„ტრამპის მხარდამჭერი ორგანიზაციის მიზანია, ამერიკელებს დაანახოს ქართული ნაციზმის და ლიბერტარიანიზმის ნამდვილი სახე“

„ტრამპის მხარდამჭერი ორგანიზაციის მიზანია, ამერიკელებს დაანახოს ქართული ნაციზმის და ლიბერტარიანიზმის ნამდვილი სახე“

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო ნეოლიბერტარიანიზმის მომხრეებით არ არის განთქმული საქართველო. ამიტომაც ჩვენ პროდასავლური, ატლანტისტური, აშშ-ის მხარდამჭერი გაერთიანება დავაფუძნეთ“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

თქვენ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის მოიაზრებით, რომელთა მიზანიცაა ფსევდოლიბერალურ ძალებთან დაპირისპირება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფსევდოლიბერალურ და ტრადიციული ღირებულებების მომხრეებს შორის ბრძოლა ამერიკის გარდა საქართველოშიც მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, რა გზა ელის მსოფლიოს ღირებულებითი თვალსაზრისით?

- საქართველოში დაფუძნდა დონალდ ტრამპის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენ ვართ“ (WE ARE). ამ მოძრაობაში მეც გავწევრიანდი ჩემს მეგობრებთან ერთად. თანაც, დონალდ ტრამპის მომხრე გახლავართ, ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოში პირველმა ვთქვი თოქ-შოუში, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა არჩევნებში, იმ პერიოდში ყველას გაუკვირდა, მაგრამ მართლაც გაიმარჯვა.

რა უპირატესობა აქვს ტრამპს, მას საკმაოდ რთული პერიოდი შეხვდა, კორონაპანდემიის სახით, რის გამოც ჯო ბაიდენის მომხრეები ტრამპს ამერიკის ეკონომიკის ჩამოქცევასა და მწვავე ეროვნულ კრიზისში ადანაშაულებენ. რა პერსპექტივა აქვს ტრამპს და როგორ გაუმკლავდა არსებულ გამოწვევებს?

- დონალდ ტრამპი წარმატებით გაუმკლავდა ამ პერიოდს, ფაქტობრივად, ამერიკა გამოიყვანა იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც „დემოკრატიულმა პარტიამ“ ჩააგდო, ყოველ შემთხვევაში, მისმა ნეოლიბერალურმა ჯგუფმა, როდესაც ისინი იყვნენ ობამას მმართველობის ბოლო პერიოდში. ტრამპმა ქვეყნის ეკონომიკა 12%-მდე გაზარდა, შეამცირა უმუშევრობა, შექმნა 2 მილიონი სამუშაო ადგილი, შეიმუშავა ლოზუნგი „ამერიკა ამერიკისთვის“, მოახდინა ამერიკის ეროვნული კომპანიების და ტრანსნაციონალური კორპორაციების სრული მხარდაჭერა, მიჰყვა პროტექციონიზმის პოლიტიკას, ანუ აღადგინა ამერიკაში პროტექციონისტული მიმართულება, შეამცირა სამხედრო ხარჯები, ეს ხარჯები მან უფრო გადაიტანა ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, ანუ ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, მოახდინა ეკონომიკის სტიმულირება, საკუთარ ხალხს დაჰპირდა, რომ გამოიყვანდა ჯარებს ავღანეთიდან, ფაქტობრივად, ეს პირობა შეასრულა, განახორციელა ე.წ. სელექციური, შერჩევითი ჩარევის პრინციპი, ანუ ამერიკის გლობალური დომინანტობის პირობები შეამცირა, რამაც ამერიკას განვითარების საშუალება მისცა კონკრეტული მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ამერიკას უნდა მიეხედა საკუთარი ეკონომიკის კეთილდღეობისთვის, სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის.

თუმცა დონალდ ტრამპმა ისრები გადაიტანა ჩინეთისკენ და რუსეთის მიმართ სიმკაცრე უფრო ნაკლებად გამოხატა.

