სუს-ისა და პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, გახსნილია სისხლის სამართლის უპრეცედენტო საქმე. კერძოდ, 2022-2024 წლებში განხორციელებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი გამოვლინდა. ფულის გათეთრების ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში, დაახლოებით, 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება განახორციელეს.
გამოძიების თანახმად, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.
ბრალდებულმა, აღნიშნული გზით შეკრებილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში, საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემისა და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლისა და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხისა და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად. პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, წარსულში გასამართლებულია 7 პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაახლოებით, 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ. რაც შეეხება დაკავებულის ვინაობას, პროკურატურა მასზე არ საუბრობს. მეტიც, უწყების გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში, დაკავებულის ინიციალებიც კი არ არის მითითებული. თუმცა, სხვადასხვა წყაროების და საქმეში ჩახედული ექსპერტების ინფორმაციით, დაკავებულია გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ურწმუნოებისათვის 624 ლარი და 35 თეთრი კი არ შემოუტანიათ. შემოიტანეს სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად და ქვეყნის მოქალაქეების იმ დღეში ჩასაყრელად, როგორშიც ვიყავით 1990-იან წლებში:
„თუმცა, ვერ გათვალისწინეს ის, რომ დღეს საქართველო სახელმწიფოა და სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ფულების გამო უკიდებდნენ ცეცხლს სახელმწიფო დაწესებულებებს, ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს, შეურაცხყოფდნენ რელიგიურ სიწმინდეებს, უხდიდნენ ჯარიმებს კრიმინალებს, არჩენდნენ მათ ოჯახებს.
ამ ფულებში გორაობდნენ და ამ ფულების გამო კაცის მკვლელ ჯონჯოლიებად იქცნენ - ლომჯარიები, მელობიე ნანულიები, გიგაურები, მევენახე ია ფარულავები, ხოშტარიები, გუბაზა და მისი ბურვაკი... ამ ფულებმა მოიტანა მოლოტოვის კოქტეილები, ასაფეთქებლები, ქვასროლიები, ნიღბები... ამ ფულებმა შექმნა გრიგორიადისები, ჭიჭინაძეები, დოიაშვილები, ბაჩიაშვილები... ალასანიას, ილიას, ბენდუქიძის უნივერსიტეტები. ამ ფულებით მოწამლეს საქართველოს ახალგაზრდობის ნაწილი. ამ ფულების გამო უნდოდათ საქართველოს ომში ჩართვა, მოსახლეობის გაჟლეტა და ქვეყნის განადგურება. ვერ ეღირსებიან! ვერ მოხდება“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, რადიკალებს რევოლუციის „თეთრი ფული“ გაუქრათ და ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუს-მა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა.
„მას შემდეგ, რაც აქაურ NGO-ებს ხელისუფლებამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა მოსთხოვა - ყველა მათგანმა უარი თქვა თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებაზე. ზოგი დაიხურა, ზოგმა რეგისტრაცია ქვეყნიდან გაიტანა და ა.შ... ერთი სიტყვით, რადიკალებს რევოლუციის „თეთრი ფული“ გაუქრათ და დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუს-მა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა და კარგია, რომ სპეცსამსახურები ფხიზლად არიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ აღნიშნული სქემა სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორთან იყოს დაკავშირებული.
„საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკისმომგვრელი ფაქტი - 624 მილიონი აშშ დოლარი და 35 მილიონი ევრო. აქ ჩნდება კითხვა - არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ვის დასჭირდა ამდენი „ქეში“ და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების „გათეთრებას“?! ძალიან დიდი ალბათობით, სოროსის ფონდით დაფინანსებული NGO-სექტორი, რომელიც წლებია, სისტემატურად ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ცდილობს, პოლიტიკური სპეკულაციებით დაიბრუნოს გავლენები, რომელიც 2003-2012 წლებში ჰქონდა. საინტერესო იქნება, გამოძიების ოფიციალური დეტალები, რომელიც მალე გასაჯაროვდება“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.