გასულ თვეში ერთ-ერთი აქტიური თემა იყო ჩინეთიდან საწარმოების გადმოტანაზე საუბარი, რაც საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს წაადგებოდა. ეკონომისტები ამ საკითხზე სერიოზულად მსჯელობდნენ, მაგრამ არც პრემიერს ეჩვენებოდა ეს იდეა ჰიპოთეტურად.
პრემიერი გახარია მიიჩნევდა, რომ ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა რეალისტური იყო და საქართველოს ამ კუთხით რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა. მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობა.
ამ პრიორიტეტების მიუხედავად, პრემიერი არ მალავდა, რომ ჩვენ გვქონდა პრობლემა პერსონალის კვალიფიკაციის ნაწილში.
გიორგი გახარიას თქმით, ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა არ არის ერთი და ორი დღის თემა და, მიუხედავად იმ პირველი ტალღისა და განწყობისა, რომ ახლა ყველაფერს ამოვიღებთ ჩინეთიდან, ეს ყველაფერი ნელ-ნელა იტკეპნება და დაბალანსებული მიდგომები ჩნდება.
ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩინური საწარმოების გადმოტანა ცოტა რთული საკითხია და დანამდვილებით ვერც ვიტყვით იმას, რომ ვინმე შემოვა, ან არ შემოვა. მართალია, ჩვენ შევძელით პანდემიის მართვა, მაგრამ ასე პირდაპირ, როგორც წესი, დიდი საწარმოები იშვიათად რომ მიდიოდნენ სხვა ქვეყნებში და იქ ხსნიდნენ ფილიალებს. კარგი იქნება, თუ მსგავსი რამ საქართველოში მოხდება, მაგრამ ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.
„თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ჩინეთიდან საწარმოები გადმოვიდა, ბუნებრივია, ერთ-ერთი პერსპექტიული ადგილი იქნება საქართველო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დაბალი საგადასახადო პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან მიმართებით, ამავდროულად, არაერთი მსხვილი სახელმწიფო ჩინური საწარმო ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში. ეს ყველაფერი აჩენს შესაძლებლობას, საქართველოშიც შემოვიდნენ ჩინური კომპანიები. ამას სჭირდება აქტიური მუშაობა ჩინურ მხარესთან, იმ პერსპექტივისა და მოცემულობის მიწოდება, რაც დღეს საქართველოში არსებობს. შემდეგ კი, თუკი იქაურმა კომპანიებმა გადაწყვიტეს ბაზრების მოძიება, ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იქნება საქართველო. რაც შეეხება მუშახელს, ჩვენ ისიც არ ვიცით, რომელი საწარმო შემოდის საქართველოში, მაგრამ, შესაძლოა, ჩვენი მუშახელი გადამზადდეს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ჩინეთიდან წარმოების გადმოტანის პერსპექტივაზე კარგა ხანია, მუშაობენ, მაგრამ ეს მარტივი არ არის, რადგან აქ ჩნდება კვალიფიციური კადრების პრობლემა. იმის მიუხედავად, რომ პროფესიული სასწავლებლების კუთხით რეფორმები დაიწყო, უცნობია, რა დონეზეა ეს ყველაფერი. აქ არა მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, არამედ იმაზეც, რომ მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიების საქართველოში გადმოტანას უმაღლესი განათლების მქონე სხვა სპეციალისტები სჭირდება.
„აქ ტექნიკურ სპეციალობებზე ვსაუბრობ. ჩვენ ტექნიკური სპეციალობები უნდა განვავითაროთ, ინჟინრები გამოვუშვათ, ქიმიკოსები გვჭირდება ისევე, როგორც ინფორმატიკისა და სხვა მიმართულებების განვითარება. სხვაგვარად წარმოებებს ვერ განვავითარებთ. თუმცა ამ ეტაპზე, თუკი რომელიმე კომპანიამ გადაწყვიტა, შეიცვალოს ადგილმდებარეობა და ჩინეთიდან წარმოება სხვაგან გადაიტანოს, ჩვენ სხვებზე უარეს სიტუაციაში არ ვიმყოფებით. მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს ისეთი დივიდენდები, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, შიდა ბიზნესგარემო, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ჩვენ ევროპასთანაც ახლოს ვართ, აზიასთანაც, სხვა რეგიონებთანაც-ჩრდილოეთით, სამხრეთით. მოკლედ, გზაგასაყარზე ვართ და ეს ლოჯისტიკის მხრივ მნიშვნელოვანია. შავ ზღვას რაც შეეხება, მისი პოტენციალი ძალიან დიდია. შემთხვევითი არ არის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მუდმივად საუბრობენ ევროპელი ლიდერები, მუდმივად საუბრობს ნატო, რადგან, როცა არსებობს ეკონომიკური ინტერესი რეგიონში, იქ უსაფრთხოების საკითხი წინა პლანზეა. უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. ამიტომ აბსოლუტურად სწორი აქცენტებია დასმული. შავ ზღვაზე მიმოსვლა ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე უფრო უნდა გააქტიურდეს. აუცილებელია პორტების განვითარება - ანაკლია იქნება, ფოთი, თუ სხვა პორტი“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.