- ეს ყველაფერი გამოწვეული იყო სწორედ ამერიკის ნაციონალური აღორძინების პოლიტიკიდან. მან შეზღუდა ამერიკაში ჩინური ეკონომიკური ექსპანსია, რაც გამოწვეული იყო საერთაშორისო ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, ეს რეჟიმი მან შეამცირა, ეჭვქვეშ დააყენა ისეთი ხელშკრულება, როგორიცაა „ნაფტა“-მექსიკა, ამერიკისა და კანადის ხელშეკრულება, რაც საინტერესო პოლიტიკური კურსია. გარკვეულწილად, სავაჭრო ომი გამოუცხადა ევროკავშირსაც, ნატოს წევრ სახელმწიფოებსაც დაუწესა მკაცრი პრესინგი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხოლოდ ამერიკის კმაყოფაზე არ ყოფილიყო და მოკავშირეებს თანაბრად გაეწიათ ხარჯები საერთო კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად. ტრამპმა ამისთვის მოითხოვა, ყველა ქვეყანას გამოეყო თავდაცვის ხარჯებისათვის 2%, რაც ადრე არ კეთდებოდა. მაგალითად, გერმანია ხარჯავდა 0,9%-ს, ახლა მან ასწია ეს მაჩვენებელი 1,3%-ზე, ესეც ცოტაა, მაგრამ პროგრესი გასაგებია, ისევე, როგორც ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა გაზარდეს მაჩვენებელი, პოლონეთი უახლოვდება ამ სტანდარტებს, ასევე, საფრანგეთი და ბრიტანეთი. სამწუხაროდ, დანარჩენი ქვეყნები ასეთი მისწრაფებით არ გამოირჩევიან.

რამდენად პრინციპული აღმოჩნდა რუსეთის მიმართ? თავისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე ტრამპი ამბობდა, პუტინი ობამაზე კარგი ლიდერია, ის კარგი კონკურენტია და, ამ შემთხვევაში, სიტყვა „კონკურენტი“ პუტინისთვის კომპლიმენტიაო.

- ტრამპს რუსეთთან საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა, მან უარი განაცხადა სტრატეგიული შეიარაღების ხელმოწერაზე, ამასთან, ღირსეული კონკურენცია გაუწია რუსეთს ბირთვული რბოლის განვითარების საქმეში. მის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა სანქციური პოლიტიკა რუსეთის მიმართ და რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად დაეტყო ამერიკის მხრიდან განხორციელებული სანქციები. რუსეთის ეკონომიკა თანდათან ჩინეთის ეკონომიკას ებმებოდა და ამ კუთხიდანაც მოახდინა ტრამპმა რუსეთზე დარტყმის მიყენება.

ჩვენ გვახსოვს არცთუ სასიამოვნო განცხადებები, რომ ტრამპი რუკაზე საქართველოსაც ვერ იპოვიდა. დღეს თუ იპოვის საქართველოს და რა გაკეთდა საქართველოსთვის მისი ადმინისტრაციის დროს?

