მოქალაქეთა ნაწილს სასესხო შეღავათი კიდევ 3 თვით გაუგრძელდება. ახალი ათვლა 10 ივნისიდან დაიწყება და შეღავათის მიმღებთა წრე შემცირდება. ბანკების ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, თუ ვის და როდიდან შეეძლება ამ შეღავათით სარგებლობა.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მინიმალური დანაკარგებით გადალახა პანდემიის გავრცელების პიკური პერიოდი, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ან უკვე განაახლეს მუშაობა ან ემზადებიან საქმიანობის გაგრძელებისათვის, მოიხსნა გადაადგილებასთან დაკავშირებული ძირითადი შეზღუდვებიც, საქართველოს საბანკო სექტორი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის თანამშრომლობას:
ა) ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან. ზემოაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან.
ბ) ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.
გ) ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან-დარეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასებისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საბანკო სესხების 3-თვიანი გადავადებით ავტომატურად ისარგებლებენ ის პირები, ვინც 10 ივნისამდე სახელმწიფო დახმარების მიმღებთა ბაზაში იქნებიან. აღნიშნულ გადავადებას, სურვილის შემთხვევაში, მიიღებენ პირები, რომელთაც სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი შეუმცირდათ, ამ უკანასკნელთა იდენტიფიცირება კი ბანკების მხრიდან, პირის მიერ გარკვეული ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მოხდება.
გარდა ამისა, მთავრობამ შესაძლოა, მოქალაქეებს იპოთეკური სესხების პროცენტის ნაწილი დაუსუბსიდიროს. მთავრობის მხრიდან დეველოპერებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების მოდელის შესახებ სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა ისაუბრა.
„შექმნილი მდგომარეობის გამო, მთელი რიგი საკითხები დაიძრა, რომ მოხდეს გამოსავალის მოძებნა. მათ შორის, სახელმწიფოს აქვს გეგმა-შემოთავაზება, რომ სუბსიდირება გააკეთოს იპოთეკური დაკრედიტების მსესხებლებთან. მინდა გითხრათ, რომ მოცემული შემოთავაზება გარკვეულ პერიოდში ბიზნესის ამ სექტორს, რომელიც შექმნილი ეპიდემიოლოგირი მიზეზების გამო დაზარალდა, ძალიან წაადგება. ეს გარკვეულ შეღავათს მოგვცემს, თუმცა ეს გრძელვადიანი არ უნდა იყოს და არც იქნება.
კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბიუჯეტის ხარჯებით სუბსიდირება ამ მიმართულებით განახორციელოს მხოლოდ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, რომ ეფექტი მივიღოთ.
ბოლომდე ეს საკითხი ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა ეს მოდელი, რომ განიხილება და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც მთავრობასთან, ასევე კერძო სექტორთან და ამასთან დაკავშირებით იყო კომუნიკაცია, ეს შემიძლია დავადასტურო“, - განაცხადა „საქმის კურსში“ კუნელაურმა.
ოპოზიცია მაინც პრეტენზიებს გამოთქვას. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საბნკო კრედიტებზე შეღავათების დაწესებას მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანებისთვის გულისხმობს, სრულიად გაუგებარი და არასამართლიანია.
„დღეს გამოჩნდა პრემიერი გახარია და სრულიად გაუგებრად ისაუბრა. მან თქვა, რომ საბანკო კრედიტების გადავადება 3 თვით გახანგრძლივდება მხოლოდ 2 კატეგორიისთვის - ვისაც თითქოს უკვე ეხმარებიან და ვინც სამსახური დაკარგა. არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში დახმარება არ მიუღია, ხოლო როცა ამბობს, ვინც სამსახური დაკარგაო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ 600 000 თვითდასაქმებულ მოქალაქეს, მთავრობამ კვლავაც ზურგი აქცია. რას ეუბნებით ადამიანებს, რომელთაც არასდროს უმუშავიათ, მაგრამ ახლობლების, ოჯახის წევრების მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხებით ცხოვრობდნენ?! ახლა კი, შექმნილი მდგომარეობის გამო, ეს გზავნილებიც ვერ ხორციელდება.
ჩვენი მოთხოვნაა კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი სექტემბრამდე დაუწესდეს ყველა (მსურველს) ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, რომლებაც ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აიღეს“, - განაცხადა მელიამ.