ვინ მოითბო ხელი ვარკეთილის ბაზრობის ხანძარზე?

ვინ მოითბო ხელი ვარკეთილის ბაზრობის ხანძარზე?

ვარკეთილის ბაზრობის თითქმის ნახევარი დამწვარია. იქ დასაქმებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, ხოლო ბაზრობის მეწილეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. „ვარკეთილი 96“ ყოველთვის იყო დიდი დაპირისპირებების პოლიგონი. მას უკავშირდება ბევრი ჩახლართული საქმე და კომბინაცია.

ბაზრობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა ახლაც მიმდინარეობს. 10%-იანი წილის მფლობელი, ზანდა მსხვილიძე ითხოვს, რომ თავისი გასხვისებული წილის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილად იქნას ცნობილი, ვინაიდან ირწმუნება, რომ წილი ძალით გააყიდინეს. ამასთან, მსხვილიძე აცხადებს, რომ მისი 10%-იანი წილის მაშინდელი ღირებულება 200 000 ლარი კი არა, 2 მილიონი იყო.

ზანდა მსხვილიძის წარმომადგენელმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ მსხვილიძეს აქვს ეჭვი, ვარკეთილის ბაზრობაში ხანძარი ძალით გააჩინეს, ვინაიდან მის მსხვილ მეწილეებს შორის სერიზოული უკმაყოფილებაა. თანაც გამომდინარე მკვლელობიდან, რომელიც მეწილეებს უკავშირდებოდა, ვარკეთილის ბაზრობის ყველა წვრილი წილის მფლობელს, ვინც ბრძოლაშია ჩაბმული - ეშინია.

„ზანდა მსხვილიძე ეჭვობს, რომ ბაზრობა სპეციალურად არის დამწვარი, ვინაიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ბაზრობის მეწილეებს შორის განხეთქილებაა. ბაზრობის საქმეში არიან გარდაცვლილები, მოკლული. ყველა წვრილი წილის მფლობელს, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, შიში აქვს. ერთი გარდაცვლილი არის ნუგზარ კახიძე, რომელიც ვერ იღებდა წილს, ჰქონდა დავა და ბოლოს ქილერმა მოკლა.

ზანდა მსხვილიძეს აქვს ინფორმაცია, რომ დომინანტ მეწილეებს შორის დაპირისპირებაა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დივერსია იყო. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ინვესტორი არსებობს, ვისაც სურდა იქ როგორც კომერციული, ისე საოფისე ფართების, ბაზრობის აშენება“, - განაცხადა წარმომადგენელმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში.

ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ნუგზარ კახიძე 2018 წლის 21 მარტს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენი შპს „ვარკეთილი 96“-ის 15%-იანი წილის მფლობელი იყო.

ამასობაში დადგინდა, რომ 15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები დაიწვა. ბაზრობის მთლიანი სივრცე 9399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს „ვარკეთილი-96“-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს. ზარალს სადაზღვევო კომპანია „ირაო“ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებში აანაზღაურებს.

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 550 დაზარალებული გვყავსდა დოკუმენტაციის მოწოდების შემდეგ დავიწყებთ ზარალის ანაზღაურებას. შესაძლოა, ეს რიცხვი შეიცვალოს, თუმცა ახლანდელი მოცემულობა ასეთია. როგორც ვიცი, დოკუმენტების გამოთხოვა უკვე დაწყებულია. ვიდრე ყველა დოკუმენტს არ მივიღებთ, ზარალის ზუსტი ოდენობა არ გვეცოდინება, თუმცა, ალბათ, რამდენიმე მილიონზე იქნება საუბარი.

ჩვენი მხრიდან მოხდება მარაგების და მოვაჭრეების საქონლის ზარალის ანაზღაურება. მოვაჭრეებს ვაძლევთ 60 დღეს იმისთვის, რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს ხანძრის გაჩენისას ობიექტებზე არსებული პროდუქციის ზარალს და ფასს. მას შემდეგ, რაც დოკუმენტაცია სრულად მოგვეწოდება, 30 დღის განმავლობაში მოხდება ზარალის ანაზღაურება. მთავარია დოკუმენტაცია დროულად მოგვაწოდონ და ჩვენ მზად ვართ, მყისიერად, კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ“, - განუცხადა „ბეიმ.ჯი“-ს „ირაოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო მინდორაშვილმა.

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიას ზარალის გათვალისწინებით თითოეული მოვაჭრის კომპენსირებისთვის, მაქსიმუმ 15 000 ლარის გაცემის ვალდებულება აქვს.