- სხვათა შორის, საქართველოსთვის ბევრი რამ გაკეთდა, ტრამპი-საქართველოს დღის წესრიგი პირდაპირ აისახა ამერიკის საგარეო პოლიტიკურ რუკაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკის კონგრესმენები ყოველ წამს საქართველოს შესახებ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ზოგჯერ შეიძლება პოზიტიურს, ზოგჯერ ნეგატიურს. წინა ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს საკითხი კონგრესში იხილებოდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევისას სააკაშვილის ხელში, ახლა კი საქართველო შევიდა ამერიკის კონტინენტზე, ამერიკაში ქართული ტურიზმის პოტენციალი გაიზარდა, ასევე, გაიზარდა ეკონომიკური ექსპორტის რაოდენობა ამერიკის მიმართულებით. მართალია, არ არის ისეთი დონის ინვესტიციები, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ პოლიტიკური და უსაფრთხოების ინვესტიციები ბევრად უფრო სოლიდურია. იზრდება ამერიკის დახმარება ჩვენი მასმედიის, აკადემიური კვლევის მიმართულებით. რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილს ჩამოეხსნა ნამდვილი სახე ამერიკაში სწორედ ტრამპის პერიოდში. საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობამ მიიღო საკმაოდ ინტენსიური ხასიათი, ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ინტენსიური სამხედრო სწავლებები, გაძლიერდა შავი ზღვის აუზის მიმართულებით ამერიკელთა ინტერესი, უკრაინას და საქართველოს გამოეყო სპეციალური მიზნობრივი სამხედრო ხარჯები, უკრაინისთვის საუბარია 300-დან 400 მილიონ დოლარზე, ჩვენთან ეს არის 100-დან 150 მილიონი დოლარი, გარდა ამისა, ტრამპის პერიოდში ანაკლიის პორტის განვითარებას მიეცა ახალი განზომილება, მართალია, ეს პროექტი გარკვეულ მიზეზთა გამო ჩაშლის პირასაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ტრამპმა წამოსწია ეს საკითხი. კიდევ ერთი მომენტია საქართველოს დახმარება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მით უმეტეს, სულ ახლახანს რუსებმა მოახდინეს კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროზე. მეოთხე მომენტია, რომ, როგორც იქნა, ამერიკის ელჩი დაინიშნა საქართველოში, რაც სერიოზული სტიმული იყო დემოკრატიული პროცესების განსახორციელებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ხათუნა ხოფერიას, ირაკლი გოგავას და სხვა ადამიანებს, რომელთაც დააფუძნეს პროდასავლური ატლანტისტური აშშ-ის მხარდამჭერი გაერთიანება „ჩვენ ვართ“. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო ნეოლიბერტარიანიზმის მომხრეებით არ არის განთქმული საქართველო, ჯო ბაიდენის, „დემოკრატიული პარტიის“ და, გარკვეულწილად, „რესპუბლიკური პარტიის“ ნეოკონებით არ განისაზღვრება მხარდაჭერა, ეს კრამერები იქნება, დიკ ჩეინები, თუ მაკკეინისტები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის აპოლოგეტები იყვნენ.

სხვათა შორის, ყველას გვახსოვს, კობა სუბელიანი მაკკეინის სანომრე ნიშნით დაქროდა, მაკკეინის კამპანიის მხარდაჭერისას.

- დიახ, ამან ცუდი შედეგები მოიტანა, მაკკეინი ყველაზე ნაძირალა დიქტატორის პინოჩეტის მეგობარიც იყო, რომელმაც სისხლში ჩაახშო ჩილე, ათი მილიონი ადამიანი ჰყავდა რეპრესირებული, აქედან 2 მილიონი დაიღუპა და 12 ათასი უცხოელია დაღუპული პინოჩეტის მიერ. პინოჩეტის ფანი იყო მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია. ცხადია, ამერიკის დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიაში არიან ნაციონალისტურ-ტრადიციონისტური ორიენტაციის დაჯგუფებები, მარტო მთლად რესპუბლიკურ პარტიაში არ არიან ულტრანაციონალისტები, ტრამპსაც ჰყავს თავისი დასაყრდენი დემოკრატიულ პარტიაში ულტრანაციონალისტებისა და ნაციონალისტების სახით, ტრამპი სწორედ ნაციონალისტური მიმდინარეობის დაჯგუფებას წარმოადგენს და ჩვენთვის ეს არის რეალური მხარდამჭერი. ის იზიარებს ოჯახის ფასეულობებს, ეროვნულ სულისკვეთებას, ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებებს, ადათების პატივისცემას. ამერიკის ადმინისტრაცია სწორედ ტრადიციონალისტებისგანაა დაკომპლექტებული და მას კონგრესში ებრძვის ნეოკონების და ნეოლიბერტარიანისტების მთელი დაჯგუფება, ჯო ბაიდენის მეთაურობით, რომელიც უპირისპირდება ტრამპის ტრადიციონალისტურ დაჯგუფებას. მე მხარს ვუჭერ ტრამპის ადმინისტრაციას ნეოლიბერტარიანებისა და ნეოკონების წინააღმდეგ, რადგან ჩვენს თავზე გამოვცადეთ, რა არის ნეოლიბერტარიანების დიქტატურა. ეს არის რადიკალური ლიბერალური ტიპის ტოტალური იდეოლოგია, როგორც თავის დროზე წამოვიდა ბოლშევიზმი, კომუნიზმი და ფაშიზმი. მიშა და ბოკერია ეს არის ნეოლიბერტარიანების კასტა, ასეთივეა „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათ ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების კამარილია.

ტრამპამდე მიაღწევს ის ინფორმაცია, რომ ქართველები მხარს უჭერთ მის ადმინისტრაციას?

