ივლისიდან ტურიზმის გახსნის გეგმა უკვე დიდი კითხვის ქვეშ დადგა. იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ეპიდსიტუაცია მოულოდნალდ მკვეთრად გაუარესდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მყისვე შეცვალა გადაწყვეტილება.
პირველი ივლისს საქართველოში უცხოელი ტურისტები უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ შესრულდება და ამის მიზეზი ისრაელში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება.
„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კორიდორი, პირველი, რომელთანაც დავალაგეთ, იყო ისრაელი. მე პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყო, შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ პირველი რეისები განგვეხორციელებინა. ჩვენ დავთქვით თარიღი - 15 ივლისი - საერთაშორისო ტურიზმის გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი.
ზუსტად ერთი კვირის წინ იქ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, საქართველოს მოქალაქეთა ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ აქ ფრთხილი, გონივრული, დაბალანსებული ნაბიჯებია საჭირო, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად. ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს“, - განაცხადა გახარიამ.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღემდე რთულია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც და ნაკლები იყო მოლოდინი, რომ ამ ქვეყნებიდან სტუმრებს მივიღებდით. იმას, რომ ტურიზმი ივლისიდან ვეღარ გაიხსნება, ადასტურებს ფინანსთა მინისტრი.
„ზოგიერთ ქვეყანასთან მიმოსვლის აღდგენას ვაპირებდით და ახლა შეიძლება, ასე აღარ მოხდეს. რამდენიმე ქვეყანასთან იყო მოლაპარაკება, არ მინდა ამ ეტაპზე დავასახელო და იქ ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ვიმედოვნებთ, რომ ის მართვადი გახდება და ჩვენს პირველად გეგმებს დავუბრუნდებით. არ მინდა, დღესვე ვთქვა, რომ ამ ქვეყნებში ეპიდაფეთქებაა და აღარ ვითანამშრომლებთ. დამერწმუნეთ, საბოლოო ჯამში, გამოჩნდება ე.წ. მწვანე დერეფნის ქვეყნები, სადაც ჩვენ ურთიერთაღიარებისა და ურთიერთნდობის პრინციპზე, შედარებით იოლად და მარტივად ვუმასპინძლებთ სტუმრებს. აქვე გეტყვით, რომ უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებზე აქ არ იყო საუბარი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ახლა საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველო მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მართავს. გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
„ჩვენ ასჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა. საქართველო არის მზად, რომ მიიღოს ტურისტები, ოღონდ, რა თქმა უნდა, მწვანე რეგიონებიდან. ჩვენ ვართ „კოვიდისგან“ სუფთა ქვეყანა, რადგან ვისწავლეთ და ვმართავთ ინფექციის განვითარებას, ვისწავლეთ მისი მკურნალობა, მისი გავრცელების რისკების შეფასება და აქ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევები და რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უკიდურესად გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - განაცხადა გახარიამ.
3 კვირაში უცხოელი ტურისტების მიღება არარეალურად მიაჩნია ტურიზმის სფეროს ექსპერტ ნიკა კვარაცხელიას. მისი აზრით, წელს მხოლოდ ერთთვიანი საზღვაო სეზონი გვექნება და სტუმრები მხოლოდ აგვისტოში თუ ჩამოვლენ. ასე რომ, წელს დამაიმედებელი და სახარბიელო ნამდვილად არაფერი ელის ტურიზმს საქართველოში.