ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს სილამაზის სალონებმა და პერსონალი შემოსავლის გარეშე დარჩა. ამჟამად ისინი 100%-იან ზარალზე არიან, რადგან შემოსავალი ყოველდღიურ მუშობაზე იყო დამოკიდებული. მართალია, უამრავმა ადამიანმა დავით აქუბარდიას მიბაძა და კერძო პარიკმახერების ბინაზე გამოძახების მეშვეობით გადის იოლას, მაგრამ მომსახურების ეს სფერო უდიდეს ჩავარდნას განიცდის.
სილამაზის სალონ „მერლინის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მისმა სალონებმა მუშაობა 15 მარტს შეაჩერა. ობიექტის მფლობელი სალონის ზარალთან ერთად თანამშრომლების ანაზღაურებაზეც საუბრობს, რომელიც გამომუშავებით ჰქონდათ და პრობლემის მოგვარების გზებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.
„ერთ თვეზე მეტია სალონი დახურულია და ერთი თვე კიდევ არ გაიხსნება. 100% ზარალზე ვართ, ამას ჩემს გარეშეც მიხვდებით, ალბათ. გამოსავალსაც ვერ ვხედავ ვერაფერში, ვიდრე არ გავიხსნებით და რეალურ სურათს არ დავინახავთ. არც ის ვიცი, თანამშრომლები სრულად დაბრუნდებიან თუ არა. დასაქმებულთაგან რამდენიმე თბილისში ქირით ცხოვრობდა ამ პერიოდში კი საცხოვრებელი ფართები დაცალეს. ალბათ, ახალი თანამშრომლების ძიებაც მომიწევს. მოსახლეობის დიდი ნაწილი უშემოსავლოდ დარჩა, სალონში სტუმრობისთვის კი ხალხს ფული სჭირდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ სილამაზის სალონის ხელმძღვანელმა.
100%-იან ზარალზე საუბრობენ სალონ „ბიუთი ჰაუსშიც“, რომელიც სხვა სალონების მსგავსად, თვეზე მეტია აღარ მუშაობს. სილამაზის ცენტრის წამომადგენლის თქმით, ფინანსური პრობლემა შეექმნათ თანამშრომლებს, რომლებიც გამომუშავებაზე იყვნენ დამოკიდებულნი.
სალონები, სავარაუდოდ, მეოთხე ეტაპზე, ანუ 8 ივნისიდან გაიხსნება, თუმცა იმისთვის, რომ მომხმარებლების მიღება შეძლონ, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ.
როგორც საქართველოს სალონების ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, სილამაზის სალონები საშუალო რისკის მატარებელ ობიეტებს მიეკუთვნება და მოუწევთ იმ წესების შესრულება, რომელიც გაწერილია მთავრობის დადგენილებაში:
- სალონის მეპატრონეებმა უნდა შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები;
- ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები;
- კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს - დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში;
- ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი;
- მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი;
- ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი;
- ვისაც გრძელი თმა აქვს (ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ;
- აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება;
- დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ;
- სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსონ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითონ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თანამშრომლები გადაადგილდებიან;
- ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადეზინფექციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.
აღარც ვიბანაოთ და აღარც წყალი დავლიოთ?
მაშვინ თბილწყალკანალიც გადაკეტეთ!