაძეცაა მოხსენიებული:
თარგამაძე: ნინო ქათამია, თორე ისე... უცნობი: ბოლოს დაე...ა. ჯინჭარაძე: ცალკე ნინო უფრო გავიდოდა, ცალკე. სააკაშვილი: ცალკეც ვერ გავიდოდა. ჯორბენაძე: ქუთაისში ვერ გაიმარჯვა, კაცო. ჯინჭარაძე: ხო გაიმარჯვა? ჯორბენაძე: გაიმარჯვა არა ჩემი ფეხები. სააკაშვილი: ის ვერ მოიგებდა. თარგამაძე: ნიუჟელი?
შაშიაშვილის თქმით, ხალხი, რომელიც ერთმანეთზე ამბობდა, ერთი გუნდი ვართო, ზურგს უკან დეგენერტს და ქათამს ეძახის ერთმანეთს.
"თეთრების" ლიდერი ამბობს, რომ ჩანაწერებიდან ჩანს, სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომის კატეგორიული წინააღმდეგია. ამბობს, რომ ეს ივანოვის ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდა ანუ ყველაფერში, რაც მოხდა, რუსეთის ხელი ურევია და თუ რუსეთს ჩვენი ხელისუფლების მიმართ "მძიმე პოზიცია" იმიტომ უჭირავს, რომ ამათ მოყვანაში დიდი როლი ითამაშა. ამასთანავე, მისი თქმით, ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ "ვარდების რევოლუცია" დადგმული სპექტაკლი იყო.
ჯორბენაძე: მაშინ შევარდნაძემ გამოაცხადოს რომ აი, მე გადავდგები ჩემი ნებით (იცინიან). უცნობი: არა, მთლად ეგრეც არ არი. სააკაშვილი: არა, კი არ უნდა თქვას რომ გადავდგებიო... ჯორბენაძე: კონსტიტუცია... სააკაშვილი: კი არ უნდა თქვას რომ გადავდგები, განიხილონ მრგვალ მაგიდაზე, მათ შორის მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ოღონდ ერთნაირად, ფართო საზოგადოების კონსენსუსით, მთელი ხალხის გადაწყვეტილებით, ყველა პარტიის თანხმობით და მხოლოდ რეფერენდუმის გზით, ეს უნდა თქვას და არა ის რო მე ხვალ გადავდგები.
"როგორც ჩანს, ქვეყნის გარეთ ვიღაცას ხელს აძლევდა ხელისუფლებაში მოსულიყო არა სერიოზული გუნდი, არამედ ბანდა - ერთმანეთთან დაკავშირებული პიროვნებების შემადგენლობით", - ამბობს შაშიაშვილი.
შაშიაშვილი არ აკონკრეტებს, საიდან აქვს ფარული ჩანაწერი. მხოლოდ იმას რომ, ის მასში მონაწილე ერთ-ერთმა ადამიანმა გააკეთა.
"რეზონანსმა" გივი თარგამაძესთან, ავთო ჯორბენაძესა და პრეზიდენტის პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ შეძლო. ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურმა კი გვითხრა, ქალნატონ ნინოს შევუთანხმდები და მოგვიანებით გადმორეკეთო, მაგრამ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.