უცხოეთიდან ემიგრანტების ჩამოყვანის უფლება ქართული ავიაკომპანიას ჩამოართვეს და უცხოურ გადამზიდავებს გადააბარეს. ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო „აირზენას“ თანამშრომლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ემიგრანტების დაბრუნება იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, დაგეგმილია რამდენიმე ჩარტერული რეისი. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ფრენებს ორი ავიაკომპანია - „ვიზიარი“ და „მაივეი“ შეასრულებს. რაც შეეხება ბილეთის ფასს, მაქსიმალური ღირებულება 200 ევრო უნდა იყოს.
სამშობლოში ემიგანტების დაბრუნებაზე აქამდე მხოლოდ „ჯორჯიან ეარლაინზს“ ასრულებდა რეისებს, რომელიც პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სპეკულაციურ ფასებში დაადანაშაულა. მოგვიანებით, თითქოს განიმუხტა კერძო კომპანიასა და მთავრობას შორის დაძაბულობა, მაგრამ ბოლოს ექსკლუზივი ქართულ კომპანიას მაინც ჩამოერთვა, თანაც იმ მიზეზით, რომ „აირზენა“ უნებართვო რეისებს ახორციელებდა.
ახლა კი სუბსიდირებული ჩარტერული რეისების განმახორციელებელ კომპანიებში „ჯორჯიან ეარვეიზი“ ვერ მოხვდა. ეს მოსალოდნელიც იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ:
„რეისები უნდა შეასრულოს რამდენიმე ავიაკომპანიამ... უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, - მიმართა მინისტრთა კაბინეტს პრემიერმა.
„ჯორჯიან ეარლაინზის“ დირექტორი რომან ბოკერია მთავრობის გადაწყვეტილებას მოზომილად გამოეხმაურა.
„ჩვენ ივლისში გვაქვს 11 კომერციული ჩარტერული რეისი, რაზეც მოგვცეს უფლება. მოგეხსენებათ, პარიზის რეისთან დაკავშირებით იყო პრობლემა, არ გვქონდა ნებართვა და ბილეთები ისე გავყიდეთ, მაგრამ ეს მოხდა იქამდე, სანამ აკრძალვა იქნებოდა... მოკლედ, მერე პარიზზეც მოგვცეს ნებართვა. ჯამში, 11 რეისს ვენის, ბერლინის, ამსტერდამისა და პარიზის მიმართულებებით შევასრულებთ.
რასაკვირველია, გვწყდება გული, მაგრამ, პრინციპში, მთავრობისაც მესმის, რადგან უნდათ, კონკურენტული გარემო იყოს და სხვებიც იყვნენ. ჩვენც რომ ვყოფილიყავით, არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ რა ვქნათ“, - აღნიშნა ბოკერიამ.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ „აირზენაში“ მომუშავე თანამშრომლებს, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ ხელისუფლება მათ უსამართლოდ ექცევა. ავიაკომპანიის ბორტგამცილებლების სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც მკაფიოდ მიუთითეს, რომ აპირებენ კანონით ნებადართული ყველა საშუალება გამოიყენონ პროტესტის გამოსახატავად.
„წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, მაგრამ ქართველი ხალხისა, და მათ შორის, ჩვენს მიერ არჩეული მთავრობა „ჯორჯიან ეარვეიზსა“ და ამ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებს უსამართლოდ გვექცევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ინტერესების იგნორირებით ხდება უცხოური ავიაკომპანიებისთვის პრიორიტეტის მინიჭება საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ამას ვაფასებთ არა როგორც ჩვენი და ჩვენი ოჯახების წინაშე ჩადენილ დანაშაულს, არამედ, როგორც ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულს.
ჩვენი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფას და ჩვენს უმუშევრად დატოვებას არ შევეგუებით. ჩვენ გამოვიყენებთ კანონით ნებადართულ ყველა საშუალებას პროტესტის გამოსათქმელად, ჩვენს საბოლოო დამოკიდებულებას კი არჩევნებშიც დავაფიქსირებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.