სექტემბრის დასაწყისში, ევროკომისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ წერილს, რომელშიც „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რვა რეკომენდაციას პასუხობს, შეაფასებდნენ. თუმცა, თითქმის ორი კვირაა, ბრიუსელიდან აღარ გაკეთებულა არც ოფიციალური განცხადება და არც ინდივიდუალური შეფასება, რის გამოც კვლავ ბუნდოვანია, რა ბედი ელის საქართველოს მოქალაქეებისთვის უმთავრეს მიღწევად მიჩნეულ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში.
ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა წერილის მიღება დაადასტურა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაარსის დეტალებს არ გაასაჯაროებს:
„ევროკომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს რეკომენდაციებით განსაზღვრული პრობლემების გადასაჭრელად. წერილების შინაარსს არ ვასაჯაროებთ“, - განაცხადა მან.
აგვისტოში, „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობდნენ, რომ სექტემბერში, ევროკავშირიდან „აჟიოტაჟის გამომწვევი“ განცხადება გაიჟღერებდა.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მე მგონია, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით რაღაც არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებითს, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ხელისუფლების ცვლილებაზე და ა.შ., ვერავითარ არსებით არეულობასაც ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში, ამის იმედი თუ ვინმეს აქვს.
კონტრპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ, დანარჩენი, ვნახოთ. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი საკვანძო, ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
თუმცა, დრო გადის და ევროკავშირი კვლავ დუმილს ამჯობინებს. დუმილის მიზეზი მხოლოდ პროცედურული არ არის - ეს ბრიუსელის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დილემასაც უკავშირდება. ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და პოლონეთი, მკაცრი ზომების მომხრეა და მიიჩნევს, რომ თბილისში, „დემოკრატიული უკუსვლის“ პირობებში, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც დღის წესრიგში უნდა დადგეს. პარალელურად, სხვა წევრი სახელმწიფოები - საბერძნეთი, სლოვენია, იტალია - უფრო ფრთხილი მიდგომის მომხრენი არიან და რიგით მოქალაქეებზე პირდაპირი ზეწოლის თავიდან არიდებას ცდილობენ. დამატებით, უნგრეთი და სლოვაკეთი ღიად ეწინააღმდეგებიან მკაცრ ნაბიჯებს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ.
ამიტომ, ევროკომისიისთვის რთულია მკაფიო გადაწყვეტილების სწრაფად მიღება - ერთი მხრივ, საჭიროა პრინციპულობის დემონსტრირება, მეორე მხრივ კი, რეალური საფრთხეა, რომ მკაცრმა ზომებმა საქართველოს საზოგადოება ევროპას კიდევ უფრო დააშოროს.
ბოლო თვეებში, ევროკავშირის ლიდერები არაერთხელ საუბრობდნენ საქართველოს უკუსვლის შესახებ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკაში, კაია კალასმა აღნიშნა, რომ თბილისში, დემოკრატიული პროცესების შეზღუდვამ უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა ურთიერთობას და საბოლოოდ, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლაც დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ბრიუსელში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მედიის თავისუფლებაზე, შეკრებისა და გამოხატვის უფლებაზე და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივებზე.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კი წერილს არასაკმარისად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეალური რეფორმები არ განახორციელა. ისინი მოელიან, რომ ევროკავშირი, საბოლოოდ, მკაცრ ზომებს გამოიყენებს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ან პირადი სანქციების დაწესებას ხელისუფლების წარმომადგენლებზე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან აცხადებს, რომ ევრობლოკში, საქართველოსთან დაკავშირებით, სრული დაბნეულობაა, რადგან საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი გაიზარდა.
„უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, საქართველოსთან დაკავშირებით, სრულიად სხვა დამოკიდებულება და პოზიცია აქვთ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ევრობლოკში იზრდება საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი, ევროპელ ბიუროკრატებს უჭირთ საქართველოსთან დაკავშირებით სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. შესაძლოა, ეს ქვეყნები ამ მხარდაჭერას ღიად არ გამოხატავენ და თავს იკავებენ, მაგრამ შიდა სამუშაო შეხვედრებზე თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ. არაერთხელ ითქვა, რომ სანქციების გამკაცრებით თუ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, საქართველო იძულებული იქნება, რუსეთს უფრო მეტად დაუახლოვდეს. ეს არის ევროპელი ჩინოვნიკების ნათქვამი და ეს არანაირი რუსული პროპაგანდა არაა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, გარდა ამისა, მაინც ხელს უწყობენ საქართველოში პროცესების არევას. ამიტომ, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის ასე ჰაერში გამოკიდება, როგორც რადიკალურ ოპოზიციას, ასევე მათ მხარდამჭერებს დასავლეთში, მანიპულაციების საშუალებას აძლევს.
„ეს არეულობა აშკარად ჩანს. უთანხმოებაც ნათელია და ვერ შეთანხმდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, რა სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართონ. თუ ისინი ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, მაშინ ქართველებს შენგენის ზონაში მიმოსვლა რატომ უნდა შეუზღუდონ? რა გამოდის, რომ „ოცნების“ მხარდაჭერისთვის, მისი მილიონზე მეტი მხარდამჭერი უნდა დაისაჯოს? ამიტომ, ამას ევროპელი ლიდერები მშვენივრად აცნობიერებენ, რომ არასწორ გზას ადგანან. ასევე გავიგეთ, რომ „მეგობარი აქტი“ შეფერხდა და მისი მიღება აღარ მოხდება. ამასაც აქვს გავლენა ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბრიუსელელ ჩინოვნიკებზე. შესაბამისად, ეს გაურკვევლობა თვალში საცემია. თუმცა, ყველაფერია მოსალოდნელი და არ გამოვრიცხოთ, რომ 4 ოქტომბრისთვის, რამე მწვავე განცხადებები ზოგიერთმა ბიუროკრატმა ბრიუსელიდან გააკეთოს. ქართველ ხალხზე ამას გავლენა ვერ ექნება. ამის გამო, ქუჩაში არავინ გამოვარდება და ხელისუფლებას არავინ დაამხობს“, - ამბობს აბაშიძე.