თურქეთს ფაროსანა შეესია, ქართულ თხილზე ფასიც და მოთხოვნაც იზრდება

თურქეთს ფაროსანა შეესია, ქართულ თხილზე ფასიც და მოთხოვნაც იზრდება

წელს თხილის ფასი საგრძნობლად გაიზრდება და მთელი წელი მაღალ ნიშნულზე დარჩება. მიზეზი თურქეთში არსებული ვითარებაა, სადაც შეზღუდული მიწოდების გამო, პროდუქცია გაძვირდა და ახლა ერთ კილოგრამი თხილის ფასი 7.60 დოლარს შეადგენს.

უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ მეზობელ ქვეყანაში 2020-21 წლის სეზონზე დაბალი მოსავლიანობაა მოსალოდნელი, რის გამოც ფერმერებმა და თხილით მოვაჭრეებმა მარაგების შექმნა დაიწყეს. მის მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც თურქეთში წელს ძალიან მაღალი პოპულაციით გამოირჩევა და პლანტაციებს აზიანებს. ვარაუდობენ, რომ იქ მოსავლიანობა 30-40%-ით დაეცემა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა მოთხოვნა-მიწოდებაზეც. ასეთ პირობებში საქართველოს კარგი შესაძლებლობა ეძლევა. ჩვენთა ფაროსანა პრაქტიკულად დამარცხებულია, წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს და ფასებიც თანდათან მაღლა მიიწევს.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა ადასტურებს, რომ იანვარ-მარტში საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილი იყო.

„ამ ეტაპზე თხილის ექსპორტი შეუზღუდავად მიმდინარეობს, თხილის სეზონი მილევად რეჟიმშია და შესყიდვა არის რთული, ფიზიკურად აღარ არის თხილი, მოსახლეობას პრაქტიკულად აღარ აქვს მარაგი. სტანდარტულად ჩვენი თხილი გადის ევროპის ქვეყნებში, ძითრითადად გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში. უნდა ითქვას, რომ ექსპორტში შემცირება არ გვქონია, მაგალითად გასული წლის მარტთან შედარებით თურქეთში თხილის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა“, - განაცხადა თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია ქართული თხილის ღირებულებაზეც.

„გლობალურ ბაზარზე თხილის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1 დოლარით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამან გავლენა იქონია ქართულ ბაზარზე და თუ შარშან უმაღლესი ხარისხის თხილის საექსპორტო ფასი 8 ლარი იყო, წელს 9 ლარამდე აიწია გაუტეხავი თხილის ფასმა“, - განუცხადა „ბიემს“ ქარდავამ.

2020 წლის მოსავალი რაოდენობრივად და ხარისხობრივად კარგი უნდა იყოს, თუ ბუნებრივი პირობები ხელს შეუწყობს. მოთხოვნა მთელი წელი მაღალი დარჩება, თანაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩინეთის მიმართულებით თხილის ექსპორტის გააქტიურება იგეგმება.

„ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები თანდათანობით იხსნება და როდესაც ახალი სეზონი მოვა სექტემბერში, ეს შეზღუდვები წესით, საერთოდ აღარ უნდა იყოს. ამიტომ მოთხოვნა არ უნდა დაეცეს.

რაც შეეხება ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ხარისხობრივად 2019 წლის მოსავალი ბევრად უკეთესი იყო წინა წლის მოსავალთან შედარებით, რაოდენობრივადაც მატება გვქონდა. 40 000 ტონა გაუტეხავი თხილი მოვიდა შარშან და ვფიქრობ, რომ 2020 წელს კიდევ უკეთეს შედეგს უნდა ველოდოთ, თუ, რა თქმა უნდა, არ იმოქმედა ამინდმა. წინ გვაქვს მაისი-ივნისი, გვალვის პერიოდი თუ არ დაემთხვა, ხარისხიანი მოსავალი უნდა მოვიდეს“, - განაცხადა ქარდავამ.

მეთხილეთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი თოდუა ამბობს, რომ თურქეთის პრობლემების შესახებ ინფორმირებულია და საქართველოს წელს მსგავსი გამოწვევა არ უდგას, ამიტომ ჩვენთან თხილის ფასი ბუნებრივად გაიზრდება.

„წელს ველოდებით უფრო დიდ მოსავალს, ვიდრე მივიღეთ შარშან, ფასიც უფრო მაღალი იქნება. ბუნებრივია, ქართულ წარმოებას არ აქვს რესურსი, ჩაანაცვლოს თურქეთის ბაზარი, მაგრამ როცა დიდია მოთხოვნა და პროდუქცია ნაკლებია, ეს ბუნებრივად გაზრდის თხილის ფასს. თუ ადრე იყო 60 ათასი ტონა გაუტეხავი თხილი, ახლა უნდა ავიდეთ 100 ათასამდე. ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ ნომერი მეორე თხილის მწარმოებელი ქვეყანა. ბოლო რამდენიმე წელია, ამისათვის ყველაფერი კეთდება“, - განაცხადა თოდუამ.

Katana . "თურქეთს ფაროსანა შეესია, ქართულ თხილზე ფასიც და მოთხოვნაც იზრდება", -
აჰა, რა ქნას მეტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ?! :)
3 წლის უკან
ხიროხიტო თურქეთში 7,6 დოლარი (შესაბამისად 25 ლარი) დიდი ვარაფერი ფასია, ახლა ანუ მაისში თხილის ფასი ყოველთვის მაღალი იყო, თუ ამას გამოვაკლებთ ტრანსპორტირებას ვანო ჩხარტიშვილის მადას და ა.შ. ჩასაბარებელი ფასი 7-8 ლარი იქნება აგვისტოში. ისიც თუ თხილმა ივარგა ფაროსანას გამო. აბ ვნახოთ !!!
3 წლის უკან