ტოტალური კრიზისის გამო სიღარიბის ზრდა გარდაუვალია

ტოტალური კრიზისის გამო სიღარიბის ზრდა გარდაუვალია

მსოფლიოშიც და საქართველოშიც სიღარიბე გაიზრდება. კორონავირუსის პანდემია თავის მძიმე შედეგებს კიდევ კარგა ხანი მოიტანს. ეკონომიკის გახსნა და ბიზნესის ამოქმედება არ ნიშნავს, რომ პრობლემები უკანაა მოტოვებული. წინ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პერიოდია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემია მომავალი ორი წლის განმავლობაში გლობალურ ეკონომიკურ წარმოებას 8,5 ტრილიონი დოლარით დააზარალებს და სავარაუდოდ, 34 მილიონ ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს.

„ჩვენ ახლა სერიოზული რეცესიის მწვავე რეალობის წინაშე ვდგავართ - ასეთი მასშტაბები დიდი დეპრესიის შემდეგ არ გვინახავს“, - განაცხადა გაეროს წამყვანმა ეკონომისტმა, ელიოტ ჰარისმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით დაეცემა, რაც 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მკვეთრი კლებაა. გლობალური ვაჭრობა 15%-ით შემცირდება.

გაეროს წამყვანი ეკონომისტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ორმაგი კრიზისია როგორც ჯანდაცვაში, ასევე ეკონომიკაში. მისი თქმით, მთავრობებს მოუწევთ იზრუნონ კორონავირუსის გავრცელების შემცირებაზე და ამასთანამდე მინიმუმადე დაიყვანონ მისი გავლენა ეკონომიკაზე.

ეკონომიკური პრობლემები საქართველოსთვის უცხო არაა, მით უფრო სიღარიბის დონე, რომელიც ბოლო წლებში თითქოს უმჯობესდებოდა (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად), მაგრამ წელს აუცილებლად გაუარესდება. კორონავირუსის პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური თუ ფინანსური კრიზისის გამოისობით, საქართველოში უამრავი ადამიანი დაკარგავს შემოსავალს და ძალიან მალე ღარიბთა არმია საგრძნობლად გაიზრდება.

ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ მოსახლეობის საშუალოდან ღარიბ ფენაში გადანაცვლების პროცესი შეუქცევადი იქნება. ეს განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს შეეხება, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი.

„საშუალო ფენიდან ღარიბებში მოსახლეობის გადასვლა რომ ინტენსიურად მიმდინარეობს, ამას ყველანი თვალნათლივ ვხედავთ. ეპიდემიის შედეგი, პირველ რიგში, მოსახლეობის სოციალურ დონეზე აისახება.  ბიზნესი ვერ ინახავს სამუშაო ძალას და ეს მდგომაროებას ართულებს. პოტენციურად ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს ქვეყნის ის 11%-იც, რომელიც ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. სწორედ ამ სექტორს მიადგა ყველაზე დიდი დარტყმა. ეს ფაქტორები იძლევა იმის საშუალებას, დავინახოთ როგორ იზრდება სიღატაკე ქვეყანაში.

ის, რომ ანტიკრიზისული სქემა წარმოდგენილია ტურიზმისათვის და საზღვრები გაიხსნება, არ ნიშნავს, რომ წელს ტურისტები გვეყოლება, რადგან პანდემია მსოფლიოს პრობლემაა და ჯანდაცვის კუთხით რომც მოგვარდეს, მაინც პრობლემად დარჩება ეკონომიკა, რომლის კრიზისიც ჯერ კიდევ წინაა. ახლა მხოლოდ რეცესიაა“, - განუცხადა აროშიძემ.

მართალია, მთავრობა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ფენას დახმარებას ჰპირდება, მაგრამ არის ასევე მნიშვნელოვანი კატეგორია, რომლამდეც ვერც ერთი სოციალური პაკეტი ვერ აღწევს. ისინი ხელისუფლების მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში, საერთოდ არ არიან გათვალისწინებულნი.