- რა თქმა უნდა, ტრამპს ძალიან მოსწონს და ყველანაირად მხარს უჭერს ასეთი ტიპი გაერთიანებებს, ეს იქნება პოზიტიური ლობიზმი და არა ერთუჯრედიანი გიორგი კანდელაკის ლობიზმი „ევროპული საქართველოდან“, რომლებიც ნეგატიურ ლობიზმს ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფოსა და დღევანდელი მმართველი ძალის წინააღმდეგ. ელემენტარულად, ჩვენი სიმართლე უნდა გავიტანოთ და ამერიკელებს ვანახოთ ეს სიმართლე, ამერიკაში არ იციან რეალობა, ისევე, როგორც ევროპაში. პოლონეთში ჩავიტანეთ გოგა ხაინდრავას ცნობილი ფილმი „დემოკრატიის შუქურა“, „ჰეროკრატია“, ასევე, დოკუმენტური ქეისები ჩავიტანეთ, უშუალოდ „სოლიდარნოსტის“ მშობელ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებში მივიტანე სიმართლე. ცნობილი საქმე იყო გიორგი გოგლიჩიძის ამბავი, საღ-სალამათი ადამიანი ნაცებმა დაიჭირეს, ციხეში ჩააგდეს და იქიდან გამოუშვეს ინვალიდის ეტლით. ამის შემდეგ ვარშავის უნივერსიტეტიდან გამოაბუნძულეს სააკაშვილი, ლექცია ჩავუშალეთ ამის გამო. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი მეძებდა, სად არის მაისაია, მან მომიწყო ობსტრუქციაო. შემიძლია, გამოვუტყდე მიხეილ სააკაშვილს, მეც მივიღე ამაში მონაწილეობა, რამდენიმე დღით ადრე ვარშავაში ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგის ეგიდით ვარშავის პრესკლუბში ჩავატარე სერიოზული დახურული შეხვედრა, სადაც დეტალურად მოვყევი სააკაშვილის სადისტობა. „სოლიდარნოსტის“ გაზეთში დაიბეჭდა ბევრი სტატია მისი ავტორიტარული რეჟიმის შესახებ, რამდენიმე გადაცემაც მიეძღვნა, დოკუმენტური ფილმიც გამოვიდა. პოლონეთის მაგალითი ნიშნავს, როგორ შეიძლება ამერიკაშიც გავიტანოთ ჩვენი სიმართლე. პოლონელები მიშაზე აფანატებდნენ და დემოკრატიის შუქურა ეგონათ, ჩვენ კი დავანახეთ, რომ მიშა იყო დემოკრატიის ანტიშუქურა. ასე რომ, ჩვენი ახლანდელი ორგანიზაციის მიზანია, ამერიკელებს დავანახოთ ქართული ნაციზმის და ლიბერტარიანიზმის რეალური სახე, რაც ამერიკაშიცაა, რადგან ამერიკელი ნეოლიბერტარიანიზმის მიმდევრებიც ცდილობენ სამოქალაქო ომის გაჩაღებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli დიდი ხანია, სამ თვეზე მეტია ალბათ რაც აქ, ამ მადლიან საიტზე დავწერე ტრამპის მხარდასაჭერი ორგანიზაცია უნდა ჩამოვაყალიბოთო!! არავინ გამომეხმაურა. ახლა რადგან უკვე შექმნილა "ჩვენ ვართ" მინდა გავწევრიანდე. ელექტრონული ფოსტა, ან სხვა რამ ინფრმაცია დაგედოთ... ?
3 წლის უკან
trampi მიდი ტრამპ, მიდი, ხომ იცი მე ძალიან გბალეშიკობ....ბოლო ბოლო ჩემი სეხნია ხარ, აბა სხვანაირად როგორ იქნება?
კოლუმბს ..... ჯეფერსონ ვაშინგტონებს და მათ ძმებს ხომ გამოვუყვანე უკვე მე წირვა...... ჰოოდა ეხლა მაგ შენ მტრებს ვუტირებ დედას...შენ მარტო
მიდი მიაწექი.... მე აქედან ,,მოგეხმარები,,
ამასობაში კი ..............გამოვა ,,რაღაცა,,
3 წლის უკან
არაგველი641 -WE ARE- ძალიან კარგა, სტატიაც კარგია, მადლობა ვახტანგ მაისაიას
3 წლის უკან