ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენას, როგორც მოსალოდნელი იყო, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს შემუშავებული პროექტი ძალიან მოსწონთ, ხოლო ოპოზიცია სულ სხვაგვარად უყურებს მთავარ ფინანსურ დოკუმენტს. გარდა ამისა, შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორსაც.
ამჟამად ანტიკრიზისული ბიუჯეტი საპარლამენტო კომიტეტებში იხილება. ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წარმოდგენილი პროექტი დაბალანსებულია. სებ-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის დროებითი ზრდა გამართლებულია.
„ეროვნული ბანკის შეფასებით, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაბალანსებულია. ერთი მხრივ, ის პასუხობს შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის მხარდაჭერის ამოცანას, მეორე მხრივ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის აღნიშნული ზრდა დროებითი ხასიათისაა, ეს პარამეტრი მომავალ წლებში ეტაპობრივად მცირდება და 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი) უბრუნდება. შედეგად, 2020 წლის ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, შემდგომ წლებში ფისკალური კონსოლიდაციის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის“, - აღნიშნულია დასკვნაში.
სებ-ის შეფასებით, იმ დაშვებით, რომ მომდევნო წლებში მშპ-ს ზრდა საშუალოდ 5%-ის ფარგლებში იქნება და საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ მცირდება, ვალის აღნიშნული ზრდა საშუალოვადიან პერიოდში ვალის მდგრადობის რისკებს არ წარმოშობს.
სამაგიეროდ, ანტიკრიზისული ბიუჯეტით ძალიან უკმაყოფილოა ოპოზიცია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი ტყუილების ერთობაა.
„ბიუჯეტი შემოიტანეთ და ეს ბიუჯეტი უკვე დღესვე არის მკვდარი. ფაქტობრივად ეს ბიუჯეტი იმ დაპირებებს არ შეესაბამება, რაც ანტიკრიზისული გეგმის სახით პრემიერ-მინისტრმა წარმოგვიდგინა. აღმოჩნდა, რომ ანტიკრიზისული გეგმა არის ტყუილების ერთობა.
პირველი დიდი სიცრუე - ამბობდით, რომ 350 000 ადამიანს გაუწევდით პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, დღეს მხოლოდ 90 000-ია აღრიცხული. თვითდასაქმებულების ნაწილში განცხადება 136 000-მა ადამიანმა გააკეთა და კომისიით 66 000-ია სულ დადასტურებული. ანუ ჯამში 600 მილიონ ლარს თუ ფიქრობდით პირდაპირი დახმარების სახით, დღეს თქვენი ფულადი დახმარება 100 მილიონ დოლარზეც კი ვერ გადის.
წარმოუდგენელი რამეა ისესხო 1.5 მილიარდი დოლარი, 560 მილიონი ლარი გრანტების სახით მიიღო და 100 მილიონი დოლარის ფულადი თანხა გასცე დახმარების სახით მაშინ, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი იყო და ხალხი შიმშილით კვდებოდა.
მეორე ტყუილი - სადაა დიზელის საწვავის სუბსიდირება? რატომაა 133 მილიონის კოვიდ ფონდი ხელუხლებელი? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფული დევს იქ 100 მილიონი, რატომ არ გახარჯინებთ, იქნებ უკან გატანა უნდა?“ - მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძის აზრით კი, ეს ანტიკრიზისული არაკრიზისთან შეგუების ბიუჯეტია.
„თქვენანტიკრიზისულ ბიუჯეტს არქმევთ, მაგრამ ეს ბიუჯეტი არის კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი და არა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ხედვის ასახვა. ამიტომ კითხვა მაქვს, რატომ არ არის ფინანსთა მინისტრი? ვფიქრობ, აქ მათ შორის პოლიტიკური შემცველობის კითხვები უნდა ჟღერდეს“, - მიმართა კაკაურიძეს ლევან კობერიძემ.
ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს არასამთავრობო სექტორს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 16 ივნისს, გამოაქვეყნებულ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იპოთეკური სესხების დაფინანსების ანტიკრიზისული პროგრამა კითხვებს აჩენს - როდესაც უმუშევრად დარჩენილების ნაწილმა საერთოდ ვერ მიიღო თანხა, ან სოციალურად დაუცველებს სათანადოდ ვერ ვეხმარებით, საშუალო და მაღალშემოსავლიან მოსახლეობისთვის სახლების ყიდვის სუბსიდია ნაკლებ სამართლიანია.