2020 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 65%-ით შემცირდება და ტურიზმის სფეროდან შემოსავლები 3,3 მილიარდი დოლარის ნაცვლად 1,2 მილიარდ დოლარამდე ჩამოვა.
რაც შეეხება 2021 წლის პროგნოზს, ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება კორონავირუსის შემცირებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც Galt & Taggart-ის წარმომადგენელი კახა სამყურაშვილი აცხადებს, თუ პანდემიის ფონი ჩაცხრა, ტურიზმი მალე აღიდგენს პირვანდელ მდგომარეობას, რადგან საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია.
რამდენად რთული გამოწვევების წინაშეა ქართული ტურიზმი 2020 წელს?!
ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შიდა ტურიზმი, ალბათ, დამხმარე იქნება რეგიონებისთვის. მაგალითად, აჭარა განსაკუთრებით ეპიცენტრშია იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო სეზონს დაემთხვა შიდა ტურიზმის გახსნა. ამიტომ აჭარისთვის და არა მხოლოდ აჭარისთვის, ზოგადად, რეგიონებისა და კურორტებისთვის შიდა ტურიზმი იქნება მცირედი დახმარება იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებმა შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა სეზონის დასრულების შემდგომაც, ანუ მომავალი წლის ტურისტული სეზონის დადგომამდე.
თუმცა, მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ტურიზმი მცირე და საშუალო ბიზნესებს დაეხმარება, ამ სფეროში არსებობს მოთამაშეთა ნაწილი, რომლებიც შიდა ტურიზმისგან, ფაქტობრივად, ვერ იხეირებენ იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ტურისტები გადამხდელუნარიანები არ არიან.
„დიდი ქსელური სასტუმროები და ტურისტული სააგენტოები, ალბათ, შიდა ტურიზმის იმედად ვერ იქნებიან და ვერც გარკვეული სახის კომპენსაციას მიიღებენ ამ პროცესისგან. ამიტომ შიდა ტურიზმი, პირველ რიგში, დაეხმარება მცირე ბიზნესებს, ისეთებს, როგორიცაა გესტჰაუზები, ბინების გაქირავება, რესტორნები, თანაც, ძირითადად ეს ეხება რეგიონებს და შეიძლება ამით შემოვიფარგლოთ შიდა ტურიზმის ანალიზისას საქართველოს ფარგლებში“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, უნდა ჩანაცვლდეს თუ არა შავ ზღვაზე დასვენების პოტენციალი ეკოტურიზმით, გასტრონომიული და სხვა სახის ტურიზმით, განმარტა, რომ ერთმნიშვნელოვანია, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია მოხდეს არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
განსაკუთრებით, ეს ეხება აჭარას. ჩვენ უნდა მივიღოთ მზარდი ციფრები აჭარის სოფლის ტურიზმის ჭრილში. აქამდე აჭარა, ფაქტობრივად, მთლიანად დამოკიდებული იყო საზღვაო სეზონსა და ზღვაზე დასვენებაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ პროდუქტის დივერსიფიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგრადი განვითარება რეგიონს არ ექნება ტურიზმის ჭრილში.
ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორიდან, ბუნებრივია, დანაკარგი გვექნება, რაც, სავარაუდოდ, დაახლოებით 2 მილიარდით განისაზღვრება.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი იყო საერთაშორისო ტურისტების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში. მართალია, ჩვენ გავხსნით საზღვრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მცირე რაოდენობით ტურისტი ჩამოვა საქართველოში და იმდენი ტურისტი არ შემოვა ქვეყანაში, რომ ამან დააბალანსოს წინა წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლები. ტურიზმიდან ჩვენი შემოსავლები 1 მილიარდი იქნება, თუ 2 მილიარდი, ცოტა რთული სათქმელია, მე ვფიქრობ, მილიარდზე მეტი იქნება, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც წინა წლებში იყო. ჩვენ გვექნება საკმაო დანაკარგი ტურიზმის მიმართულებით, თუმცა, თუ შიდა ტურიზმი ამოქმედდება და, ამავდროულად, მოვახერხებთ პანდემიის მართვას მსგავს პირობებში, მე ვფიქრობ, ტურიზმის ინდუსტრია მოახერხებს, ერთი წლის განმავლობაში თავი გადაირჩინოს. იმედს ვიტოვებ, მომდევნო წლებში კორონავირუსის პანდემია დასრულდება და ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც უფრო მეტად გამოცოცხლდება, შეძლებს კვლავ ძველ ნიშნულზე დაბრუნებას და შემდეგ უფრო მეტად გაძლიერებას“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.