საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ბოლო სასინჯი ქვაა და თუ რამდენიმე კვირაში ეს განცხადება ელექტორალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ სარგებელს არ მოუტანს, რის გამოც შესაძლოა, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, თავისივე კოალიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვოს. ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ “2020NEWS”-ს განუცხადა.
ძაბირაძე სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება, მას დააკავებენ.
“მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებულია უკვე. მაინცდამაინც, ქუჩაში უნდა იაროს?! მედიასივრცეში ყოველდღეა. აქვთ თავიანთი ტელევიზიები, რომლებითაც იგი ხშირად გამოდის და თავის ამომრჩეველს მიმართავს.
მისგან ბოდიში საკმაოდ დაგვიანებულია და ბევრი არაფრის მომტანია საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელ ნაწილსაც ბოდიშს უხდის, ვგულისხმობ, „ქართული ოცნებიდან“ წასული ამომრჩევლის ნაწილს. ისინი ამ ბოდიშს არ მიიღებენ.
რაც მახსოვს, ბოლო 8 წელია, ყოველი არჩევნების წინ, ხან გვირაბით, ხან თვითმფრინავით, ხან ზღვით და ხან კი რითი ბრუნდება, მაგრამ მე ის დაბრუნებული არ მინახავს.
ახლა როგორ აპირებს დაბრუნებას, არ ვიცი, თუმცა, მის წინააღმდეგ არა მარტო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არამედ სასჯელიც აქვს მისჯილი და რომ ჩამოვა დაიჭერენ.
კითხვაზე სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, ეს ფაქტორი რა გავლენას იქონიებს ოპოზიციაზე, ძაბირაძე გვპასუხობს:
„ოპოზიციის (გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“) პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე არიან, იგულისხმება არა მარტო „ძალა ერთობაშია“, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, იქამდე რჩებიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად, ვიდრე აქვთ იმედი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიან სიაში მოხვდებიან.
თუ ეს პარტიები ერთიან სიაში ვერ მოხვდებიან, როგორც ადრე იყვნენ სააკაშვილიდან წამოსულები, ისე წამოვლენ ახლაც. ეს, მგონი, ყველას ესმის მათ შორის, ძალიან კარგად ესმის თავად სააკაშვილსაც.
ეს განცხადება არის ბოლო სასინჯი ქვა, ვითარების მოსინჯვის. თუ ეს განცხადება რამდენიმე კვირაში ელექტორალური თვალსაზრისით, რაიმე შედეგს მოუტანთ, შეიძლება გაგრძელდეს, თუ შედეგი ვერ მოუტანა მე არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად დატოვოს „ძალა ერთობაშია“, - ასეთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს ძაბირაძე სააგენტოსთან საუბრისას.
მისივე თქმით, სააკაშვილსა და მის ძალას უფრო აწყობთ, საკუთარი ხმებით მანდატები თავად დაისაკუთრონ და ისინი იმ პოლიტიკურ ძალებს არ გადაულოცონ, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ, პერმანენტულად ტოვებდნენ.
„პრაგმატული თვალსაზრისით, „ნაციონალურ მოძრაობისთვისაც“ და მიხეილ სააკაშვილისთვისაც უფრო მომგებიანი დამოუკიდებლობაა და ასევე ის, რომ კენჭი ცალკე იყარონ, თავისი ხმები მიიღონ, თავისი მანდატებით, ვიდრე დაარიგონ ჯგუფებზე, რომლებმაც 2012-ის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და სააკაშვილს განუდგნენ.
ბოდიში ერთია, მაგრამ ქმედება მეორე. ვაშაძე, როგორც კი გადავიდა, მან განაცხადა, რომ იგი ბნელ მხარეს გადავიდაო, ანუ სააკაშვილი თავისი ბოდიშებით ერთია, რეალური სააკაშვილი კი - მეორეა.
რეალური სააკაშვილი კი ის არის, რომელიც არ იცვლება და რომლისთვისაც თუ მასთან არ ხარ, ბნელ მხარეს ხარ“, - განაცხადა ძაბირაძემ.